ბაქოში სარდაფი, სადაც ხალხს ხვრეტდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმად იქცა
გაზიარება
გაზიარება
ბაქოში გაიხსნა1920-1950 წლების პოლიტიკური რეპრესიების მუზეუმი, როდესაც, პოლიტიკური მოტივებით, აზერბაიჯანის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ასობით ათასი მოქალაქე დახვრიტეს ან ბანაკებში გადაასახლეს.
მუზეუმის გახსნა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, გადმოსცემსTrend. მუზეუმი მდებარეობს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის აპარატის შენობის სარდაფში, სადაც 1925 წლის შემდეგ პოლიტიკური მუხლებით მსჯავრდებულ ადამიანებს აკავებდნენ, დაკითხვაზე გაჰყავდათ და ხვრეტდნენ. რეპრესირება ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრის, ან უბრალოდ, „ხალხის მტრებთან“ ნათესაური კავშირის გამო ხდებოდა, ამიტომაც სამხედროების, მწერლების, პოეტების, ევროპული განათლების მქონე სპეციალისტების ბედს მათი ცოლები და შვილებიც იზიარებდნენ.
მუზეუმში თავმოყრილია ის საარქივო დოკუმენტები, რომლებიც რეპრესიებს ეხება. ყველაზე პირველი დოკუმენტი 1920 წლის 26 მაისით თარიღდება – იმ წლით, როდესაც აზერბაიჯანი საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. წარმოდგენილია ასევე აღდგენილი საკნები, კარცერები და ის ოთახები, სადაც ადამიანების დაკითხვა და დახვრეტა მიმდინარეობდა.
რეპრესიები სსრკ-ში
სსრკ-ში რეპრესიების პიკად მიჩნეულია 1937-38 წლები. ამ პერიოდს „დიდ ტერორს“ ან „სტალინურ რეპრესიებს“ უწოდებენ, რადგან იმ დროს სსრკ-ს სათავეში იოსებ სტალინი იდგა.
ყველაზე „მოკრძალებული“ გამოთვლებით, ამ წლებში საბჭოთა კავშირის 13 მილიონი მოქალაქე იყო რეპრესირებული. აზერბაიჯანის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ეს დაახლოებით 70-120 ათასი ადამიანია (იმ მომენტისთვის 3 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობის საერთო რაოდენობის ფონზე).
მაგრამ რეპრესიები დროის გაცილებით დიდ მონაკვეთს მოიცავს – 20-იანი წლებიდან (საბჭოთა ხელისუფლების დამყარება) 1953 წლამდე (სტალინის სიკვდილი). ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში მიჩუმათებული იყო. რეპრესიების შესახებ ლაპარაკი პირველად 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს.
საზოგადოების რეაქცია
სოციალურ ქსელებში ამგვარი მუზეუმის შექმნა ირონიით აღიქვეს.
ბევრი მომხმარებელი იხსენებდა, რომ თანამედროვე აზერბაიჯანში ასევე საკმარისი რაოდენობის პოლიტპატიმარია და საერთაშორისო ორგანიზაციები ახლანდელ ხელისუფლებას მუდმივად რეპრესიულ პოლიტიკაში სდებენ ბრალს:
„შემთხვევით ამ მუზეუმში აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაზეც ხომ არ ჰყვებიან?“.
„ალბათ იმ კოლონიებში, სადაც ახლა პოლიტპატიმრები ჰყავთ დამწყვდეული, შემდეგ ამ მუზეუმის ფილიალებს გახსნიან“.
თუმცა, მთლიანობაში საზოგადოება ამ მუზეუმით დაინტერესდა:
„პირველივე შესაძლებლობისთანავე სიამოვნებით ვნახავ ამ მუზეუმს. საკუთარი ისტორია უნდა იცოდე“.
„იქ იძულებით უნდა მიიყვანო ყველა ის ადამიანი, ვისაც სტალინი დიად ხელმძღვანელად მიაჩნია“.