ახლო აღმოსავლეთში ომი გადაიდო. ტრამპმი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
8 იანვარს, ახლო აღმოსავლეთში კრიზისისას განვითარებული მოვლენები:
გამთენიისას, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ათობით რაკეტა გაუშვა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით. ასე უპასუხა თეირანმა 3 იანვარს, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული შეტევისას, გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას.
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და საკმაოდ მშვიდობიანად დაიწყო, ბოლო დღეებში მისი აგრესიული განცხადებების გათვალისწინებით.
„ამერიკელი ხალხი შეიძლება კმაყოფილი იყოს. ამერიკელებსა და ერაყელებს შორის არავინ დაღუპულა“, – განაცხადა ტრამპმა.
ერაყში განლაგებულ იმ სამხედრო ბაზებზე, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, ამერიკელების გარდა, იმყოფებოდნენ გერმანელი, დანიელი, ნორვეგიელი და პოლონელი ჯარისკაცები. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მათი მხრიდან არავინ დაშავებულა.
• ყასემ სოლეიმანი – ვინ იყო ის და რა საფრთხეს შეიცავს მისი სიკვდილი
აშშ ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს
შემდეგ, საკუთარ გამოსვლაში, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს ირანს.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. მან ასევე მოუწოდა ოფიციალურ თეირანს, შეწყვიტოს მსოფლიოში ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, მათ შორის, ლიბანში, „ჰეზბოლასი“.
შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა „ირანელ ხალხსა და ლიდერებს მიმართა“ და განაცხადა, რომ მზად არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის. მან გაიხსენა, რომ აშშ და ირანი ერთად მონაწილეობდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
წინა მოვლენები პუნქტობრივად
• 27 დეკემბერი, 2019 წელი – სარაკეტო შეტევა ერაყის ქალაქ კირკუკთან, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. დაიღუპა ბაზის ერთი თანამშრომელი, რამდენიმე კი დაიჭრა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თავდასხმა ერაყში მოქმედმა პროირანულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს და საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ირანელთა დისლოკაციის წერტილებზე.
• 29-31 დეკემბერი, 2019 წელი – ადამიანების დიდმა ჯგუფმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება სცადა, რომლის მოგერიებაც საზღვაო ქვეითებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მოახერხეს. ვაშინგტონმა არეულობების ორგანიზებაში თეირანი დაადანაშაულა.
• 3 იანვარი, 2020 წელი – ამერიკული სარაკეტო შეტევის შედეგად, ბაღდადში დაიღუპა ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ყუდსის“ გენერალი, ყასემ სოლეიმანი. ასევე გარდაიცვალა მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი და ერაყში მოქმედი პროირანული დაჯგუფების „ეროვნული მობილიზაციის ძალების“ ლიდერი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
• იმავე დღეს, ირანმა განაცხადა, რომ სასტიკად იძიებდა შურს სოლეიმანის მკვლელობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის რეაქცია, შესაძლოა, „არაპროპორციული“ ყოფილიყო. „ის იყო მონსტრი, რომელის ჩვენზე სასტიკ თავდასხმას ამზადებდა. ის ახლა მონსტრი აღარ არის, ის ახლა გვამია“, – განაცხადა ტრამპმა სოლეიმანის შესახებ.
• 8 იანვარი – ირანის ტერიტორიიდან, ბალისტიკური რაკეტებით, დარტყმა მიაყენეს ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას ერაყში. ამ შეტევის კომენტირებისას, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განაცხადა:
„ამერიკელებმა ხელი მოაგლიჯეს გენერალ სოლეიმანის (არის ინფორმაცია, რომ გენერლის სხეულიდან მხოლოდ ხელი დარჩა) – ახლა ირანი ამერიკას ფეხს მოაგლეჯს, რომელსაც ის ახლო აღმოსავლეთში ეყრდნობა“.
თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის იმავდროულად გამოქვეყნებული პოსტი ტვიტერზე სრულიად განსხვავებული ხასიათის იყო:
„ჩვენ არ მივისწრაფვით ომისკენ, ნებისმიერი აგრესიისგან დავიცავთ თავს“.
სააგენტო Reuters-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, როგორ გადასცა ირანულმა ტელევიზიამ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია:
„ახლა მის გამო (გენერალი სოლეიმანის) შური ნაძიებია და შეუძლია მშვიდად იძინოს“.
სააგენტოს მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახერხა შეტევის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან არიდება, რაც ვაშინგტონისა და თეირანისთვის ნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ეტაპობრივად გამოვიდნენ ამჟამინდელი კონფრონტაციიდან.
ირანი-აშშ: 40-წლიანი კონფლიქტი
• 1979 წელს, ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. თეირანში 52 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.
• მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ირანის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოქმედებდა.
• 1990-იანი წლების შუაში, ირანმა საკუთარი ბირთვული პროგრამა დაიწყო.
• 2015 წელს, საერთაშორისო თანამეგობრობასა და ირანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის არსიც – ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივი მოხსნა იყო, ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების შექმნის პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
• ირანთან შეთანხმების გაუქმება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2016 წელს.
• ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდა ახლო აღმოსავლეთში იმ რეჟიმებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერის საპასუხოდ, რომელსაც აშშ ტერორისტულად მიიჩნევს.
• 2020 წლის 3 იანვარს, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის შეტევის შედეგად, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რომელიც იყო პასუხისმგებელი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საიდუმლო ოპერაციებზე საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით საპროტესტო გამოსვლების ჩახშობაზე.
• 2020 წლის 3 იანვარს, ირანი დასავლური ბირთვული შეიარაღების საზოგადოების შეთანხმებას სრულად ტოვებს.