აფხაზეთი: ვინმემ ხომ უნდა შეინარჩუნოს სინაგოგა (ვიდეო)
სოხუმში სინაგოგა პოპულარული ადგილი არ არის. აფხაზეთის ებრაულ კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება „შალომის“ შემადგენლობაში სულ 160 ადამიანია, წირვებზე კი, შაბათობით, აქ მაქსიმუმ 10 კაცი დადის.
ალექსანდრ მალისი 34 წლისაა და ის საზოგადოების თავჯდომარეა. მრავალი წელია ის მთავარ საქმეთა მწარმოებელიც არის – თავად არემონტებს სინაგოგას, სადაც ყველაფერი დალპა, რისი დალპობაც კი შეიძლებოდა. 2017 წელს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად მრევლისთვის ძალიან სასიხარულო რამ მოხდა – ადგილობრივმა ბიზნესმენმა ევგენი პალანტმა საკუთარი ფულით ძველი ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით შეცვალა – უკვე ნაპრალებიდან აღარ უბერავს.
ამჟამად ალექსანდრ მალისი – მას ყველა საშას ეძახის – არემონტებს ოთახს, რომ იქ ივრითის ონლაინ საწავლების ორგანიზება შეძლოს. ამბობს, რომ რემონტის გაკეთებაში დახმარების მსურველებიც არსებობენ, ისევე როგორც გაკვეთილზე დასწრების მსურველები.
თავად მან მხოლოდ ხუთი წლის წინ დაიწყო სინაგოგაში სიარული. საშა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ის სასტუმროს მომსახურების მენეჯერია. ხუთ წლის განმავლობაში ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და თავის საქმესთან ერთად „სახელოსნო“ პროფესიებიც აითვისა, ასე რომ, ის ახლა დურგალიც არის, შემდუღებელიც და მშენებელიც.
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს ებრაელებმა მასობრივად დატოვეს აფხაზეთი. ისრაელში და სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ. საშას ოჯახი კი, სხვა ძალიან ცოტა ოჯახთან ერთად, აფხაზეთში დარჩა.
მან ყოველთვის იცოდა საკუთარი ებრაული ფესვების შესახებ, თუმცა მისი მშობლები წარმოშობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ. საშამ კი საკუთარი წარმოშობა საფუძვლანად შეისწავლა; დედის მხრიდან მისი ბაბუა დურგალი იყო (პოლონელი ებრაელი), დიდი ბაბუა – მჭედელი.
„როდესაც ის 1937 წლეს დახვრიტეს, წიგნში კი ასე ჩაწერეს: „განათლებული მჭედელი“, – ამბობს საშა.
მამის მხრიდან მალისის წინაპრებმა, იმის გამო, რომ სამუშაოს შოვნა უძნელდებოდათ, ებრაელობაზე უარი თქვეს, საკუთარი წარმოშობა დამალეს. დიდი ბაბუა მათემატიკას ასწავლიდა, შეძლებული დამსაქმებლები კი მეფის რუსეთში ებრაელებს სამსახურში არ იღებდნენ. შვილთაშვილი, რომელიც განგების ნებით აფხაზეთში დაიბადა, საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა.
ყოველ შაბათს სინაგოგაში ლოცვა აღევლინება. რაბინი აქ, დიდი ხანია, აღარ არის, არის მხოლოდ ადგილობრივი კანტორი, რომელთან ერთადაც ადგილობრივი მცირერიცხოვანი მრევლი ლოცულობს. აფხაზეთში სათვისტომოსა და სინაგოგის საქმეებით არც არავინ ინტერესდება, მაგრამ ხელსაც არავინ უშლით.
სინაგოგაში ფასეული აღარაფერი შემორჩა. ის ბევრჯერ გაქურდეს. ძველ კარადებში აწყვია მხოლოდ წიგნები, რომლებსაც წამკითხავი არავინ ჰყავს.
ალექსანდრმა წვერი გაიზარდა და კიპას არ იხდის, თუმცა სინაგოგის კედლებს გარეთ სხვებივით იქცევა. მას ეს სახელი წინაპრების საპატივცემულოდ დაარქვეს, მაგრამ თავად ახალი ებრაული სახელი ამოირჩია – ბეცალელი; რაც ნიშნავს – „ღვთის ჩრდილში“ – „ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ვგრძნობ ამჟამად თავს“, – ამბობს ის.