ვისით ვამაყობთ და ვის ვადანაშაულებთ?
რკინის კარი ქუჩიდან პირდაპირ ოთახში იღება. მთელ სივრცეს დიდი მაგიდა იკავებს. თუკი მეორე ბოლოში, პატარა სამზარეულოში გინდა, მოხვდე, მჯდომარე ადამიანების უკან დარჩენილ მცირე გასასვლელში უნდა გაეტიო. მაგიდასთან 5 ვეტერანი ზის. დანარჩენები “თანამეგობრობის” წევრები არიან [აზერბაიჯანის ხალხების სოლიდარობის საზოგადოებრივი გაერთიანება], ლიტერატორები “თანამეგობრობასთან” არსებული გაერთიანება “სხივიდან”, ფერმკრთალი გოგონა, რომელსაც ვიოლინო აქვს და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გასართობი პროგრამის გამრავალფეროვნება ევალება. მოხალისეებიც აქ არიან. სწორედ მათ მიერ არის ღონისძიება ორგანიზებული.
უნდა ითქვას, რომ “თანამეგობრობამ” უბრალოდ შენობა გამოყო. ვეტერანებისათვის 9 მაისის მილოცვა კი გადაწყვიტა აიდა ალიევამ – ცნობილმა აქტივისტმა, რომელსაც მხრებზე ბავშვთა თავშესაფარი და სხვა საქველმოქმედო პროექტები აწევს. სწორედ მან და მისმა მოხალისე მეგობრებმა იყიდეს ორცხობილები ჩაისთვის; ასევე ვეტერანებს დაურიგეს გამოსადეგი საჩუქრები – წიწიბურას, მაკარონისა და შაქრის პაკეტები.
ტოფიკ ახმედოვი
მიწვეულ სტუმრებს შორის არის ვეტერანი ტოფიკ იაგუბოვიჩ აჰმედოვი. იგი ბოლომდე წელში გამართული დგას და უამრავი ორდენით აქვს მკერდი დამშვენებული. “ოც წელიწადს ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ ანატოლი იაკოვლევიჩს მეძახდნენ”, – სიცილით აღნიშნავს იგი. ტოფიკ იაგუბოვიჩი ამტკიცებს, რომ მოსკოვში მეცენატის ოქროს ვარსკვლავი მიიღო და ამის შემდეგ კიდევ ორი წელი ნიუ-იორკში გაატარა, სადაც , სხვათა შორის, ყველა ძირძველი ბაქოელი ცხოვრობს; ვიღაც სოფლელებს იქ ვერ ნახავთ. “მე სტალინისტი ვარ. ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს სტალინი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფაშიზმზე გამარჯვება მოგვეპოვებინა და მრეწველობას ემუშავა, – სიამაყით აღნიშნავს ტოფიკ იაგუბოვიჩი, – თქვენ არ იცით, მაგრამ როგორც კი ომი დამთავრდა, ფასების შემცირება დაიწყო.”
მთლიანობაში, სუფრასთან ბევრჯერ ახსენეს ბედნიერებით აღსავსე საბჭოთა ეპოქა. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში ვეტერანების საქმეებით, ძირითადად, რუსული სათვისტომოს წარმომადგენლები და შესაბამისი ორგანიზაციები არიან დაკავებულები – რუსული საინფორმაციო კულტურული ცენტრი და რუსული სათვისტომო. ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ ეკლესიის მოხალისეებს, განსაკუთრებით კი მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს, რომელიც ბაქოში ყველაზე ძველი ეკლესიაა. “თანამეგობრობა”, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის საელჩოსთან, პატარა ლიტერატურულ წრეებთან და გაერთიანებებთან ერთად, მთლიანობაში რუსულენოვანი საინფორმაციო სივრცის ერთ მხარეს წარმოადგენს. აქ გამეფებულია ნოსტალგიური განწყობა საბჭოთა პერიოდის მიმართ და იგრძნობა ყველაფერი რუსულისადმი სწრაფვა. ამიტომაც, საზეიმო სუფრასთან მეორე მსოფლიო ომი რამდენჯერმე “დიდ სამამულო ომად” მოიხსენიეს – ისე, როგორც რუსეთშია მიღებული.
ვალენტინ კონონოვი
კიდევ ერთი ვეტერანი, ვალენტინ ეფიმოვიჩ კონონოვი ომის დროს ზურგში მუშაობდა. “კასპიის ფლოტში ვმსახურობდი. ნავთობი ასტრახანში გადაგვქონდა – არმიას საწვავით ვამარაგებდით. დროდადრო გერმანელებისგან სროლით გვიწევდა თავის დაცვა.”
“ზოგჯერ იუნკრები გვესხმოდნენ თავს. ჩვენ მივდიოდით, უკან კი საწვავით სავსე ბუქსირი მოგვყვებოდა. გერმანელები ჩვენს თავზე დაფრინავდნენ, ჩვენ კი მანევრირების საშუალება არ გვქონდა; მათთვის უბრალოდ სამიზნე ვიყავით.
განსაკუთრებული შიში არასდროს მიგრძვნია, მაგრამ იყო მომენტი, რომელიც არც ისე ბევრ ადამიანს უნახავს, მაგრამ ყველას შეუძლია წარმოიდგინოს. მე ვნახე, როგორ იწვოდა ზღვა. გერმანელებმა ქარხანა დაბომბეს, საწვავი გადმოიღვარა და ცეცხლი წაეკიდა. აალებულ წყალს ქარი პირდაპირ ჩვენკენ მოერეკებოდა. ცეცხლი გვიახლოვდებოდა და როდესაც ჩვენამდე დაახლოებით 200 მეტრი დარჩა, ქარმა უცებ შეიცვალა მიმართულება და ცეცხლი სხვა მიმართულებით წაიღო.”
ვალენტინ ეფიმოვიჩის მამა, როგორც თავად ვეტერანი აღნიშნავს, “სმერშში” მსახურობდა და 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდებიდან არც ისე ბევრმა იცის, რომ “სმერში” ლეგენდარული სტრუქტურა იყო, რომელიც უშუალოდ სტალინს ექვემდებარებოდა და საბჭოთა არმიაში “წმენდაზე” აგებდა პასუხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს დანაყოფი სტალინის რეპრესიების ხორცშესხმით იყო დაკავებული.
საზეიმო სიტყვების შემდეგ თვითემოქმედების დრო დადგა – პიანინოსა და გიტარის აკომანიმენტიით მღეროდნენ, უკრავდნენ ვიოლინოზე… მოკლედ, ერთობოდნენ, როგორც შეეძლოთ. ჩაის ზედმეტი ავეჯით გადაჭედილ სამზარეულოში მდგარი უზარმაზარი ელექტროსამოვრიდან ასხამდნენ. მთლიანობაში ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით პატარა ინციდენტს საჩუქრების დარიგების დროს – აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ ორი პაკეტი აიღო, სხვებს კი საერთოდ არ შეხვდათ.
თუმცა, სასიხარულო იყო ის, რომ სახელმწიფომაც გადაწყვიტა, მიელოცა ვეტერანებისათვის. წელს თითოეულ მათგანს 1000 მანათი ($670) გადასცეს, ვეტერანების ქვრივებმა კი 500-500 მანათი მიიღეს. გასულ წელს თითოეულ ვეტერანს 500 მანათი ერგო, ვეტერანების ქვრივებს კი – 300-300 მანათი.
დანარჩენი 364 დღე
ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში მეორე მსოფლიო ომის 1200-მდე ვეტერანი ცხოვრობს. ვეტერანებად ითვლებიან არამხოლოდ ისინი, ვინც ბრძოლის ველზე ომობდა, არამედ ისინიც, ვინც ზურგში მუშაობდა. ამავე კატეგორიაში შედიან ასევე გერმანელების მიერ ოკუპირებული რაიონებიდან დაბრუნებული რეპატრიანტები, “გამოსასწორებელ ბანაკების” ყოფილი ტყვეები და შრომის ვეტერანები. არსებობს ვეტერანების საბჭო, რომელიც მათთან დაკავშირებული საქმეებითაა დაკავებული.
როგორ ცხოვრობენ ვეტერანები დანარჩენი 364 დღის განმავლობაში? მათ განსხვავებული საპენსიო უზრუნველყოფა აქვთ. ბაქოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ოლქის ომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარისა და მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ანტროპოვის თქმით, მფრინავებს შეუძლიათ, 1000 მანათზე ($669) მეტი მიიღონ, რიგითები კი, შესაძლოა, მინიმალური პენსიას, 160 მანათს ($107) იღებენ, მაგრამ ზოგიერთს 300-380 მანათი ($200-255) აქვს.
რაც შეეხება კანონმდებლობას, გაეროს გენერალური ასამბლეის 46-ე სესიის საფუძველზე, 1992 წლის 3 დეკემბერს აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც შეღავათების მიმღები ადამიანების კატეგორიებსა და ვეტერანების საბჭოების საქმიანობას განსაზღვრავს.
2006 წელს კანონში ცვლილებები შევიდა – შეღავათები ერთჯერადი გადახდებით შეიცვალა.
სხვათა შორის, ამ კანონის მეთორმეტე მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა ვეტერანებს კომუნალური გადასახადებისა და სატელეფონო საუბრების დავალიანების დასაფარად საჭირო თანხა უნდა გამოუყონ. უნდა გამოიყოს ვეტერანის მკურნალობის, პროთეზირებისა და წამლებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხაც; სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს კურორტებსა თუ სანატორიუმებში მათ დასვენებასა და რეაბილიტაციას, მაგრამ, როგორც ალექსანდრ ანტროპოვი აღნიშნავს, ვეტერანებს არაფერს უხდიან. მათ არ აქვთ შეღავათები, ყველა კომუნალურ გადასახადს დამოუკიდებლად იხდიან და მკურნალობაც ფასიანია: “თუ ფული გაქვს, წადი, იმკურნალე, იყიდე წამლები… თუ ფული არ გაქვს, გაფშიკე ფეხები და მოკვდი!”
თუმცა, ხლისუფლება პერიოდულად გულუხვ ჟესტებსაც აკეთებს. მაგალითად 2012 წელს სახელმწიფომ 695 ვეტერანს სამამულო წარმოების, NAZ-Lifan-ის მარკის ახალი ავტომობილები გადასცა. ამას გარდა, ორმოცდახუთი ვეტერანი ახალი ბინებით უზრუნველყვეს.
მარტოხელა ვეტერანები, რომლებსაც ოჯახები არ ჰყავთ, პენსიიდან პენსიამდე, ერთი მოხალისის ვიზიტიდან მეორე მოხალისის სტუმრობამდე ცხოვრობენ. ამასთან, არამხოლოდ მატერიალური პრობლემები, არამედ მარტოობაც აწუხებთ. ამიტომ ასაკის, ავდმყოფობისა და დაღლილობის მიუხედავად, მათთვის ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას დიდი სიხარულით სტუმრობენ.
ადელია აღაკიშიევა
ადელია ჰეიდაროვნა აღაკიშიევას ბოლო დროს სულ უფრო მეტად უჭირს დღესასწაულებზე მისვლა. იგი 87 წლისაა და ბაქოს ცენტრის შორიახლოს, ბაილის რაიონში, პატარა, მრავალი ნივთით სავსე ბინაში ცხოვრობს. ადელია ჰეიდაროვნას ფეხები სტკივა. ჯოხით დადის და მარტო ვეღარ უვლის თავს. თუმცა, მისი შავი თვალებიდან აშკარად ჩნას, რომ წლებმა მახვილი გონება ვერ წაართვა.
თავად ადელია ხანუმი (იგივე დეიდა ადა, როგორც მას ყველა უწოდებს) ნახიჭევანიდანაა. 41 წელს დაასრულა ტექნიკუმი, მოისმინა ფერშალის მოსამზადებელი კურსები და იყო რაიკომის კომიტეტის მდივანი “42 წელს კომკავშირის რაიკომის მდივანმა გამოგვიძახა და წაგვიკითხა სტალინის ბრძანება ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდობის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შესახებ.
აი, რას გეტყვი – ახლა ბევრი ამბობს, რომ თავისი ნებით წავიდა. არ დაუჯერო! არავინ მიდიოდა თავისი ნებით – ყველას განცხადებას აწერინებდნენ. აი, ასეთი დრო იყო! ერთს დაიძახებდნენ და ყველა ეწყობოდა. დღეს ასე არაა – ყველაფერი ერთმანეთში აირია. ერთმანეთს ეომებიან. სამწუხაროა, რომ სტალინი არაა ცოცხალი.”
42 წელს ადელია მედდად გაგზავნეს ფრონტზე. “ჩვენთან ერთად წამოვიდნენ ექიმი მამედი და კიდევ ერთი მედდა, ხაჯარი. ექიმი თავს დაგვფოოფინებდა. ძალიან ცდილობდა, ჩვენზე ეზრუნა.”
გულისხმიერ ადელიას ძალიან უჭირდა მედდად მუშაობა: “ერთხელ ორი ზურგდამწვარი მფრინავი მოგვიყვანეს. ექიმმა მაკრატელი და პინცეტი მომაწოდა და მითხრა: “მიდი, მოჭერი დამწვარი კანი”. ვჭრი და ცრემლები მდის. ექიმმა შემდეგ დამტუქსა: “ნუთუ ვერ ხვდები, რომ ომში ხარ? აქ ტირილი არ შეიძლება! უნდა მიეჩვიო!”
ადელია ხანუმი ამბობს, რომ დღემდე ტირის, როდესაც ტელევიზორში გამარჯვების აღლუმს აჩვენებენ: “ჩემ დას ქმარი დაეღუპა ომში და მარტო დარჩა, ერთი შვილით. სიკვდილამდე ქმარს გლოვობდა – გადმოყრიდა ქმრის მიერ ფრონტიდან მოწერილ წერილებს და ტიროდა. მე თვითონ რამდენიმე წერილი წავიკითხე – მეტი ვერ შევძელი, იმიტომ, რომ დარდისგან გული მისკდებოდა…”
ადელია ხანუმს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა: “ძალიან მკაცრი ოჯახი მყავდა. მამაჩემს არც კი უთხრეს, რომ ომში წავედი. დედამ მოატყუა – უთხრა, რომ მედდის საქმის შესასწავლად ვიყავი წასული და რომელიღაც რაიონში ვიმუშავებდი. თავიდან, ვიდრე 43 წელს უკრაინის ფრონტზე არ გამგზავნიდნენ, ხშირად ვბრუნდებოდი სახლში. დედა ყოველთვის მტუქსავდა იმის გამო, რომ სახლში ფორმით ვბრუნდებოდი. ჯარში ბევრს სურდა ჩემი ცოლად მოყვანა, ძირითადად – რუსებს. თუმცა, მე ყველას უარი ვუთხარი. ვეუბნებოდი, რომ სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. სინამდვილეში, უბრალოდ რუსზე გათხოვება არ მინდოდა. ერთხელ ჩვენს მედდა ხაჯართან ერთად ვიჯექი. ხაჯარმა მითხრა, – არავის ვუთხრათ, რომ ფრონტზე ვიყავით, იმიტომ, რომ ყველა ბოზებად ჩაგვთვლისო.”
“მახსოვს, როდესაც გავიგე, რომ ომი მოვიგეთ, მიწაზე გავიშხლართე და ავტირდი. ჯარისკაცები და ოფიცრები, ბიჭები და გოგონები… ყველა ტიროდა. შემდეგ რაიხსტაგთან მივედით. პატარა ვიყავი ფიზიკურად. ხელში ამიყვანეს და მითხრეს, შენც დაწერე შენი სახელი საფეხურებზეო. არ დავწერე, რადგან არ მინდოდა, მტრის მიწაზე ჩემი სახელი ყოფილიყო აღბეჭდილი,” – ამბობს ადელია ხანუმი.
ადელია ხანუმის თქმით, მას ფინანსური პრობლემა არ აქვს – პენსიის სახით, 300 მანათს ($200) იღებს და, გარდა ამისა, საპრეზიდენტო პენსიასაც” უხდიან 100 მანათის ($67) ოდენობით. მას, გაჭირვებაზე მეტად, ჩინოვნიკების თავგასულობა აწუხებს: “სოციალური დაცვის ფონდის ინვალიდობის ამონაწერში ინვალიდობის მიზეზის გრაფაში ჩაწერეს “საერთო”, არადა “დიდი სამამულო ომის ვეტერანი” უნდა ჩაეწერათ. ჩემი შეკითხვები კი უპასუხოდ დატოვეს.”
ადელია აღაკიშიევა
გაზეთ “ვეჩერნაია მოსკვას” 1945 წლის 9 მაისის გამოშვება. “ჰიტლერული გერმნია განადგურებულია”
ვერსიები
მეორე მსოფლიო ომის მოვლენების გადაფასება არც ისე მარტივი საქმეა. აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების ოფიციალური ვერსიის მიხედვით მეორე მსოფლიო ომი ჩვენი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე დიადი გამარჯვებაა. საბჭოთა აზერბაიჯანის 600 ათასზე მეტი მცხოვრები წავიდა ომში და აქედან, სულ ცოტა, 300 ათასი დაიღუპა. იმ ნავთობმა კი, რომელსაც 14 წლის ვალენტინ კონონოვი ბაქოდან ასტრახანში ეზიდებოდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა საბჭოთა არმიის საწვავით უზრუნველყოფის საქმეში.
სოციალური ქსელები კი ამ საკითხს აუცილებლად ეხებიან 9 მაისს და ეპიზოდურად – მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, აქ მეორე მსოფლიო ომი კამათის საფუძვლად გამოიყენება ხოლმე. ასეთ დავებში შეიძლება ისეთ ფაქტებს წააწყდეთ, რომლებიც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება. მაგალითად, უნდა აღინიშნოს ის, რომ 1941 წლამდე საბჭოთა კავშირი იმავე აზერბაიჯანულ ნავთობს გერმანიას აწვდიდა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ოფიციალურისგან კარდინალურად განსხვავდება. საქმე ისაა, რომ იყო ასეთი განმანთავისუფლებელი ორგანიზაცია, რომელშიც აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეები, საზღვარგარეთ გადახვეწილი ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ. ეს ადამიანები აზერბაიჯანის რუსეთისგან დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ და მესამე რაიხთან სავსებით გააზრებულად თანამშრომლობდნენ. “გამოდის, რომ ისინი, ვინც საბჭოთა ხელისუფლების მხარეს იბრძოდნენ და უშუალოდ აგებენ პასუხს აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მრავალ უკეთურ ქმედებაზე, გმირები ხდებიან, ხოლო ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებიც ათასობით აზერბაიჯანელის დაღუპვაში და 30-იანი წლების რეპრესიების დროს ერის რჩეული ნაწილის განადგურებაში ბრალდებულ რეჟიმს იარაღით ხელში ებრძოდნენ, სამშობლოს გამყიდველები არიან!” – წერს თავის სტატიაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აიდინ ბალაევი.
ბრესტის ციხე-სიმაგრის დამცველის ამაღელვებელი ამბის ფონზე ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მომხმარებელი წერს: “არაფერია გმირული იმაში, რომ იმპერიის ჩხუბში საზარბაზნე ხორცად იქეცი”. 2016 წელს გამარჯვების დღემ სოციალურ ქსელებში საოცრად მშვიდად ჩაიარა – თითქოს ხალხი გეოპოლიტიკურ თემებზე გამართულმა დისკუსიებმა დაღალა. მომხმარებლები აქვეყნებდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე პაპების ამაღელვებელ ისტორიებს (ასეთები კი ყველა აზერბაიჯანულ ოჯახში მოიძებნებნება). მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, როდესაც რუსეთში იმპერიის სიდიადის საკითხი დღის წესრიგში დგება, აზერბაიჯანში იმის ანალიზს იწყებენ, თუ რა დაკარგა და რა შეიძინა ამ ქვეყანამ როდესაც საბჭოთა რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა.
ცალკე განხილვის თემაა წმინდა გიორგის ლენტა, რომელსაც პუტინის რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ საიდან მოიტანეს ეს ლენტი პუტინის პიარმენეჯერებმა მეორე მსოფლიო ომის “რებრენდინგისთვის” და, რაც მთავარია, რა მიზნით დაამკვიდრეს ეს სიმბოლო. პუტინის პოლიტიკის, იმპერიის აღორძინების იდეისა და აზერბაიჯანის “უფროს ძმასთან” დაბრუნების მომხრეებს დანარჩენები ზიზღით “ხივის” უწოდებენ – ასე ეძახდნენ საბჭოთა მოქალაქეებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდნენ.
კომუნისტები
ომში მოპოვებული გამარჯვება პოლიტიკური პარტიის სასარგებლო არგუმენტადაც შეიძლება გამოდგეს. მაგალითად, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტია 9 მაისს დიდი სიხარულით ულოცავს ვეტერანებს დღესასწაულს და, ამავდროულად, ახალგაზრდობასთან აგიტაციურ სამუშაოს ეწევა.
წელს ფაშიზმზე გამარჯვების მონუმენტთან კომპარტიის წარმომადგენლები წმინდა გიორგის ლენტებს არიგებდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და საკუთარ პოზიციას ანდობდნენ რამდენიმე სტუდენტს, რომლებმაც გადაწყვიტეს, მიელოცათ ვეტერანებისათვის. ღონისძიება დასასრულს უახლოვდებოდა, ვეტერანები სიამოვნებით ურთიერთობდნენ ჟურნალისტებთან, “კომუნისტური” კრების მხრიდან კი ისეთი სიტყვები ისმოდა, როგორიცაა “კაპიტალიზმი”, “კომუნიზმი”. “ზიუგანოვიც” კი ახსენეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსეთის კომპარტიის თავმჯდომარე მისაბაძ მაგალითად მოიყვანეს.
გიულნისა მაქსიმოვა, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე
პოლკოვნიკი სულეიმან აბასოვი თავისი პროფესიის ერთგული დარჩა. იგი სამხედრო საქმეს ასწავლის.
მაიორ რაფიკ ჰუსეინოვს ორმოცწლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს. მას ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და მიაჩნია, რომ ჩვენს დროში სამეცნიერო ხარისხის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება.
აღასამედ ამირბეკოვმა ქალიშვილს სთხოვა, რომ თუკი წელს გამარჯვების დღეს ვერ მოესწრებოდა, მისი მედლები ტანსაცმელზე დაებნია და სადღესასწაულო შეკრებაზე მის ნაცვლად წასულიყო. ამირბეკოვის ქალიშვილმა მამის თხოვნა შეასრულა.
ყველაზე სევდიანი ამბავი
ვეტერანების ისტორიებს შორის ყველაზე სევდიანი სოფია ვასილიევნა სოკოლოვას ამბავია.
მისი გზა სმოლენსკის ოლქის სოფელ კრუტოედან ბაქოში მდებარე პატარა ოთახამდე ფაშისტურ ბანაკზე, მძიმე სამუშაოზე და სტალინის რუსეთში ხალხის მტრის სტატუსის მიღებაზე გადის.
მისი 17 წლის ძმა ფაშისტებმა სამხედრო ტყვედ წაიყვანეს ბანაკში, მოგვიანებით კი, 43 წელს მასაც მოადგნენ. მაშინ სოფია 16 წლის იყო. “მაშინ ბევრი მოზარდი მიჰყავდათ სახლებიდან, ყველა მეზობელი სოფლიდან, ყველა მხრიდან ისმოდა დედების ტირილის ხმა. მათ ვინც წინააღმდეგობას უწევდა, მარტივად – კბილებში კონდახის ცემითა და ჯოხის ქნევით უსწორდებოდნენ.”
ტყვეები სამხედრო წყობით ბელორუსის სსრ-მდე მირეკეს. “გზას ნამქერისგან ვწმენდდით ადგილზე მისვლისას კი მიწაზე დავიწყეთ მუშაობა – სანგრებსა და ტანკსაწინააღმდეგო ბუნკერებს ვთხრიდით”. ომიდან სამახსოვროდ ორი ჭრილობა დარჩა, რომლებიც მან ჭურვების ნამსხვრევებით მიიღო მკერდსა და ფეხში. ამას გარდა, მან მარჯვენა ხელიც დაიზიანა.
“პურს ხის ნახერხისგან ვაცხობდით, რის გამოც, ყველას სტკიოდა მუცელი და ღვიძლი. ყველა, ვინც იმ დღეებში გადარჩა, ავადაა. აი, მე პირადად დღემდე სპეციალური დიეტა მჭირდება,” – ამბობს მოხუცი ქალბატონი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ზამთარში: “ჩექმების ნაცვლად, ხის კუნძები გვეცვა. ფეხები გვეყინებოდა, მაგრამ კოცონთან ვერ გაითბობდი – ხეს უცებ ეკიდებოდა ცეცხლი”. მუხლების საშინელი ტკივილი, რომელიც დღეს აწუხებს სოკოლოვას, სწორედ იმ ფეხსაცმლის შედეგია.
დადგა თუ არა უკეთესი დრო გამარჯვების შემდეგ? სოფიამ კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა და ძმაც იპოვა.”საშინელი შიმშილი მძვინვარებდა. ხალხი უბრალოდ სივდებოდა. ზოგჯერ, არაქათგამოცლილი ვიწექი მინდორში და იქვე ამოზრდილ ღოლოს ვკვნეტდი ხოლმე ნელნელა.
არც პირუტყვი იყო, და არც მანქანები. ადამიანები ზურგით ეზიდებოდნენ მარცვლეულის ტომრებს. მიწას ფარცხითა და გუთნით ხნავდნენ.”
საბუთები არ ჰქონდა. ყველა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდა, სტალინმა ხალხის მტრებად გამოაცხადა: “და რა გვექნა? თუკი მეომრებმა ვერ შეინარჩუნეს მიწა, ჩვენ – მოხუცები, ქალები და ბავშვები როგორღა შევძლებდით ?” ახლა სოფია ვასილიევნა მინიმალურ პენსიას, 170 მანათს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ბანაკებში ნამყოფი ადამიანები ვეტერანებად ითვლებიან, მოხუც ქალბატონს საკუთარი სტატუსის დამტკიცება არ შეუძლია. ფაქტობრივად, მოხალისეთა კმაყოფაზე ცხოვრობს. საოცარია, მაგრამ ეს მოღიმარი ქალი თავის ყოფას არ უჩივის: “კარგად ვარ, უბრალოდ ფეხები მტკივა.”
ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ამ ომმა სოკოლოვას არამხოლოდ მთელი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა, არამედ გმირული მითის უკან ამოფარების საშუალებაც წაართვა.
სოფია სოკოლოვა
გამოქვეყნდა 02.06.2016