იგეგმება საზღვრების გადახედვა
გასულ კვირას დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – სირიის ქალაქ ალეპოში საშვიდობო შეთახმება “კინაღამ დაირღვა”, თბილისში კი ნაციონალისტურად განწყობილმა ახალგაზრდებმა თურქების კუთვნილი მაღაზიები დაარბიეს. ფაქტობრივად, იმავდროულად თურქეთის პრეზიდეტმა ერდოღანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ლოზანის შეთანხმებით.
ერთი შეხედვით, რთული წაროსადგეია, რა კავშირი შეიძლება იყოს ამ მოვლენებს შორის, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ყველა ეს მოვლენა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დიდი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიული დაყოფის საფუძველს უკავშირდება. სწორედ ეს გადანაწილება განსაზღვრავს რეგიონის ეთნო-კონფესიურ და სახელმწიფოებრივ დაყოფას.
ასეთ საფუძველს წარმოადგენს 1923 წელს ლოზანაში დადებული შეთანხმება, რომელითაც ოსმალეთის იმპერიის დაშლის რატიფიცირება და თურქეთის რესპუბლიკის დეკლარირება მოხდა. 1920 წელს მსგავსი შეთანხმება დაიდო სევრშიც, მაგრამ თურქეთმა დაიყოლია რუსეთი და დაიდო ყარსისა და მოსკოვის შეთანხმებები, რომელთა მიხედვით, თურქეთმა ხელში ჩაიგდო სომხურ, ქართულ და ბერძნულ ტერიტორიებად მიჩნეული მიწები.
რამ გამოიწვია რეჯეფ ტაიიპ ერდოღანის უკმაყოფილება? მისი თქმით, ლოზანის ხელშეკრულებამ თურქეთს ზოგიერთ ბერძნულ კუნძულზე კონტროლი დააკარგვინა. ამ სიტყვებმა საბერძნეთის პრემიერმინისტრის მყისიერი პროტესტი გამოიწვია. საბერძნეთის მთავრობის მეთაური გამოვიდა მოწოდებით, არ გადაიხედოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები დიდ რეგიონში, თუმცა, ექსპერტების თქმით, ერდოღანის სიტყვების საფუძველს, არა ბერძნული კუნძულებისადმი სევდა, არამედ, რუსეთისა და შეერთებული შტატებს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სირიის გაყოფის პერსპექტივა წარმოადგენდა.
ერთი თვის წინათ თურქეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ 90-კილომეტრიანი ზოლი დაიკავა. ერდოღანის სიტყვები ბევრმა სირიის გაყოფის მოსამზადებელ ეტაპად და თურქეთის იმ პრეტენზიების გახმოვანებად აღიქვა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს სირიის ოსმალური ტერიტორიების მიმართ.
გადაიხედება თუ არა ლოზანის შეთანხება? რით შეიცვლება და რა მოხდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ამ და ოსმალეთის იმპერიის დაშლის გაფორმების ნიშნად დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან აქვთ კავშირი? მაგალითად, რა ბედი ეწევა საქართველოს? შეუძლია თუ არა თურქეთს, პრეტენზია განაცხადოს აჭარაზე, რომელსაც თითქმის დაუფარავად მიიჩნევს ოსმალეთისგან უსამართლოდ მიტაცებულ ტერიტორიად?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თბილისის ცენტრში განხორციელებული დარბევები საერთო მოზაიკის ნაწილად და ქართული მხარის პასუხად გამოიყურება ანკარის პრეტენზიებზე. თუმცა, დაზუსტებით არ არის ცნობილი, ვისი პასუხია და ვინ იდგა ამ დარბევების უკან.
სომხეთიც გულდასმით ადევნებს თვალს ლოზანის შეთანხმების შესაძლო დენონსაციის მოსამზადებელ პროცესს, რომელიც, შესაძლოა, დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუკი სირია მაინც გაიყოფა და ქურთული სახელმწიფო შეიქმნება. და, მიუხედავად იმისა, რომ ლოზანის შეთანხმებაში სომხეთი ნახსენები არაა და მისი ბედი და საზღვრები რუსეთ-თურქეთის სეპარატული შეთანხმებებითაა განსაზღვრული, რეგიონის შეთანხმებითი ფუნდამენტის გადახედვის შემთხვევაში, სოხეთის საკითხიც დაისმება.
კერძოდ კი, აქტუალურობას იბრუნებს ნახიჭევანის საკითხი და ასევე ყარაბაღის პრობლემა, რაც, შესაძლოა, დარეგულირების საფუძვლად იქცეს. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შემთხვევით არ უთქვამს, რომ ყარაბაღის საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარება ჯერჯერობით უპერსპექტივოა და ლიდერები არ არიან მზად იმისთვის, რომ გამოსავალი გამონახონ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთ-თურქეთის 1921 წლის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა; თუმცა, სომხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სრულად ჯდება ამერიკის გეგმებში რეგიონის საზღვრების გადახედვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება.
ამ გეგმების ნაწილად გამოიყურება სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებლი ისტორია – მცირე ხნის წინათ შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დაამტკიცა ამერიკელების უფლება, მიმართონ სასამართლოს საჩივრებით საუდის არაბეთის წინააღმდეგ, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მოწყობაში შეიძლება დასდონ ბრალი.
თურქულმა მხარემ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ მიიღოს ასეთი კანონი და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნებს სასამართლო იმუნიტეტი მოეხსნებათ, ბევრ სახელმწიფოს, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი (მათ შორის, ტერიტორიებთან დაკავშირებული) მოთხოვნა წარუდგინონ. სავარაუდოდ, თურქეთი სომხეთის საკითხს გულისხმობდა.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეერთებული შტატები არ წარმოადგენდა საკმარისად გავლენიან სახელმწიფოს საიმისოდ, რომ დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოების საზღვრები თავისი სურვილების მიხედვით დაედგინა. მიუხედავად იმისა, რომ სევრის ხელშეკრულებას საფუძვლად ამერიკის პრეზიდენტ უილსონის არბიტრაჟი ედო, რუსეთმა, თურქეთმა და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ სევრის ხელშეკრულების “გადადება” და მრავალი “საკუთარი” შეთანხმების (მოსკოვის, ლოზანის და ა.შ.) გაფორმება შეძლეს.
100 წლის განმავლობაში რეგიონი “არაამერიკული” შეთანხმებების საფუძველზე ცხოვრობდა – 2011 წელს მოსკოვის შეთანხმების 90 წლისთავის აღსანიშნავად ერდოღანი სპეციალურად ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან ერთად დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების ერთგული რჩება. მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაშინვე გაჩნდა მოსკოვის შეთანხმების დენონსაციის საკითხი, თუმცა, ორივე მხარემ მყისვე უარყო ასეთი შესაძლებლობა.
ამჯერად საუბარია საფუძველთა საფუძვლის – ლოზანის ხელშეკრულების შესაძლო გადახედვაზე. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მიწურულს შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, რეგიონის გადანაწილების საკუთარი გეგმა წარმოადგინოს “ობამას არბიტრაჟის” სახელწოდებით, რომელიც, სავარაუდოდ, ვერშემდგარ “უილსონის არბიტრაჟს” შეცვლის.
გამოქვეყნდა: 04.10.2016