თამთა მიქელაძის კომენტარი: პოლიციაში მუშაობის დომინანტური სტილი ხდება თავზეხელაღებული საპოლიციო კლასტერების არსებობა
თამთა მიქელაძის კომენტარი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე “თბილისი მოლთან” გამართულ დემონსტრაციას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციაში მუშაობის დომინანტური სტილი ხდება ძალადობა, беспредел-ი და თავზეხელაღებული (სავარაუდოდ პრივილეგირებული) საპოლიციო კლასტერების არსებობა. მისივე თქმით, ეს მალე შესამჩნევი გახდება ყოველდღიურ ურთიერთობებშიც.
2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისი მოლის მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმებოდა. აქციის დაგეგმვის მეორე დღეს 31 იანვარს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სპეციალური განკარგულება მიიღო. ამ დოკუმენტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა.
თბილისის გასასვლელში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით ათეულობით მოქალაქე დააკავა, მათ შორის პოლიტიკოსებიც. პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს და მოითხოვს, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება.
ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ხარება ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
თამთა მიქელაძე:
“რა გამოჩნდა დღეს გენერალურ აქციაზე თბილისის მოლთან პოლიციის მოქმედებებში?!
1. პოლიციას უჭირს მასის მართვა დიდ სივრცეში.
დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიციას სერიოზული პრობლემები აქვს დიდ სივრცეებში მასის მართვისა და სიტუაციის კონტროლის მიმართულებით. დღეს პოლიციამ პრაქტიკულად თვითონ გადაკეტა გზა და თვითონ ჩაატარა მარში.
ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებები, რომ კვალიფიციური ოფიცრები აღარ რჩებიან სისტემაში და პოლიცია დაგეგმვის დონეზე სუსტია, რეალობას ასახავს.
საინტერესოა, რომ ეს პროტესტებისთვის დადებითი ფაქტორია – ცუდი საპოლიციო დაგეგმვა ნიშნავს ცუდ რეაგირებას ზოგადად და, შესაბამისად, სისუსტესაც.
2. აშკარაა, რომ სისტემაში მატულობს არაპროფესიონალი პოლიციელების რაოდენობა, რომლებიც ძალადობის, სიძულვილისა და შეურაცხყოფის მეთოდებს იყენებენ. მათ შორის ბევრი აშკარად და ღიად ლოიალურია ზვიად ხარაზიშვილის მიმართ.
ეს ნიშნავს, რომ პოლიციაში მუშაობის დომინანტური სტილი ხდება ძალადობა, беспредел-ი და თავზეხელაღებული (სავარაუდოდ პრივილეგირებული) საპოლიციო კლასტერების არსებობა. ეს მალე შესამჩნევი გახდება ყოველდღიურ ურთიერთობებში. ამ პოლიციელების ოჯახებში, სამეზობლოებში, სხვა დანაშაულებზე მათ რეაგირების შემთხვევებზე და ჩვენ ვნახავთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს პროტესტის ადგილების იქით, ყოველ დღე და ბევრი მოქალაქის მიმართ.
ამიტომ რეპრესიული პოლიცია ყველას შეეხება და ის ყველას პრობლემა უნდა გახდეს. ვინც ამას დღეს ვერ ხედავს, მათთვის და ჩვენთვისაც ხვალ გვიანი იქნება.
3. როგორც წესი ენის გარეშე, ენის მიღმა მოქმედი სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, სულ უფრო კარგავს ნეიტრალიტეტს და პოლიტიზდება. დღეს პოლიცია მოქალაქეებს ესაუბრებოდა პოლიტიკურ თემებზე და მათ განსხვავებული აზრის გამო სჯიდა და აგინებდა.
პოლიტიზებული და მოლაპარაკე პოლიცია თავად სისტემისთვის არის ცუდი. ხომ უკვე ვნახეთ შიდა კონფლიქტები ძალოვან რგოლებს თუ ბანდებს შორის? მერწმუნეთ, ერთხელაც სწორედ ეს ამბავი თვითონვე აუფეთქდება იმ ბევრი პოლიციელის გარემოში გამოჯგიმულ, ზვიად ხარაზიშვილს.
შეკრების მონაწილეებმა კი ამ დროს აჩვენეს
უ შ ი შ რ ო ბ ა,
გ ო ნ ი ე რ ე ბ ა და
მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ო ბ ა.
მოდით, ვაღიაროთ, რომ დღეს ადგილზე უფრო მეტი ქალი იყო. ვიცი ქალები, რომლებმაც ოჯახებში ასე დააყენეს საკითხი, რომ ჯობდა დღეს თავად გასულიყვნენ სამშობლოს დასაცავად. მათ არჩიეს საკუთარ თავზე დარტყმის მიღება მაშინ, როცა საპოლიციო რეჟიმი კბილებს ილესდა და ახალი მსხვერპლების გადაყლაპვა სწყუროდა.”