უპერსპექტივო პერსპექტივა
მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოეწერა ხელი და დასავლეთმა ამ ქვეყანას სანქციები მოუხსნა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს სომხეთს ირანთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა გაუჩნდა.
სომხეთი ერთ-ერთია რეგიონის იმ რამდენიმე ქვეყნას შორის, რომლებთანაც ირანს პრობლემები არ აქვს. ამასთან, ირანი ევროპული ბაზრის ათვისებას ცდილობს, სომხეთზე გამავალი გზა კი დასავლურ ბაზრამდე მისაღწევად ყველაზე მოკლე საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს. გარდა ამისა, სომხეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა ირანს არამხოლოდ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან, არამედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან და რუსეთთან ვაჭრობის საშუალებასაც აძლევს.
ყველა პრობლემის მიზეზი სატრანსპორტო კვანძები და მაგისტრალებია, რომელთა გავლითაც ირანული პროდუქცია და, რაც მთავარია, ენერგომატარებლები საერთაშორისო ბაზარზე გავა. შეძლებს თუ არა სომხეთი საკუთარი პოტენციალის გამოყენებას და ირანის მონაწილეობით დაწყებული ახალი რეგიონული პროექტების უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ჩამოყალიბებას?
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე. წინასწარი შეფასებებით, რკინიგზის ის ნაწილი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდება. თუმცა, ამჟამად პროექტის რეალიზაციისთვის სომხეთი ინვესტორს ვერ პოულობს, ირანული მხარე კი რკინიგზის მხოლოდ იმ ნაწილის მშენებლობის დაფინანსებაზეა თანახმა, რომელიც მის ტერიტორიაზე გავა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სომხეთის გავლით საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდეს. თუმცა, რაიმე სერიოზული ნაბიჯები არც ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმულა.
სომხეთის მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ირანისტი გოარ ისკანდარიანი
ირანი ცდილობს, სომხეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს, თუმცა ირანული მხარე ხვდება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით სომხეთი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს. სომხეთ-ირანის პროექტები რუსეთის დასტურის გარეშე ვერ განხორციელდება. ენერგეტიკის სფეროში რუსეთი და ირანი კონკურენტები არიან და მოსკოვისთვის არ იქნება ხელსაყრელი, თუკი ირანული გაზი სომხეთის გავლით გავა ევროპულ ბაზარზე, სადაც რუსეთი ლიდერის პოზიციას იკავებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგოკომპანია “გაზპრომმა”, რომელიც სომხეთის გაზის ბაზრის მონოპოლისტია, თავის გამანაწილებელი ქსელი ირანიდან საქართველოში (და, სამომავლოდ, ევროპაში) გასაგზავნ გაზს დაუთმობს. ამისათვის ან ახალი მილსადენი უნდა აშენდეს, ან მხარეებმა რუსეთი უნდა დააინტერესონ და ამ პროექტში მონაწილეობა უნდა შესთავაზონ.
პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი, პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი
ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის განვითარებამ მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არ შეუშალოს ხელი. ეს ქვეყანა ურთიერთობებს ისე ალაგებს, რომ ამ კომუნიკაციებმა ერთმანეთი შეავსონ და დააბალანსონ.
ამ მხრივ, სომხეთის საშუალებით კომუნიკაციას ირანისათვის სტრაქტეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სომხეთისა და საქართველოს მხრიდან ირანზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა გამორიცხულია. ამავდროულად, სომხეთსაც და საქართველოსაც კარგი ურთიერთობები აქვთ დასავლეთთან.
ირანის სახით რუსეთი სერიოზულ კონკურენტს ხედავს – როგორც ნახშირწყალბადების რესურსების მხრივ, ისე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პოტენციალის კუთხით. ამიტომ, მოსკოვი ირანული ენერგომატარებლების ევროპის ბაზარზე გამოჩენას ეწინააღმდეგება. რუსეთი ხვდება, რომ თუ ირანული გაზი სომხეთ-საქართველოს გზით ჩავა ევროპაში, ის რეგიონში გავლენის ბერკეტებს დაკარგავს. ამის გამოა, რომ რუსეთი იყენებს თავის გავლენას სომხეთის ხელისუფლებაზე და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს სომხეთის გავლით სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დაკავშირების ნებისმიერ მცდელობას.
ვააგნ ხაჩატრიანი, ეკონომისტი
სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა რეგიონის ყველა ქვეყანასთან ენერგიულად დაიწყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ვარიანტების ძიება. სომხეთი ირანისთვის, რომელიც დივერსიფიკაციის პოლიტიკას ატარებს და სავაჭრო ურთიერთობებს მხოლოდ ერთ პარტნიორთან არ ამყარებს, პერსპექტიული ქვეყანაა. მაგრამ დღეს სომხეთი არ არის მზად, მონაწილეობა მიიღოს ირანის იმ პროექტებში, რომლებიც ევროპაზეა ორიენტირებული.
სომხეთში არსებული ინფრასტრუქტურა (კერძოდ კი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა) საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ირან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამ პროექტის რეალიზაციის დასაწყებად დიდი ინვესტიციებია საჭირო. სომხეთს კი სათანადო სახსრები არ გააჩნია; ხოლო ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას არ იძლევა სახელმწიფო ვალი, რომელმაც ხუთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საავტომობილო კავშირზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საბოლოოდ აშენდება ავტომაგისტრალი “ჩრდილოეთი-სამხრეთი.” თანაც, არც ისაა ზუსტად ცნობილი, იქნება თუ არა ეს გზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
გამოქვეყნდა: 27.09.2016