ბრენდული კარტოფილი განძაკიდან
კარტოფილით დატვირთულ “ერ-აზის” ტიპის ყავისფერ ავტომობილს ერევნის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობა ადვილად ცნობს. შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე ვაჩიკ ოგანესიანი ეზო-ეზო დადის, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი კარტოფილი გაყიდოს.
“ეზოებში შევდივარ და ვყვირი: “კარტოფილი! კარტოფილი! ნამდვილი გავარული კარტოფილი!” და უცებ მესმის, როგორ მომმართავს ვიღაც ფანჯრიდან: “კარტოფილის გამყიდველები ესესაა გავიდნენ ჩვენი ეზოდან, სხვაგან მიბრძანდით”. და მეც სხვა ეზოში გადავდივარ – არ ვზარმაცობ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მთელი მოსავალი გავასაღო, – სიცილით ყვება გეღარქუნიქის რაიონის სოფელ განძაკის 63 წლის მკვიდრი; – დღეს ბაზარში 200 დრამი (დაახლოებით 40 ცენტი) ღირს, მე კი 150 დრამად (დაახლოებით 30 ცენტი) ვყიდი. 150 დრამზე ნაკლებ ფასად ვერ გავყიდი, იმიტომ, რომ მაშინ დანახარჯს ვეღარ ამოვიღებ.”
ოგანესიანმა საკუთარი გათვლები და ეკონომიკურ ანალიზი წარმოგვიდგინა – კარტოფილსაც აქვს თვითღირებულება; თუ საქმეს კარგად შეასრულებ, ნახევარი ჰექტარიდან 20 ტონა კარტოფილის მიღება შეიძლება. თავად ვაჩიკ ოგანესიანი 10 ტონას იღებს.
“შემოდგომაზე არტაშატელები და არმავირელები ჩამოდიან და თავიანთ მოყვანილ ბოსტნეულს ჩვენს კარტოფილში გვიცვლიან. სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები თითო ტონა კარტოფილს ცვლის ხოლმე. მეც ასე ვიქცევი. კიდევ რვა ტონას დაახლოებით 200 დრამად ვყიდი. შემდეგ გადამყიდველები 250 დრამად ასაღებენ. ჩამოვიდნენ ადამიანები ჩვენს სოფელში და 200-ად გავატანთ, ” – ამბობს ოგანესიანი
გეღარქნიქის რაიონში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს, 42 000 სასოფლო და კოლექტიური მეურნეობა ყოველწლიურად 230 000 ტონა კარტოფილს აწარმოებს.
განძაკში ყოველწლიურად დაახლოებით 5 000 ტონა კარტოფილი მოჰყავთ. დაახლოებით 3 000 ტონა გასაყიდად გააქვთ, 1 000 ტონა სარგავ-სათესლე ფონდში მიდის, 1000 ტონას კი შიდა მოხმარებისთვის იტოვებენ.
“თუ ქვეყანაში არ არსებობს მრეწველობა, ეკონომიკის ლოკომოტივად სოფლის მეურნეობა უნდა იქცეს. ახლავე რომ ავაშენოთ ქარხანა და გამოვუშვათ პროდუქცია, რომელსაც “მერსედესის” ჩანაცვლების პოტენციალი ექნება, დასახულ მიზანს 50 წელიწადშიც ვერ მივაღწევთ; მაგრამ სოფლის მეურნეობის ერთი საწარმოო ციკლის განმავლობაში შეგვიძლია საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ ჩვენი რძით, ხორცით, თაფლით, გარგრით – ანუ იმ ყველაფრით, რაც ჩვენს ბრენდად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად ითვლება. დღეს კარტოფილი ჩვენი შემოსავლის წყარო და ჩვენი სამამულო პროდუქტია,” – ამბობს განძაკის მამასახლისი ვანიკ ჰარუთიუნიანი.
მამასახლისის თქმით, სოფელში კარტოფილის მწარმოებელთა კავშირი დააარსეს, რომელიც ამ პროდუქტის ექსპორტირებისათვის საჭირო კავშირებს ამყარებს. გასულ წელს ჯავახეთთან თესლების გაცვლის პროგრამა განხორციელდა.
“ერთ მშვენიერ დღეს გაგვიჩნდება დარეგისტრირებული ბრენდი – განძაკის, ან გავარის კარტოფილი. ამის შემდეგ ვეღარავინ შეძლებს საკუთარი კარტოფილის ჩვენს საქონლად გასაღებას. რანაირ კარტოფილსაც უნდა ყიდდნენ, ყოველთვის ამბობენ, რომ მათი საქონელი გავარიდანაა. ჩვენ კი კარტოფილს საკუთარ ბრენდად ვაქცევთ,” – ამბობს მამასახლისი.
მიუხედავად ამისა, სოფლის ბევრი მოსახლე ჩივის, რომ მხოლოდ კარტოფილით ოჯახის რჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, ყველაზე რთული ამ პროდუქტის რეალიზაციაა.
“ვინ ცხოვრობდა საბჭოთა პერიოდში კარტოფილის იმედად?! მაშინ ყველა მუშაობდა. ქარხნები გვქონდა და კონდენსატორებს, კაბელსა და ტრიკოტაჟს ვაწარმოებდით. მხოლოდ კონდენსატორების ქარხანაში 6 000 ადამიანი მუშაობდა. 250-300 რუბლს ვიღებდით და კარგად ვცხოვრობდით. როგორც ამბობენ, კომუნიზმმა კარზე დაგვიკაკუნა, ჩვენ კი არ გავუღეთ. ჩვენზეა ნათქვამი. ვერ მივხვდით, რა როგორ უნდა გვეკეთებინა. ახლა კი სოფელი კარტოფილით ცხოვრობს,” – ამბობს ანუშ ოგანესიანი, რომელმაც სოფლის ბიბლიოთეკაში 41 წელიწადს იმუშავა.
სოფლის ცენტრში მოხუცები იკრიბებიან. ახალგაზრდებმა (800-მდე ადამიანმა) ფულის საშოვნელად სოფელი დატოვეს. უფროსი თაობის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ სოციალურ პრობლემებს განიხილავენ, რაც მათ ბედმა არგუნა.
განძაკის ყოფილი აგრონომის, ლავრენტი სირაკანიანის თქმით, მხოლოდ მისი ოჯახიდან შვიდი ადამიანია წასული რუსეთში სამუშაოდ; თავად ის კი სოფელში დარჩა ორ რძალთან ერთად
“ჩვენს რაიონში ჩვენი სოფლის მოსახლეების უმრავლესობა მიწათმოქმედებას მისდევს, მაგრამ მხოლოდ სოფლის მეურნეობით ოჯახს ვერ არჩენ. ადრე ჩვენს რაიონში 14 ქარხანა მუშაობდა, დღეს კი ხალხი უმუშევრადაა დარჩენილი. ადგილობრივიებს იმ მხრივ მაინც გაუმართლათ, რომ ზამთრისთვის კარტოფილი აქვთ, რომელიც შეიძლება კომბოსტოზე, სტაფილოსა და ჭარხალზე გადაცვალო.”
ნაზიკ ანტონიანი, რომელიც 25 წლის განმავლობაში სოფლის საბავშვო ბაღში მუშაობდა, აღნიშნავს, რომ ორი წლის წინათ ქმართან ერთად ჩელიაბინსკში ცხოვრობდა, სადაც ის და მისი მეუღლე რესტორანში მუშაობდნენ – ძირითადად მწვადს წვავდნენ ხოლმე.
“გაწეულ შრომასა და წვალებასთან შედარებით, ცალსახად მცირე ანაზღაურებას ვიღებდით, მაგრამ იქ იმისთვის ჩავედით, რომ ცოტა ფული მაინც გვეშოვა. ახლა გვეუბნებიან, რომ კარტოფილი ჩვენი ბრენდია, მაგრამ ყველამ იცის, რომ მხოლოდ კარტოფილით ვერ იცხოვრებ. ბავშვს ნაყინი რომ მოუნდეს, რა ვქნა? კარტოფილი მივცე და მაღაზიაში გავუშვა?
ზოგიერთ ოჯახს თითქმის 400-ათასიანი ვალი აქვს მაღაზიაში. მაშ რატომ ვერ იხდიან ვალებს კარტოფილით? ჩვენ 100, ან 120 დრამად ვყიდით, ქალაქში კი გადამყიდველები 250 დრამად ასაღებენ. მანქანა რომც ვიქირაოთ და ჩვენი კარტოფილი ბაზარზე მივიტანოთ, არავინ გაგვაყიდინებს. უკვე ყველა ადგილი დაკავებულია,” – ჩივის ნაზიკი.
განძაკის მამასახლისს, ვანიკ არუთუნიანსაც მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა კარტოფილის რეალიზაციაა და ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თანასოფლელებს ეს დაბრკოლება მოუხსნას:
“ქართულ მხარესთანაც ვმუშაობთ. თავად ჩამოდიან და მიაქვთ ხოლმე. თუ ფასი მისაღები აღმოჩნდება, კარტოფილი ირანსა და ერაყშიც გააქვთ. ახლა ვცდილობთ, უცხოურ ბაზრებზე გავიდეთ. ადვილი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ალტერნატიული ვარიანტი არ გვაქვს – ჩვენი მომავალი სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული.”
განძაკის მეზობლად მდებარეობს სოფელი სარუხანი, რომელშიც 9270 ადამიანი ცხოვრობს. ამ დასახლებულ პუნქტს ყოველწლიურად 2000 ადამიანი ტოვებს და საშოვარზე მიდის. სარუხანის მამასახლისი წიწიბურას ველებს გვაჩვენებს და გვეუბნება, რომ, გლეხებმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, კარტოფილი წიწიბურათი ჩაანაცვლონ.
გეღარქუნიქის შვიდი სოფელი “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სოფლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში (ENPARD) შედის, რომლის წყალობითაც ხუთ თემში პირველად სცადეს წიწიბურას მოყვანა. პროგრამის ფარგლებში ცოვაგიუხის თემში შენდება ფაბრიკა, სადაც წიწიბურას გადაამუშავენ და ბაზარზე გასაგზავნად მოამზადებენ. იმავე პროგრამის სახსრებით გეღარქუნიქში ყველისა და ბალახების ჩაის საამქროები აშენდება.
“რეალიზაციის პრობლემა წყდება, რაც სოფლის მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი შემოსავლის კოეფიციენტი მაღალი იქნება, შესაძლოა, სარუხანმა კარტოფილი წიწიბურათი ჩაანაცვლოს. და მაინც, კარგი იქნება, თუკი კარტოფილის რეალიზაციის პრობლემაც მოგვარდება,რადგან სოფელი 5000 ტონამდე კარტოფილს აწრმოებს, რომელიც ამჟამად საქართველოში და ჩვენს შიდა ბაზარზე იყიდება,” – ამბობს სარუხანის მამასახლისი.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს რესპუბლიკაში კარტოფილის სავარგულები 34 077 ჰექტარს იკავებდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 771 ჰექტარით აღემატება. 5 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 210 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 40 ათასი ტონით აღემატება.
გამოქვეყნდა: 12.09.2016