ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 18 მაისს გამოაქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსი ‘ზიკა’, რომელიც ადრე მხოლოდ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში იყო გავრცელებული, შესაძლოა, ევროპასაც მოედოს.
განსაკუთრებული რისკის ზონებად საქართველო, რუსეთის შავიზღვისპირეთი და პორტუგალიის კუნძული მადეირაა დასახელებული, რადგან კოღოს ის სახეობა, რომელიც ‘ზიკას’ გადამტანია, შავი ზღვისპირეთშიც ბინადრობს.
სპეციალისტები რისკის ჯგუფში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს სამუშაოები მწერების გავრცელების ადგილებში და მოხდეს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურება; ასევე, აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალების ინფორმირება ამ ვირუსისა და მისი გართულებების თაობაზე.
რა არის ‘ზიკა’ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს;
‘ზიკას’ ცხელება ადამიანებს ადვილად გადააქვთ და იგი თითქმის არასდროს არ იწვევს სიკვდილს. მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, გამონაყარი, თავის ტკივილი. სიპტომები ვლინდება ვირუსის სისხლში მოხვედრიდან რამდენიმე დღეში, გრძელდება დაახლოებით ერთ კვირას და, როგორც წესი, არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. ‘ზიკას’ ვირუსით დაავადებული ადამიანები ხშირად ექიმსაც არ მიმართავენ, მით უმეტეს, რომ მისი მკურნალობისთვის სპეციალური მედიკამენტები არც არსებობს;
თუმცა, ბევრად რთულია ვითარება ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში. ‘ზიკა’, პირველ რიგში, სწორედ მათთვის არის განსაკუთრებით სახიფათო, რადგან ვირუსი სერიოზულად აზიანებს ნაყოფს და ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტს – მიკროცეფალიას და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვირუსია მოდებული, საგრძნობლად ხშირად იბადებიან ახალშობილები მიკროცეფალიით;
სალვადორში, სადაც ვირუსი ძალიან გავრცელებულია, ხელისუფლებამ მოუწოდა ქალებს, თავი შეიკავონ ფეხმძიმობისგან უახლოესი სამი წლის განმავლობაში. იგივე რეკომენდაციით გამოდიან ბრაზილიელი ექიმები. აშშ კი მოუწოდებს ფეხმძიმე ქალებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც აღნიშნული ვირუსია გავრცელებული.
გასულ წელს მხოლოდ ბრაზილიაში ‘ზიკას’ ვირუსი ორ მილიონამდე ადამიანმა გადაიტანა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ‘ზიკას’ გლობალურ საფრთხედ განიხილავს და მას პანდემიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
ვირუსის გავრცელების პოტენციური ზონაა ნებისმიერი რეგიონი, სადაც კოღოების სახეობა Aedes ბინადრობს.
გამოქვეყნებულია: 19.05.2016