თურქეთში, მას შემდეგ, რაც ვიკილიქსმა ერდოღანის პარტია “სამართლიანობა და განვითარების” წევრების მიმოწერა გამოაქვეყნა, საიტი დაიბლოკა. ამის შესახებ ვიკილიქსის პროექტის ავტორებმა ინფორმაცია ტვიტერში გაავრცელეს.
ვიკილიქსმა დღეს, 20 ივლისს თურქეთის მმართველი პარტიის წევრების 300 ათასამდე ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა. დოკუმენტები ვიკილიქსმა ერთი კვირით ადრე მოიპოვა, სანამ თურქეთში გადატრიალება მოხდებოდა. ბოლო წერილი 2016 წლის 6 ივლისით თარიღდება, ყველაზე ძველი კი 2010 წელს არის გაგზავნილი.
ვიკილიქსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას ასე სწრაფად არ გეგმავდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს პრეზიდენტ ერდოღანის ქმედებების შემდეგ, რასაც მან ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო მიმართა.
ვიკილიქსის წერილში ხაზგასმულია, რომ მათ გადაამოწმეს დოკუმენტების წყარო, მას არანაირი კავშირი არ აქვს ამბოხებულებთან და არ წარმოადგენს ერდოღანის რეჟიმის ოპოზიციას.
თურქეთში გადატრიალების მცდელობა და მისი შედეგები
თურქეთში 16 ივლისს, ღამით სამხედროების ნაწილმა გადატრიალების მოწყობა სცადა. თუმცა, გადატრიალება არ შედგა და ხელისუფლებამ ამბოხებულების სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.
ამ დროისთვის დაკავებულია 6 ათასზე მეტი სამხედრო პირი, სამსახურიდან კი დაითხოვეს 9 ათასზე მეტი პოლიციის ოფიცერი. ამბოხებასთან კავშირში ეჭვმიტანილია 3 ათასამდე მოსამართლეც.
დაახლოებით, 50 ათასს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქული მედიის ცნობით, მათ შორის არიან:
15 ათას 200 – მასწავლებელი და განათლების სფეროში დასაქმებული პირი;
1 ათას 577 – უნივერსიტეტის დეკანი;
8 ათას 777 – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი;
თურქული მედიის ცნობით, მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყდა 24 რადიოსა და ტელეკომპანიას.
ამ საკითხებით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შეშფოთება გამოთქვეს ათასობით ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის გამო. გაერო-ს დამკვირვებლებმა თურქეთს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.