მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?
აფხაზეთი კარგ განწყობაზეა. სირიამ მისი სახელმწიფოებრიობა აღიარა. ჩვენი დიპლომატებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ცხადია, რომ დამასკოს მხრიდან ეს ნაბიჯი – რუსეთისადმი მადლიერების ნიშანია
და მაინც, კიდევ ერთმა ქვეყანამ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან.
სიხარული, რასაკვირველია, ისეთი არ არის, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში იყო, როდესაც ზუსტად იგივე ქმედება, რაც ახლა დამასკომ განახორციელა, მოსკოვისგან მოხდა. მაშინ უეცრად მომსკდარი ემოციებისგან საერთო აფხაზური ბედნიერების შეგრძნება იყო: აფხაზეთი რამდენიმე დღის განმავლობაში შამპანურში იხრჩობოდა, ჰაერში კი მოსახლეობაში არსებული მთელი საბრძოლო მარაგი შუშხუნებად გაუშვეს.
თუმცა, საერთო სიხარული რაღაც ძალიან სწრაფად შეცვლა მკაცრმა ყოველდღიურობამ. რომანტიკული მოლოდინები, რომ რუსეთის კვალდაკვალ მთელი დანარჩენი მსოფლიო გვაღიარებდა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის მშრალ და დაუნდობელ გათვლებში გაიფანტა.
არავის აღელვებს შენი სახელმწიფოდ შემდგარობის ხარისხი. მთავარი ისაა, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის შენთვის ერთი სიტყვის თქმას ვინ გაიმეტებს.
აი კოსოვო, რომელსაც აღიარების მომენტში საკუთარი გერბი და დროშაც კი არ ჰქონდა, ეკონომიკის მაგივრად კი მხოლოდ კრიმინალურ ბიზნესს ავითარებდა – მთელ ევროპაში ნარკოტრაფიკის ლობირებიდან დაწყებული, მოპარული ავტომობილებით ვაჭრობამდე – მისი მფარველობა აშშ-მ ითავა. საბოლოოდ რამდენიმე თვეში თითქმის ასმა ქვეყანამ ეს ქვეყანა თავის თანასწორად ცნო.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ასე მასშტაბურად არ გამოვიდა. რუსეთის ახლანდელი შესაძლებლობების შედარება შეუძლებელია იმასთან, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, მით უმეტეს კი – ვაშინგტონის ახლანდელ შესაძლებლობებთან. ათი წლის განმავლობაში სირია მხოლოდ მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. არადა, წინათ ნახევარი მსოფლიო მოსკოვს ექვემდებარებოდა.
ახლა რუსეთის დაკარგულ დიდებას პრეზიდენტი პუტინი ნამცეცობით აღადგენს – ხანგრძლივად და ძვირად. სრული ქაოსისგან გადარჩენილმა ბაშარ ასადის სირიამ, როგორც შეძლო, მადლობა ისე გადაიხადა. საქართველო, რა თქმა უნდა, განრისხებულია, და დემონსტრაციულად წყვეტს დამასკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. მაგრამ ვინ უსმენს მას? ის სხვა გუნდის მოთამაშეა.
არავინ იცის, რამდენ ხანს უნდა ელოდოს სოხუმი ახალ აღიარებას. შესაძლოა, წელიწადი (ირანი, ტრამპის მოწადინებით, წნეხის ქვეშაა), შესაძლოა, ათი წელიც. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენზე, აფხაზებზე, ცოტა რამ არის დამოკიდებული. და მაინც, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ქვეყანა გვექნება.
აი, აღიარებამდე ერთი დღით ადრე, ანუ ორშაბათს, სასწრაფოდ განაცხადეს, რომ 29 მაისს მთავრობის გაფართოებული სხდომა შედგებოდა, რომელშიც ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი მიიღებდა მონაწილეობას – დეპუტატებიდან მოსამართლეებამდე, რაიონული წარმონაქმნების ხელმძღვანელები, ასევე ქვეყნის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერები. გადაწყდა, რომ დღის წესრიგი საიდუმლოდ შეენახათ.
გულუბრყვილოდ ვიფიქრე, რომ აფხაზეთის მორიგმა მთავრობამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა ქვეყნის უპროგრამოდ მართვის მანკიერი პრაქტიკა დაესრულებინა, და საზეიმოდ აპირებდა ამ არცთუ მარტივი ეკონომიკური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის საკუთარი გეგმის გახმოვანებას.
მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ელიტა სირიის მხრიდან აღიარების აქტის მოლოდინში გამოეწყო. სიახლის გამოცხადების შემდეგ შეგროვილი საზოგადოება თავგამოდებით და ხმამაღლა უკრავდა ტაშს პუტინს, ასადს, ჩვენს ხელისუფლებას. შემდეგ კი მოხდილი მოვალეობის შეგრძნებით რაღაცნაირად ჩუმად დაიშალნენ – ჩვენ ხომ სირიამ გვაღიარა.
მაგრამ როდის იქნება, რომ საკუთარ თავს ვაღიარებთ?