"ენის სიწმინდის დაცვის" მოტივით, აზერბაიჯანში რუსული სახელების დარქმევაც იკრძალება
აზერბაიჯანელ მშობლებს შვილებისთვის რუსული სახელების დარქმევა არ შეუძლიათ – განაცხადა მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტერმინოლოგიური კომისიის წარმომადგენელმა საიალი სადიგოვამ. ჩინოვნიკები ამას „ენის სიწმინდისთვის ბრძოლით“ ხსნიან. სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთებულები არიან, ამ აკრძალვას დასცინიან და მას აბსურდულად მიიჩნევენ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს ასევე კანონსაწინააღმდეგოც არის.
აუტიზმის გადამლახავი ბავშვები – ისტორიები სომხეთიდან
• ქართველები აზერბაიჯანში: თვითმყოფადობასა და გაუცხოებას შორის
რა დააშავა ტატიანამ?
აზერბაიჯანში არაკეთილხმოვანი და გამოგონილი სახელების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მაშინ ეს ბევრმა სრულიად კეთილგანწყობით აღიქვა, ფიქრობდნენ, რომ ბავშვი მშობლების გადაჭარბებული ფანტაზიისგან „დაცული“ უნდა იყოს.
„წუნდების“ პროცესი ასე ხდება: ახალშობილის მშობლები ბავშვის დასარეგისტრირებლად მიდიან, ამბობენ სახელს, რაც სურთ, რომ მას დაარქვან, ჩინოვნიკები კი წყვეტენ, თუ რამდენად „დასაშვებია“ეს სახელი.
და აი, სექტემბერში კომისიამ აზერბაიჯანელ მშობლებს შვილისთვის ბერძნული წარმოშობის რუსული სახელის – „ტატიანას“ დარქმევის ნება არ დართო.
„არსებობს წესები, რომლებსაც უნდა მივსდიოთ, რათა აზერბაიჯანული ენა გარე ზემოქმედებისგან დავიცვათ. ჩვენი მიზანი ენის დაცვაა, და არა მისი დამახინჯება. არ შეგვიძლია, რომ აზერბაიჯანში რუსული სახელი შემოვიტანოთ“, – ამბობს საიალი სადიგოვა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შეუძლიათ, შვილებს ის დაარქვან, რაც სურთ. თუმცა, ის შემთხვევები არ განიხილება, როდესაც ბავშვი აზერბაიჯანულ-რუსულ, შერეულ ოჯახში იბადება.
ამავდროულად, სახელები – „რობერტი“, „ელზა“, „სოფია“ დაშვებულია, თუმცა ამ სახელებს აზერბაიჯანულ ენასთან ასევე არავითარი საერთო არ აქვთ.
ამიტომ, ადამიანები ვერაფრით ხვდებიან ლოგიკას, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს.
„რატომ არ შეიძლება?!“ – აღშფოთებულები არიან სოციალური ქსელებში
არ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელები შვილებს რუსულ სახელებს მასობრივად არქმევენ. მაგრამ საკუთრივ იმ ფაქტმა, რომ ეს იკრძალება, ბევრი აღაშფოთა.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან:
„რა სისულელეა. ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ რა სახელი მოგწონს? თუ აზერბაიჯანელი ხარ, შვილს მხოლოდ აზერბაიჯანული სახელი უნდა დაარქვა?“;
„ამ სულელური აკრძალვების დაწესებას, აჯობებდა, მსოფლიოს მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ეთარგმნათ აზერბაიჯანულად და ეს ენა სკოლებში ესწავლებინათ კარგად!“
თუმცა, ზოგიერთს ეს აკრძალვა არცთუ ისე აბსურდულად ეჩვენება:
„საერთოდ რატომ უნდა დაარქვას აზერბაიჯანელმა შვილს რუსული სახელი? რუსი მშობლები თავიანთ ვაჟს მაგომედს, ან ქალიშვილს ზულფიას ხომ არ დაარქმევენ“.
„ეს უკანონობაა!“ – ამბობენ ექსპერტები
„აზერბაიჯანის საოჯახო კოდექსის №53-ე მუხლში ნათქვამია, რომ ბავშვს სახელი, გვარი, და მამის სახელიც კი მშობლების ურთიერთშეთანხმებით ენიჭება. მხოლოდ მშობლებს შორის არსებული უთანხმოების შემთხვევაში, საქმე შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანომ უნდა განიხილოს“ – უთხრა 1news.az-ს იურისტმა აკრამ გასანოვმა.
მისი თქმით, ამ საკითხში ტერმინოლოგიური კომისიის გადაწყვეტილებას შესაძლებელია რეკომენდაციის ან რჩევის სახე ჰქონდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – აკრძალვის.
დეპუტატი აიტენ მუსტაფზადე ასევე ამბობს, რომ მსოფლიოში აღიარებულ სახელებზე აკრძალვის დაწესება ტერმინოლოგიური კომისიის კომპეტენციაში არ შედის.
„თუ მსურს, რომ ჩემს ქალიშვილს საყვარელი კინომსახიობების პატივსაცემად ორნელა ან ანჟელინა დავარქვა, ამაში ხელი ვერავინ უნდა შემიშალოს“, – ამბობს მუსტაფაევა, და ამგვარ აკრძალვებს ადამიანის უფლებების დარღვევას უწოდებს.
ენის სიწმინდისთვის ბრძოლის დაწყებას კი, დეპუტატი მედიასა და, განსაკუთრებით ტელევიზიაში, ლიტერატურული ნორმების დაცვის დაწყებით ურჩევს.
უფლებადამცავი ელდარ ზეინალოვი სახელებზე არალოგიკური აკრძალვის დაწესების სხვა შემთხვევებსაც იხსენებს. ის განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევებში მშობლებს საჩივრის შეტანა შეუძლიათ. ერთ-ერთმა მსგავსმა საჩივარმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც კი მიაღწია. მაშინ საქმე მამაკაცის სახელს „აბულფაზლ-აბასს“ (რწმენისთვის წამებული შიიტის, ისტორიული პერსონაჟის სახელი) ეხებოდა.