მოსაზრება: ენობრივი რასიზმი აზერბაიჯანულად
არ დავასახელებ იმ ადამიანს, რომელმაც ეს საკითხი წინა პლანზე წამოსწია და ამის გამო მოწინააღმდეგეების მხრიდან დევნის ობიექტად იქცა. ბრძოლა რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორებს შორის ყოველთვის აქტუალურ თემას წარმოადგენს სოციალური ქსელების ბაქოურ სეგმენტში.
კონკრეტულად რა სექტორებზეა საუბარი?
„რუსულ სექტორში“ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებმაც განათლება რუსულ ენაზე მიიღეს. პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ სკოლაში არსებობს „რუსულენოვანი“ კლასები და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახელმძღვანელო ორ ენაზე გამოიცემა. აზერბაიჯანული სექტორის წარმომადგენლები (რომლებსაც სასაუბრო ენაზე „აზსექტორს“ უწოდებენ), შესაბამისად, აზერბაიჯანულ ენაზე სწავლობდნენ.
გახსოვთ, როგორი ადამიანი იყავით თინეიჯერულ ასაკში? გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც მეშვიდე კლასში იყავით. ალბათ, თქვენც გყავდათ თანაკლასელი, რომელიც თავისი არსებობის ფაქტითაც კი შეურაცხგყოფდათ. მაგალითად, ჩვენ გვყავდა ფრიადოსანი ჯგუფელი, რომელიც მასწავლებლებთან გვაბეზღებდა. იმ პერიოდში მიმაჩნდა, რომ ასეთი ადამიანები, უბრალოდ, არ უნდა არსებობდნენ.
სწორედ ეს განწყობა დაგვრჩება იმ შემთხვევაში, თუკი სექტორებს შორის არსებული კამათიდან მთელ პათეტიკას ამოვიღებთ: «შენ არასწორი ადამიანი ხარ. არასწორად ცხოვრობ. არ უნდა არსებობდე».
მაგრამ ამ „თინეიჯერულ მიდგომაში“ არაფერია ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, სადაც ყველა დიდი რუდუნებით ზრუნავს მოყვასზე და მზადაა, გზასაცდენილი თანამემამულე ჭეშმარიტებას აზიაროს. უბრალოდ ჩვეულებრივი თემების გარდა (ისეთი საკითხების გარდა, როგორიცაა, „ვისთან უნდა დაწვე“, „როგორი სამოსი უნდა ატარო“, „როდის უნდა დაქორწინდე“) ბაქოელებს საკუთარი გამორჩეული განსახილველი პრობლემაც გვაქვს – „რა ენაზე უნდა ვიმეტყველოთ“.
დაპირისპირების გამწვავებისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ერთგვაროვან, ნაცრისფერ მასად აღიქვამენ.
ჰკითხეთ მებრძოლ აზსექტორს, როგორი ადამიანები არიან რუსსექტორის წარმომადგენლები. პასუხად მიიღებთ ტირადას, რომლის მიხედვითაც რუსული სექტორის წარმომადგენლები არიან მოღალატეები, რომლებმაც საკუთარი ფესვები დაივიწყეს და ხუთ კაპიკად მიეყიდნენ რუსეთს. მათი აზრით რუსსექტორის წარმომადგენლებმა არ იციან საკუთარი ქვეყნის ლიტერატურა და მათთვის არაფერს წარმოადგენს მშობლიური ენა, რომელზეც ნიზამი, ფიზული და ახუნდოვი წერდნენ (ამ ჩამონათვალში, შესაძლოა, ძველი მწერლებიც მოხვდნენ, რომლებიც ფარსიზე წერდნენ, ან თანამედროვე აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას?!), ისინი უზნეოდ იქცევიან, სვამენ, აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევიან და არ ახსოვთ, რა ფერის პასპორტები აქვთ.
ახლა რუსულ სექტორს ჰკითხეთ, როგორი ადამიანები არიან წარმოდგენილნი აზერბაიჯანულ სექტორში. გეტყვიან, რომ „აზსექტორი“ მთიდან ჩამოსული სოფლელებითაა „დაკომპლექტებული“..რუსსექტორის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც აზერბაიჯანულ ენაზე მიიღეს განათლება, უწიგნურები არიან და არაფერი იციან ცხვრის მწყემსვის გარდა. რუსული სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათი მოწინააღმდეგეები უსაქმური „ანაშისტები“ არიან, რომლებიც საკუთარ ცოლებს სცემენ და ფეხებზე ჰკიდიათ ბავშვების განათლება. მათი აზრით, სწორედ „აზსექტორია“ დამნაშავე ეკონომიკურ კრიზისსა და სხვა უსიამოვნებებში.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში მყოფ ქალაქში, რომელშიც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საზოგადოება ორ ბანაკადაა დაყოფილი და ეს დაყოფა „პირველი ენის პრინციპით“ ხდება. მასთან მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკმაოდ კარგად ფლობს მეორე ენას და ზოგჯერ ერთნაირად კარგად იცის რუსულიცა და აზერბაიჯანულიც. იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდებათ ბაქოში „კარგი სამუშაოს“ პოვნა. კარგი რუსული, აზერბაიჯანული და ინგლისური არის პირობა, რომელსაც თითქმის ყველა ვაკანსიის გამოცხადებისას აყენებენ დამქირავებლები.
თქვენ წინაშეა ბმული სტატიაზე, სადაც დეტალურადაა განხილული ეს საკითხი. ამ წერილში საუბარია იმაზე, თუ საიდან გაჩნდა რუსული სექტორი, რატომ არსებობს ის დღემდე და რა თავისებურებები აქვს რუსულენოვან საზოგადოებას. ესაა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაკვეთით ჩატარებული სერიოზული სოციოლოგიური კვლევიდან აღებული მასალების საფუძველზე დაწერილი პუბლიკაცია, რომელიც საოცრად არაპოპულარული იყო იმ პერიოდში, როდესაც ის გამოქვეყნდა. რატომ? იმიტომ, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რომელი სექტორია ცუდი. სხვა ინფორმაცია კი არავის აინტერესებს.
მეორე ენა რომ შევისწავლოთ, ორ ენაზე რომ ვისაუბროთ და სექტორები რომ გავაერთიანოთ? საინფორმაციო სივრცე რომ გავიფართოვოთ? ურთიერთობების ახალი საშუალებები რომ მივიღოთ? ინგლისური რომ ვისწავლოთ და ამ ენაზე მაინც რომ მოვრიგდეთ?
კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინ როგორღა ვთქვათ, რომ „ნამდვილმა მოქალაქემ საკუთარი ენა უნდა იცოდეს“? ან რის საფუძველზე ვიტყვით, რომ „ქალაქი სოფლელებით გაივსო“? ეს ფრაზები ხომ ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს. ამასთან, ერთი მხარე თავს გულანთებული პატრიოტების ბანაკად მიიჩნევს, მეორე კი შეურაცხყოფილ ინტელიგენტების ჯგუფად აღიქვამს თავს. და ეს მოწინააღმდეგე მხარეები თანაბარი ძალის მქონე „დასებად“ ჩამოყალიბდებოდნენ, აზერბაიჯანულენოვანი კონტინგენტის რაოდენობა ზუსტად ათჯერ რომ არ აჭარბებდეს „რუსულ სექტორს“ და ქვეყანაში პატრიოტიზმისკენ მოწოდება და ჯაშუშებზე ნადირობა ადამიანების დევნის ყველაზე პოპულარულ, ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე დაუსჯელ საფუძველს რომ არ წარმოადგენდეს.