აზერბაიჯანში ცნობილი მომღერლის შესახებ მსჯელობენ, რომელიც 'ცუდი ცოლის' მკვლელობას ამართლებს
გაზიარება
გაზიარება
„ცუდი ქალი იმსახურებს, რომ თავი მოაჭრან“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა პოპ-შემსრულებელმა ნადირ გაფარზადემ. ამ სიტყვებმა საზოგადოების რისხვა და მწვავე მსჯელობა გამოიწვია.
20 აგვისტოს თურქეთის ქალაქ კირიკალაში მამაკაცმა ცოლს ათი წლის ქალიშვილის თვალწინ ყელი გამოსჭრა.
ამ შემთხვევას თურქეთში მოჰყვა დიდი გამოხმაურება, რომლის გამოძახილმა აზერბაიჯანამდეც მიაღწია. ადგილობრივმა მედიამ, ამ თემაზე საჯარო ადამიანების აზრის გასაგებად, მათი გამოკითხვა დაიწყო. კითხვით მიმართეს ნადირ გაფარზადესაც – მომღერალს, რომელიც გარდა სხვა დანარჩენისა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელ კოლეგებთან მრავალრიცხოვანი სკანდალებითაც არის ცნობილი.
„ზუსტად არ ვიცი, ეს მკვლელობა რის გამო მოხდა. მაგრამ თუკი იმ ქალმა ქმარს ღირსება შეულახა, მაშინ სწორედ მოქცეულა, თავი რომ მოაჭრა. თუკი ქალი გარყვნილად იქცევა, მამაკაცმა ეს როგორ უნდა მოითმინოს?“ – უთხრა ნადირ გაფარზადემ ვებგვერდ Baku.ws.-ს
მან ასევე დასძინა, რომ„ქალისთვის სრული თავისუფლების მიცემა არ შეიძლება, მას ჩარჩოები უნდა განესაზღვროს“.
სოციალური ქსელების რეაქცია
მწერალი გიუნელ მიოვლუდი, რომელიც ევროპაში პოლიტიკურ ემიგრაციაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მკვლელობისკენ მოწოდებისთვის თავად ნადირ გაფარზადეც უნდა გასამართლდეს, და ის ვებგვერდებიც, რომლებიც ამ მოწოდებებს აქვეყნებენ.
მთლიანობაში სოციალურ ქსელებში დისკუსია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა:
– ერთი ნაწილი ნადირ გაფარზადეს ლანძღავდა და ამბობდნენ, რომ ასეთ ადამიანს აზრის გამოთქმის უფლება არ უნდა მიეცეს;
– სხვები მის განცხადებას ეთანხმებოდნენ;
– მესამე ნაწილი აღშფოთებული იყო იმით, თუ რამდენად დაავადებულია საზოგადოება, რომ სერიოზულად მსჯელობს, შეიძლება თუ არა ცოლის მოკვლა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
აზერბაიჯანის მედიაში მუდმივად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქმარმა ცოლს, „შელახული ღირსების გამო, დასჯის მიზნით“, სასტიკად სცემა ან ან მოკლა კიდეც. აქ იგულისხმება ღალატი, ღალატის შესახებ ეჭვი, ან უბრალოდ, ქმრის თვალსაზრისით „არასათანადო“ ქცევა.
ყოველთვის ჩნდება ადამიანების არცთუ მცირე რაოდენობა, რომლებიც ქმრის მხარეს იჭერენ, მას ამართლებენ და მომხდარს „გარყვნილ ქალებს“ ან „ზნეობის დაცემას“ აბრალებენ.
საზოგადოებაში არსებული ამგვარი განწყობა ძალიან აშფოთებს უფლებადამცველ და ფემინისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც განათლების გზით იბრძვიან, ან საზოგადოების მხრიდან დამნაშავის დაგმობის მიღწევას ცდილობენ.