“ღირსების მარში სოლიდარობისთვის” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც 5 ივლისს, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გაიმართება და მასში ლგბტქ თემის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ Tbilisi Pride-ის დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი თაბაგარის თქმით, ლგბტქ აქტივისტები გეგმავენ, რომ ამ ფორმით, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადონ სოლიდარობა, მათ შორის, თემის წევრები გააპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას.
“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღალ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!” — ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.
ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:
უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულების დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.
CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე საქართველოში ძალიან დაბალია.
ჰომოსექსუალებთან არა თუ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც კი არ ისურვებდა გამოკითხულთა 70 პროცენტი. მხოლოდ 22-მა პროცენტმა უპასუხა ამ კითხვას დადებითად. გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ.
ნარკოდამოკიდებულების (67%) და კრიმინალების (67%) შემდეგ გამოკითხულებმა ლგბტ ადამიანები დაასახელეს – მათ მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 54 პროცენტი.
ყველაზე ტოლერანტულები გამოკითხულები შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ აღმოჩნდნენ – მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ ასეთ ადამიანებს მეზობლად არ ისურვებდა.
“ღირსების მარში” თბილისში. 2019 წლის 8 ივლისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი