წამლები გაქრა
ნოემბერში სოციალური ქსელები ბრაზითა და მრისხანებით აღსავსე კომენტარებით გაივსო. იმ მედიკამენტების თითქმის ნახევარი, რომლებსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები სამკურნალოდ იყენებდნენ, აფთიაქებიდან საერთოდ გაქრა.
“ეს რა ქვეყანაა?! ორი საათია, აფთიაქებში დავდივარ, რომ ნიკსონი და დეკლაბერლი ვიყიდო, მაგრამ ამაოდ! უკვე 20 აფთიაქი მოვიარე. არ ვაჭარბებ! მიხსნიან, რომ სახელმწიფოს მიერ შემცირებული ფასების გამო, ფარმაცევტული დეპოსთვის აღნიშნული მედიკამენტების დისტრიბუცია აღარ არის მოგებიანი! და ავადმყოფებმა რა ქნან? რატომ არავინ ფიქრობს მათზე?!”
“ერთი კვირის წინ ერთი ბერიკაცი ეჩხუბებოდა მთავარ ექიმის, რადგან იმ პოლიკლინიკის ექიმებმა ისეთი წამლები გამოუწერეს, რომლებიც აფთიაქში არ მოიპოვება.
ეს შემთხვევა გამახსენდა იმიტომ, რომ ამ მოხუცმა მთელი პოლიკლინიკის გასაგონად დაიყვირა: “და რა ვქნა ახლა?! ეს წამლები არ იშოვება; მე თვითონ მოვკვდე, თუ ექიმი მოვკლა?”
ძალიან შემეშინდა. სასოწარკვეთილი პენსიონერი ყველაფერზეა წამსვლელი. მე მათ ვერ გავამტყუნებ. ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს.”
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის ტარიფების მარეგულირებელი საბჭო იმ მედიკამენტების ფასებს ამტკიცებს, რომლებიც ქვეყანაში იყიდება. ჩვენ უკვე გვაქვს 3010 დასახელების სია, დანარჩენ პრეპარატების ფასების დამტკიცება კი 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ახალ სიაში ზოგიერთი მედიკამენტის ფასი ორჯერ (ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც კი) არის შემცირებული.
ასეთი ფასების გამო, აფთიაქებისთვის აღნიშნული წამლების გაყიდვა მოგებიანი აღარ არის. სწორედ ამიტომ გაქრა ბევრი პრეპარატი – უბრალოდ აღარ შეიტანეს აფთიაქებში. ფორუმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლები უამრავ პრეპარატს ასახელებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასეთი წამლებს ახლა მეზობელ ქვეყნებში თუ იყიდიან მხოლოდ.
trend.az-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრმა, ალი მასიმლიმ განაცხადა, რომ წამლების გაიაფება ეკონომიკის ყველა სფეროზე, ყველა ოჯახის ბიუჯეტზე დადებითად აისახება. “ყველას მოგვეხსენება, რომ ხანში შესული ადამიანები შემოსავლების (ხელფასებისა და პენსიების) დიდ ნაწილს წამლების შესაძენად იყენებენ. სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული რეგულაციები აუცილებელი მედიკამენტების დიდ ნაწილზე შესამჩნევად შეამცირებს ფასებს, რაც აზერბაიჯანის ღარიბი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.”
disput.az-ზე წარმოებულ დისკუსიას თუ ვენდობით, მოსახლეობა ასეთი მეთოდებით აღფრთოვანებული ნამდვილად არ არის.
“სახელმწიფო ფასების შემცირებით ცდილობს, მზრუნველობა გამოხატოს მოსახლეობის მიმართ, მაგრამ ავიწყდება, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც მედიკამენტების დამზადებისას დაცული უნდა იყოს. თუმცა, ამ ნორმებს ყველა მეწარმე არ იცავს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მეწარმე ქვეყნების ხარისხებად დაყოფა და მედიკამენტების ფასების ამ ხარისხების მიხედვით დაწესება არ არის სწორი. ის მწარმოებლები, რომლებიც გაყიდვების რაოდენობის მხრივ ლიდერობენ, უბრალოდ ტოვებენ აზერბაიჯანის ბაზარს, დანარჩენები კი სულს ძლივს ითქვამენ. დისტრიბუტორები მწარმოებლებისგან პირველად ღირებულებასა და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურებას ითხოვენ. სადღაც გერმანიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, უნგრეთში (არ აქვს მნიშვნელობა, სად) მდებარე ქარხანაში კი ვერ ხვდებიან, თუ რა მათი გადასხდელია ეს აზერბაიჯანული “ჭკუის (თუ უჭკუობის) თამაშები?” ჰოდა ამიტომ, უბრალოდ თავს ანებებენ ამ ქვეყანაში საქმიანობას.”