ერდოღანი სირიიდან დევნილების მიღებაზე უარს ამბობს
სირიიდან 18 ათასი დევნილი უკვე დაიძრა ევროპის მიმართულებით მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უარი თქვა საკუთარ ქვეყანაში მათ შენახვაზე და საზღვრები გაუხსნა.
თურქეთის ეს გადაწყვეტილება იყო პასუხი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების უპრეცედენტო თავდასხმაზე, რომელიც მათ სირიის ჩრდილოეთში, თურქულ სამხედრო დანაყოფებზე 28 თებერვალს განახორციელეს.
ბოლო თვეებია, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რუსეთის მხარდაჭერით, იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. ეს ბოლო და საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, რომელსაც სირიის ოპოზიცია – ჯიჰადისტების ჯგუფები და აჯანყებულები ინარჩუნებენ. მათ თურქეთი ეხმარება.
28 თებერვალს, რუსულმა ავიაციამ დაბომბა იდლიბი, რის შედეგადაც სულ ცოტა 34 თურქი სამხედრო დაიღუპა და ათობით ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.
29 თებერვალს, თურქეთმა დრონებით საპასუხო დარტყმების სერია განახორციელა. მათი დახმარებით განადგურდა სამთავრობო ჯარების არტილერიის პოზიციები და ათობით ერთეული სამხედრო ტექნიკა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მოკლულია სირიის სამთავრობო ჯარების 309 მებრძოლი. საერთაშორისო წყაროებმა ჯერჯერობით 26 სირიელი სამხედროს გარდაცვალება დაადასტურეს.
„თურქეთს აღარ შეუძლია, გაუმკლავდეს ადამიანების რაოდენობას, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომისგან გადარჩენას ცდილობენ. ევროპა არ ასრულებს პირობას. ამიტომ, საზღვრები გახსნილია და უახლოეს დღეებში, სირიიდან ევროპაში ახალი მიგრანტების რიცხვი 25-30 ათას ადამიანს მიაღწევს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
საბერძნეთი პირველი იყო, ვინც 29 თებერვალს, მიგრანტების დიდ ჯგუფს დახვდა. ათასობით არალეგალი მიგრანტის მიერ საზღვრის გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, საბერძნეთის ხელისუფლებამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
თუმცა, ერდოღანი ამტკიცებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან ღია საზღვრის პოლიტიკას – სანამ ევროპა სრულად არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს.
გარიგება ორი წლის წინ დაიდო და იმაში მდგომარეობდა, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, თურქეთი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შეაკავებდა სირიიდან დევნილებს. მაგრამ დახმარება სრული მოცულობით არ გადაუხდიათ.
დღეისათვის, თურქეთის ტერიტორიაზე მინიმუმ 3.7 მილიონი სირიელი დევნილი იმყოფება, კიდევ 1 მილიონი კი სირიაში ბოლო მოვლენების შემდეგ, თურქეთ-სირიის საზღვართანაა თავმოყრილი.
• „აი, რატომ არიან რუსი დაქირავებულები სირიაში“
• ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი სირიაში დარტყმის ქვეშ
რუსეთისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა მათ სირიაში „განზე გადგომა“ შესთავაზა.
ამავდროულად, თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა, ალიანსს ორგანიზაციის მე-5 მუხლის თანახმად, აქტიური ქმედებისკენ მოუწოდა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოკავშირეები ვალდებული არიან დაიცვან ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა. ამ მოწოდების საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაპირისპირებულ მხარეებს მიმართა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
თურქეთი ევროპასა და რუსეთს აშანტაჟებს? თურქული მედია და საზოგადოება ხელისუფლებას არათანმიმდევრულობისთვის აკრიტიკებს
როგორც BBC-სთან საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, თურქეთის მიერ დევნილებისთვის საბერძნეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემას, ერთდროულად ორი მიზანი აქვს:
•მიიღოს ფინანსური დახმარება
•რუსეთთან კონფლიქტში ევროკავშირი და ნატო ჩართოს
მაგრამ თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მათი საომარი რიტორიკა, შესაძლოა, ძალიან სწრაფად შეცვალოს შემრიგებლურმა ტონმა.
თურქი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ, პირველ საათებში, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და სირიისთვის „ასადის რეჟიმის საბოლოო განადგურებამდე“ ომის გამოცხადების შესაძლებლობაზე განაცხადა.
მაგრამ უკვე 29 თებერვალს, სირიულ ჯარებზე საპასუხო თავდასხმის შესახებ სამხედროების მიერ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, ცნობილი გახდა ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე, სადაც 4 ან 5 მარტს, მოსკოვში, მათი პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს. საუბარი შედგა ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორისაც.
უკვე საღამოს, ანკარაში ვნებები დაცხრა. დეპუტატები აღარ შეიკრიბნენ რიგგარეშე სხდომაზე, თურქეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს კი პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს, რათა თავიდან აერიდებინათ არეულობა.
„ეს ამორალურია“, – ასე შეაფასა თურქეთის ხელისუფლების ქმედება ოპოზიციური გაზეთ „Sözcü“-ს ანალიტიკოსმა, ილმაზ ოზდილმა.
„ჩვენთან ეროვნული გლოვა გამოვაცხადეთ სხვა სახელმწიფოს 91 წლის მეფის გარდაცვალების გამო. მაგრამ აი, მოკლულია 33 ჩვენი ჯარისკაცი – გლოვა გამოვაცხადეთ კი არა, ტელეარხებს გასართობი გადაცემების შეცვლაც არ უფიქრიათ“.
29 თებერვალს, თურქეთის ხელისუფლებამ შიდა კრიტიკის შესაჩერებლად, ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებზე წვდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ადგილობრივებს უკვე აქვთ ამის გამოცდილება და ბევრმა ისწავლა სპეციალური პროგრამების დახმარებით სოციალური ქსელების გამოყენება.
სახასიათო კომენტარები ტვიტერში, თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში:
„დილით ომისკენ მოგვიწოდებდნენ, საღამოს – მშვიდობისკენ. ასე როგორ შეიძლება?“
„რატომ არ გამოცხადებულა ამ დრომდე დაღუპულთა გამო გლოვა? ყველა ისე იქცევა, ვითომ არაფერი მომხდარა“.
„რუსეთი მაინც არ იომებს ჩვენთან, არც სცადოთ. ეს მას არაფერში სჭირდება, ურჩევნია პოლიტიკური მეთოდებით შემოიფარგლოს“.