რატომ ინფიცირდებიან ექიმები უკრაინაში?
უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ორი ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა. ეს ქვეყანაში გამოვლენილ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 პროცენტია. ამის მიზეზების გარკვევას უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოე შეეცადა.
მასალის სრული ვერსია “ჰრომადსკოეს” ვებგვერდზე
რაც ეპიდემია დაიწყო, ექიმები დაცვის ძირითადი საშუალებების: ნიღბების, ხელთათმანების, ხალათების, ნაკლებობას უჩივიან. ამჟამად საავადმყოფოებში და ადგილობრივ ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ყველაფერი საკმარისი აქვთ. მაგრამ ექიმები ისევ რატომ ინფიცირდებიან?
ექიმები ინფიცირდებიან ცუდი დამცავი საშუალებების გამო – ყოველ შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა ინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკთა დიდი რაოდენობა ასე ახსნა:
”ისე ხდება ხოლმე, რომ ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის ნაცვლად, ისინი მღებავის ხალათებს ყიდულობენ და მიაჩნიათ, რომ ეს სწორია”.
რას ამბობენ თავად ექიმები?
ექიმებმა მონასტირსკის რაიონიდან, რომელსაც უკრაინულ მედიაში “უკრაინულ ვუჰანს” უწოდებენ, ინფიცირებულ ჯანმრთელობის მუშაკთა დიდი რაოდენობის გამო (43), იციან, რა არის პირადი დამცავი აღჭურვილობა და მღებავის ხალათები ნამდვილად არ შეუძენიათ.
ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მონასტირსკის საავადმყოფოდან ტატიანა სივანიკი ამბობს:
”თავდაპირველად ძალიან რთული იყო, გვეცვა ის, რაც იყო. დამცავი კოსტიუმები გვქონდა, მაგრამ ცოტა. ასე რომ, როგორღაც ვუტარებდით დეზინფექციას და ისევ ვხმარობდით.”
გარდა ამისა, ამბობს ტატიანა, ექიმებმა არ იცოდნენ, რომ მედდა, რომელიც პაციენტებს საავადმყოფოში იღებდა, კორონავირუსით უკვე იყო დაავადებული.
ელენა გავრილიუკი ქირურგი-პროქტოლოგია და პარალელურად რაიონულ საავადმყოფოში მუშაობს. კორონავირუსით მორიგეობის დროს დაინფიცირდა. ის ამბობს, რომ მორალურად ექიმები მზად იყვნენ კორონავირუსისთვის, მაგრამ მატერიალურად არა:
”საავადმყოფო არ იყო უზრუნველყოფილი, არ იყო დამცავი აღჭურვილობა, ხელთათმანები და ჩვეულებრივი ნიღაბი კი არ არის ის დაცვა, რაც უნდა იყოს. მე თვითონ ვყიდულობდი, შემდეგ თითოს ერთი-ორი წყვილი ხელთათმანი მოგვცეს. დამეთანხმებით, რომ ეს დაცვა არ არის.”
ირინა იშჩუკი რივნეს რეგიონიდან უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მისი მეუღლე გარდაიცვალა. ოფიციალურად – პნევმონიის გართულებებისგან, მაგრამ ირინა დარწმუნებულია, რომ მას ასევე ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია.
ირინა და მისი მეუღლე ალექსანდრე ანესთეზიოლოგებად, რივნეს საოლქო საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდნენ.
ირინა ამბობს, რომ მისი მეუღლის ჰოსპიტალიზაციის დროს, საავადმყოფოში კორონავირუსი ორ ექთანს გამოუვლინდა. ექიმები მოდუნებულები იყვნენ და უფრო სერიოზულ დამცავ აღჭურვილობას არ იყენებდნენ, ვიდრე ერთჯერადი ნიღბები და ხელთათმანებია, რადგან ალექსანდრეს კორონავირუსის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა გართულდა, მათ დაიწყეს დაცვის უფრო საიმედო საშუალებების გამოყენება.
ირინა ამბობს, რომ როდესაც კლინიკაში ნიღბითა და ხელთათმანებით მოვიდა, მისმა კოლეგებმა დასცინეს: “სულ ხელთათმანებით რატომ ხარ?”
”ექიმების უმეტესობამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, ან ეს არ სურთ,” – ამბობს რომან საფონოვი, რივნეს რეგიონის მთავარი სანიტარული ექიმი.
”და ისინიც, ვინც იცის, რა როგორ გამოიყენოს, არ არიან დაცული შეცდომებისგან. გარდა ამისა, ყოველ მეხუთე ექიმს დაავადება სახლიდან მოაქვს, ”- დასძენს საფონოვი.
29 აპრილის საღამოსთვის რივნეს რეგიონში 137 მედიკოსი დაინფიცირდა.
ექსპერტების მოსაზრებები
შეუძლებელია ერთი მიზეზის დასახელება, რის გამოც ექიმები ინფიცირდებიან. ეს არის ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც ზრდის ჯერ კიდევ ცუდად გამოკვლეული კორონავირუსული ინფექციით ექიმთა დაინფიცირების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველა პაციენტმა და ექიმმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ Covid-19 რეალური და საშიშია.
ინფექციონისტი ფედორ ლაპი ამბობს, რომ რეკომენდებული დაცვის საშუალებებიც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ექიმები არ დაინფიცირდებიან:
”რისკი ასევე დამოკიდებულია კონტაქტის სიახლოვეზე: თუ დერეფანში დადიხართ ერთია, თუ პაციენტს დახმარებას უწევთ, მისკენ იხრებით, მის ლორწოვან გარსთან გაქვს კონტაქტი – მაშინ რისკი უფრო მაღალია. Covid-19– ისთვის (უკრაინაში) გამოყოფილია სპეციალური საავადმყოფოები, ისინი პირველ რიგში არიან უზრუნველყოფილი დამცავი საშუალებებით. თუმცა არის ისეთებიც, რომელთა დანიშნულება ეს არ არის და იქ ბევრი ექიმი დაინფიცირდა.”
უკრაინაში ინფექციის კონტროლის სისტემა არ არსებობს და ამ საკითხს სახელმწიფო დონეზე ყურადღებას არ აქცევდნენ, – განმარტავს ანდრი ალექსანდრინი, ეპიდემიოლოგი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უკრაინაში ინფექციური კონტროლი”-ს ხელმძღვანელი.
”ამჟამად ექიმებს არ გააჩნიათ ისეთი რამ, როგორიცაა” სუფთა ზონები” – სადაც ექიმებს შეუძლიათ უსაფრთხოდ დარჩენა, დასვენება, საბუთებთან მუშაობა, სადილი, და“ ბინძური ზონები”, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში ეს ცნებები ბუნდოვანია, არ არის გამოკვეთილი განაწილება. ასევე არ არსებობს მექანიკური ვენტილაცია – ის ძვირია, მაგრამ უნდა იყოს. ზოგადად, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ინფექციური უსაფრთხოების საკითხებს იგნორირებას ვუწევდით, ახლა კი მივიღეთ ავადმყოფი ექიმები.”