სტუმრები საკუთარ სამშობლოში
სეიფატ დურსუნოვი 91 წლისაა. სიბერეს უჩივის და შეიძლება გაჭირვებით გაიხსენოს გუშინ მომხდარი, თუმცა არის რაღაც, რაც მისმა მეხსირებამ თითქმის ხელუხლებლად შემოინახა.
‘ნოემბერი იყო. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. ღამით ჩვენს სოფელში – უტყისუბანში დიდი სატვირთო მანქანები შემოვიდნენ. ყველანი გარეთ გამოგვიყვანეს, მანქანებში ჩაგვსვეს და ახალციხეში წაგვიყვანეს. იქ სატვირთო მატარებელი გველოდა. 40 დღე მივდიოდით. ყინავდა. საჭმელი არ გვქონდა. მაშინ 20 წლის ვიყავი და თითქმის მთელი ცხოვრებით დავშორდი სამშობლოს,’ – იხსენებს იგი.
სეიფატ დურსუნოვი
სეიფატ დურსუნოვი ერთ-ერთია იმ 120 ათას მუსლიმ-მესხს შორის, რომლებიც 1944 წლის ნოემბრის ღამეს, სტალინის განკარგულებით, მესხეთიდან ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. ამ მძიმე და ხანგრძლივ მოგზაურობას ბევრმა ვერ გაუძლო – გზაში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველოდან მათი აყრის მიზეზი სტალინის ეჭვები იყო, რომ მტრის შემოსევის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდნენ.
50-იანი წლების ბოლოს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში ‘დიდი ბელადის’ მიერ დევნილი ხალხების რეაბილიტაციისა და რეპატრიაციის პროცესი დაიწყო, თუმცა მუსლიმ მესხებს ეს არ შეხებია.
80-იან წლებში ისინი მეორედ გახდნენ დევნის მსხვერპლნი – ცენტრალურ აზიაში ეთნიკური ძალადობის სამიზნედ იქცნენ და აზერბაიჯანს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შეაფარეს თავი.
ამჟამად ეს დევნილი თემი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაშია მიმობნეული, ნაწილმა აშშ-ში ემიგრაცია მოახერხა, ნაწილი კი საქართველოში დაბრუნდა.
1999 წელს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, თბილისმა მუსლიმი-მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა – 2007-ში კი ქვეყანამ რეპატრიანტთა შესახებ კანონი მიიღო.
კანონის მიღებიდან თითქმის 10 წელი გავიდა, საკანონმდებლო დონეზე თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი-მესხების ნაწილს რეპატრიანტის სტატუსი დღესაც არ აქვს, კიდევ უფრო ნაკლებმა მოახერხა მოქალაქეობის მიღება.
საყვედურები ისმის მაღალი ტრიბუნიდანაც – აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე თურქეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ საქართველოს ხელისუფლებას მუსლიმი-მესხების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეახსენა. ’ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანების რეპატრიაცია ევროსაბჭოს წევრი საქართველოს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით’, – განაცხადა მან.
დავუთოღლუს განცხადება თბილისში უკვირთ. ‘ნუთუ თურქეთის პრემიერმა არ იცის, რომ საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს?!’, – კითხულობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე.
იგივეს იმეორებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
‘ჩვენ მივეცით რეგისტრაციის საშუალება ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურდა, დაბრუნებულიყო საქართველოში. უფრო მეტიც, 2-ჯერ გავაგრძელეთ რეგისტრაციის ვადა,’ – ამბობს ‘ნაციონალური მოძრაობის’ ლიდერი, დავით ბაქრაძე.
იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე ვალდებულებები მართლაც შესრულებულია, არ უარყოფენ არც მუსლიმი-მესხების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები. თუმცა, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების გაჭიანურებული პროცედურები, მოქალაქეობის არქონა და მძიმე სოციალური პირობები აუტანელს ხდის საქართველოში მუსლიმი-მესხების ყოფას, – აცხადებენ ისინი.
ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ამ წლების განმავლობაში რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს 5841–მა პირმა მიმართა. ამათგან, სტატუსი 1533 მოქალაქეს მიენიჭა, 494–ს კი საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ძალაში შევა იმავე წამს, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის მოქალქეობაზე უარს იტყვიან. ხელისუფლების წარმომადგენლთა განმარტებით, სტატუსსა და მოქალაქეობაზე უარის მიზეზი ძირითადად მოუწესრიგებელი დოკუმენტაციაა.
დრო კი მიდის , და დაბრუნებული მუსლიმი-მესხები არათუ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოგვარებასაც ვერ ახერხებენ.
მათ, როგორც მოქალქეობის არმქონე პირებს, არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება, ვერ სარგებლობენ სოციალური პროგრამებით, დაბრკოლებები ექმნებათ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებში.
მუსლიმი-მესხების დიდმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა და არ იცნობს ქართულ კანონმდებლობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ყოველდღიურ ყოფას და ბევრ ბიუროკრატიულ პრობლემას უქმნის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას.
‘დაბრუნებაში ხელი არ შეგვიშალეს, მაგრამ ყველანაირ პირობას გვიქმნიან, რომ ჩვენი ცხოვრება აქ აუტანელი იყოს,’ – ამბობს სეიფატ დურსუნოვი, რომელიც ახლა 70 წლის წინანდელ ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს. იგი 8 წელია, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა.
სეიფატის ოჯახის არც ერთ წევრს არც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და არც რეპატრიანტის სტატუსი. საქართველოში სამსახური ვერ იშოვეს, რის გამოც, მისმა ორმა ვაჟმა მოხუცი მამა დატოვა და სამუშაოდ თურქეთში წავიდა. სეიფატთან ახლა 23 წლის შვილიშვილია, რომელიც ბაბუას უვლის.
სამცხე–ჯავახეთში მუსლიმი-მესხების 50–მდე ოჯახია. მათგან, 20 ოჯახი ახალციხეში, საბარგო სადგურზე კომპაქტურადაა დასახლებული. დანარჩენები ვალეში, ადიგენსა და სოფელ აბასთუმანში ცხოვრობენ.
საბარგო სადგურზე მცხოვრები მუსლიმი მესხები
უმეტესობა საქართველოში 2007–2010 წლებში დაბრუნდა. საცხოვრებელი სახლები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ – პატარა მიწაზე, რომელიც სახლის გარშემო აქვთ, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ.
‘არანაირი სტატუსი არ გვაქვს, ჩვენთვის არც სამსახურია და არც რამე პერსპექტივა. საკუთარ სამშობლოში ვცხოვრობთ, მაგრამ არავინ ვართ,’ – ამბობს 43 წლის ბახტიარ აზიზოვი, რომელიც ახალცხეში, საბარგო სადგურზე ექვსსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მოქალაქეობა არ აქვს. უარი უთხრეს რეპატრიანტის სტატუსზეც; ამბობს, რომ მიზეზი არ განუმარტეს.
ბახტიარი მიწაზე ოცნებობს, სადაც მოსავალს მოიყვანს და ოჯახს ფეხზე დააყენებს.
მისი მეზობელი 45 წლის იუსუფ სულეიმანოვი რეპატრიანტის სტატუსით სარგებლობს, თუმცა ამბობს, რომ ‘ეს ცნობა ცარიელი ფურცელია და არაფერში ადგება’. სახლის პატარა ეზოში სათბური აქვს, კიტრი და პომიდორი მოჰყავს და ოჯახს ამით არჩენს. მას, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება არ აქვს.
სულეიმანოვების სათბური
‘მიწა რომ მქონდეს, ბევრს ვიმუშავებდი. მხოლოდ დაბრუნება ხომ არაა საქმე… ენა არ ვიცით, წესები არ ვიცით, კანონი არ ვიცით. ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, გვითხრას, რა და როგორ გავაკეთოთ… ‘ – ამბობს იუსუფი და თავის ისტორიას ჰყვება: ცოტა ხნის წინათ სახლი გადახურა, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობის არცოდნის გამო, ნებართვა არ უთხოვია. ახლა ახალციხის მერია უკანონო მშენებლობის გამო ედავება – თუ საბუთებს ორ კვირაში არ მოაწესრიგებს, 3-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. სულეიმანოვების ხუთწევრიანი ოჯახისთვის, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ეს უზარმაზარი თანხაა. მსგავსი პრობლემები სხვებსაც აქვთ. თაზაგულ ფაზლიევა ჰყვება, რომ სახლის აშენების უფლებას არ აძლევენ.
თაზაგულ ფაზლიევა
საბარგო სადგურზე მცხოვრებლებს შორის, ისეთებიც ვნახეთ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ‘როცა მოქალაქეობა გაქვს, თითქოს საქართველო უკვე შენი სახლია და სტუმრად არ გრძნობს თავს. ვშრომობ და მშვენივრად ვცხოვრობ’, – ამბობს თურსუნ თემიევი და ამაყად გვიჩვენებს თავის პასპორტს.
თურსუნ თამიევი
ორგანიზაცია ‘ტოლერანტის’ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელიც წლებია, მუსლიმი-მესხების პრობლემებზე მუშაობს, ამბობს, რომ ქვეყანა არაფერს აკეთებს მათი ინტეგრაციისთვის. ‘ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ იურიდიული ასპექტით ყველა ვალდებულება შეასრულა. თუმცა, მორალური და სოციალური ვალდებულებებიც ხომ არსებობს – აქ დაბრუნებულმა ხალხმა ღირსეულად ხომ უნდა იცხოვროვს? ამის შესახებ კანონში არაფერი წერია და სახელმწიფოც არაფერს აკეთებს. მოქალაქეობა რომ ჰქონდეთ, ბევრ პრობლემას თავად გაუმკლავდებოდნენ’, – ამბობს მესხიშვილი.
მესხების ინტეგრაციას სახელმწიფოს მხარდაჭერა რომ სჭირდება, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც ვკითხულობთ:
‘კანონი მხოლოდ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურებს განსაზღვრავს. იქ არ არის განსაზღვრული სოციალურ–ეკონომიკური გარანტიები და ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.’
ანგარიშის თანახმად, რეპატრიანტებს, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, პრობლემები ექმნებათ განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების კუთხით.
პრობლემებს არ უარყოფენ არც ხელისუფლებაში, თუმცა ამბობენ, რომ ინტეგრაცია სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.
‘საქართველოს ვალდებულება იყო, შეექმნა სამართლებრივი ბაზა რეპატრიაციისთვის, რაც პირნათლად შეასრულა. რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს ჩვენი კეთილი ნებაა. უკვე დასრულებულია ინტეგრაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და გაგზავნილია ევროსაბჭოში. როგორც კი მივიღებთ პასუხს, მაშინვე დავიწყებთ მის აღსრულებას,’ – ამბობს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია.
მისი თქმით, მორალური ვალდებულებების აღების ფუფუნება ქვეყანას არ აქვს. ‘ჩვენ შეიძლება კი გვინდა, ყველას სახლები ვუყიდოთ, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. როდესაც ქვეყანაში 50 ათასზე მეტი დევნილი გვყავს, ამ ვალდებულებას ვერ აიღებ. ეს ხალხი საქართველოდან საბჭოთა კავშირმა გაასახლა, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანა დღეს რუსეთია და თუკი ვინმემ უნდა იკისროს მორალური ვალდებულება, პირველ რიგში – რუსეთის ფედერაციამ,’ – ამბობს კოკაია.
მიუხედავად ყველაფრისა, მუსლიმი-მესხები საქართველოში ცხოვრების პოზიტიურ ტენდენციებზეც ლაპარაკობენ.
წლების წინათ, როდესაც მათ სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს, მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია მესხებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირებაზე, კონფლიქტზე ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. დღეს ასეთი ცნობები ძალიან იშვიათა.
‘ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა. ხალხმა მიგვიღო, სახელმწიფომ – არა,’ – ამბობს სეიფატ დურსუნოვი.
ამას საბარგო სადგურზე მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. მესხი რამინ ფაზლიევი ჰყვება, რომ ყველაფერში მეზობლების იმედი აქვს:
‘მანქანა თუ მჭირდება, მივდივარ და მეზობელს ვთხოვ, მომცეს გასაღები, და ისიც მაძლევს. ის ქრისტიანია, მე მუსლიმი… რა მოხდა მერე?’
ფაია გოხაროვა და მისი ქრისტიანი მეზობელი
ადგლლობრივი ქრისტიანი მზია მერაბიშვილი მუსლიმებთან მეზობლობაზე ლაპარაკობს
რამინის დედა დარწმუნებულია, სახელმწიფო შეგნებულად უქმნის პრობლემებს მუსლიმ-მესხებს, რათა მათ ქვეყნის დატოვება აიძულოს:
‘თუ არ ვჭირდებით, გვითხრან, იყიდონ ჩვენი სახლ-კარი, მოგვცენ კომპენსაცია და წავალთ,’ – ამბობს თაზაგულ ფაზლიევა.
გამოქვეყნებულია: 12.05.2016