11 სექტემბრიდან საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის
11 სექტემბრიდან საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განკარგულებას ხელს სწორედ დღეს მოაწერს.
მისივე თქმით, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შარშან საქართველომ 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან. პრემიერის განმარტებით, მთავრობა ელოდება, რომ შემოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება – 4 და 4.5 მილიარდი.
“იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება.
მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ჩინეთის მთავრობის “ეფექტურობას” გაუსვა ხაზი.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკის მინისტრის დელეგაცია ჩამოვიდა კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე:
“ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს, არამარტო ჩინეთიდან, არამედ, სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან რომ ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება.”
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, პრემიერმინისტრის ჩინეთში ვიზიტი ისტორიული იყო და ტურისტული სექტორი ერთერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს მთავრობა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ შეთანხმება პირველ ეტაპზე, რომ დღეში მინიმუმ ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა, ეს არაა საკმარისი, ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია, პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომლიც უკვე შესამჩნევი ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით.” – თქვა დავითაშვილმა.
● საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
● საქართველო და ჩინეთი – რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში
● დასავლეთის შემობრუნება: ჩინეთი შავ ზღვაში
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდან ხუთნახევარი წლის შემდეგ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილება მიიღეს.
პლანეტის ნომერ მეორე ეკონომიკასთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე ასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისთვის ზურგის შექცევად აღიქვა, მეორე ნაწილმა ეკონომიკური განვითარების დამატებით შესაძლებლობად. თუმცა, ყველა ასე მარტივად თეთრად და შავად არ ჰყოფს, ბევრისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მისაღებია, შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი კი, რისკების შემცველი.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ:
- პოლიტიკური განზომილება;
- ეკონომიკური განზომილება;
- ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
- საერთაშორისო განზომილება.
რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.