"მოსაზრებების ფესტივალი" ესტონეთში. ათასი აზრი ერთ სივრცეში
უკვე მეშვიდე წელია, აგვისტოს დასაწყისში ესტონეთის პატარა ქალაქ პაიდეში, რომელიც ტალინიდან საათნახევრის სავალზეა, იმართება ღონისძიება უცნაური სახელწოდებით – „მოსაზრებების ფესტივალი“.
ორი დღის განმავლობაში ამ პატარა ქალაქის ძველი ციხის ნანგრევებთან გადაშლილ დიდ მწვანე მდელოზე იშლება კარვები, სახელდახელო სცენები და სივრცეები, სადაც ათასობით ადამიანი იმისთვის მოდის, რომ ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე ესაუბროს.
ღია ცის ქვეშ 24 სადისკუსიო სივრცეა მოწყობილი. ორი დღის განმავლობაში აქ სხვადასხვა დროს 160 დისკუსია იმართება.
საუბრობენ ყველაფერზე, რაც ესტონურ საზოგადოებას აწუხებს – დაწყებული ენერგეტიკით, კლიმატის ცვლილებებით, ქალაქების ურბანული განვითარებით, დამთავრებული სტარტაპ-მეწარმეობით, ტექნოლოგიების განვითარებით, სასკოლო პროგრამის პრობლემებით, ესტონური ენის წინაშე მდგარი გამოწვევებით.
“რატომ ვერ უწევენ კონკურირებას რუსულ ტელეარხებს ესტონური ტელევიზიები?”
“აღმოსავლეთ პარტნიორობა. რა სარგებელს მიიღებს ამ პროექტისგან ესტონეთი?”
“შეიძლება თუ არა უჯიკო რობოტ-კურიერს?”
“რა სარგებლობა მოაქვს ეკლესიას?”
“ხანდაზმული თანამშრომლები: როგორ უნდა მიუდგეს მათ დამსაქმებელი?”
“როგორ ამოვიცნოთ გენიოსი და როგორ შევუწყოთ ხელი მის განვითარებას?”
“როგორ ავაშენოთ სახლის პირობებში მზის სადგური?” – რამდენიმე სადისკუსიო თემის სათაურის თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს, რა აწუხებს ესტონურ საზოგადოებას.
„წარმოიდგინეთ, დაწერეთ ფეისბუკზე სტატუსი, რომელმაც დიდი დისკუსია გამოიწვია. იგივეა, ოღონდ ეს ყველაფერი ლაივში,“- ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი არტიომი.
სწორედ თემების მრავალფეროვნება განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ამ ფესტივალზე ვის აღარ ნახავთ – თინეიჯერ ჰიპსტერებს, წყვილს პატარა ბავშვებით, ხანდაზმული მეგობრების ჯგუფს, ცნობილ ადგილობრივ პოლიტიკოსებს, მწერლებს და თვით ესტონეთის პრეზიდენტსაც კი.
წელს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი კლიმატის და ეკოლოგიის თემაზე გამართულ დისკუსიას დაეწრო.
ზოგადად, გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ ეს ფესტივალი განსაკუთრებით ყურადღებიანია, რაც საფესტივალო სივრცესაც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი ირევა, ძირს დაგდებულ ერთ ზედმეტ საგანს ვერ ნახავთ. ნაგვის ურნები ყველა ფეხის ნაბიჯზეა და სტუმრებს დიდი ბანერებით აფრთხილებენ, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ.
ეს ფესტივალი 2013 წელს ენთუზიასტებმა დააარსეს. საფუძვლად შვედური მსგავსი ფორმატის ფესტივალი Almedalsveckan აიღეს, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს.
პაიდეც სპეციალურად შეირჩა. ამ პატარა ქალაქში ცენტრალური გზა არ გადის, სპეციალურად თუ არ ჩახვედი, გავლით ვერ მოხვდები. აქ არა თუ ტურისტები, ესტონელებიც იშვიათად თუ შემოივლიდნენ.
ახლა ამ ქალაქს ახალი სიცოცხლე აქვს. აქაურები მთელ წელიწადს ემზადებიან აგვისტოსთვის, რომ ათასობით სტუმარი მიიღონ და ზაფხულის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლონ.
ყველაფერი წვრილმანებამდეა გათვლილი – დაწყებული ტუალეტებიდან და სასმელი წყლიდან, დამთავრებული პარკში კომფორტული ადგილებით, საწვიმარებით და საბავშვო ზონით.
ბავშვებისთვის აქ ნამდვილი სამოთხეა. სანამ მათი მშობლები მორიგ დისკუსიაზე არკვევენ, რა მომავალი ელის ესტონეთს (სწორედ ეს იყო წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა) მათი შვილები ქვიშის სახლებს აშენებენ ან ხატავენ.
ზოგი აქ უბრალოდ ლუდის დასალევად და საპიკნიკოდ მოდის. ლუდი ესტონეთში კარგი აქვთ.
ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ქალები იქვე დაგიცხობენ გემრიელ ბლინებს მურაბით, არაჟნით ან ლორით.
წლევანდელი ფესტივალის თემა იყო – მომავალი. კონკრეტულად კი, ესტონეთის მომავალი მთელი თავისი პრობლემებით, მიღწევებითა და გამოწვევებით.
სადისკუსიო თემებიც ამ ერთი მთავარი თემის გარშემო შეირჩა. წესი ასეთია – მსურველებს შეაქვს განაცხადი მონაწილეობაზე, ორგანიზატორებს სთავაზობენ თემას და შემდეგ მიდის კენჭისყრა საიტზე. ირჩევენ იმ თემებს, რომლებიც მეტ ხმას დააგროვებს.
დისკუსიების დიდი ნაწილი ესტონურ ენაზეა, თუმცა ზოგი მათგანი ინგლისურად და რუსულადაც. მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთის მოსახლეობის 30 პროცენტი რუსულენოვანი მოსახლეობაა, ფესტივალზე ყოველწლიურად სულ უფრო ცოტაა რუსულენოვანი დისკუსია. წელს სულ ერთი იყო და ისიც უკრაინაში ინფორმაციულ ჰიგიენას მიეძღვნა.
უკრაინელი ჟურნალისტები და ექსპერტები მსჯელობდნენ, თუ როგორ მოხდა ისე, რომ უკრაინის პრეზიდენტი კომიკოსი ვოლოდიმირ ზელენსი გახდა.
მათ ბევრი ისაუბრეს იმ ეფექტურ და მომგებიან პოლიტტექნოლოგიებზე, რომლებიც ზელენსკის გუნდმა არჩევნებზე გამოიყენა. აღნიშნული დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
როგორც ფესტივალის ხელმძღვანელობა ამბობს, ფესტივალის წარმატება იმან განაპირობა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ღია კომუნიკაციის, იდეების გაცვლის, კამათის მოთხოვნილება აქვთ.
“ეს ფესტივალი სხვადასხვა თემის და მოსაზრების ადამიანებს ერთ სივრცეში უყრის თავს და ერთმანეთთან კონსტრუქციული დიალოგის საშუალებას აძლევს,” – ამბობს ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი მაიულ ლურინგი.