TI: როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში - სოლიდარობის ფონდების დევნა
სოლიდარობის ფონდების დევნა
ივანიშვილის მთავრობა არა მხოლოდ უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით ცდილობს ჩაახშოს პროტესტი, არამედ პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევის დე-ფაქტო კრიმინალიზაციასაც ახდენს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მმართველ პარტიას საზოგადოებაში სურს დანერგოს აზრი, რომ სახელმწიფოს მიერ უსამართლოდ დევნილი და დაჩაგრული ადამიანისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
28 აპრილს სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში პროკურატურამ კოორდინირებული ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გუგა ხელაიას და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში. ოთხივე პირთან პროკურატურის თანამშრომლები მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.
მანამდე საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს და პოლიტპატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ – დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ნიკა გილაურისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდები.
რა წერია ანგარიშში
● ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია, “ქართული ოცნება“ სხვადასხვა სამართლებრივ მეთოდს იყენებს, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეთა რეპრესირება და მათთვის მრავალფეროვანი ბარიერების შექმნაა.
● ივანიშვილის მთავრობა არა მხოლოდ ცდილობს უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით ჩაახშოს მოქალაქეთა პროტესტი (რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს), არამედ პროტესტში მონაწილეობისა და ძალადობისგან თავდაცვის მიზნით პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევის დე – ფაქტო კრიმინალიზაციასაც ახდენს.
● ამის მკაფიო მაგალითია რეპრესიული სისხლისსამართლებრივი ზომები, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების ფონდების (საზოგადოებაში ამ ფონდებს “სოლიდარობის ფონდებს“ უწოდებენ) მიმართ ახორციელებს. ამ ზომებს არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და მართლწესრიგის დაცვის ამოცანებთან. მათი მიზანია ნებისმიერი პროტესტის აღმოფხვრა, მიუხედავად მისი მშვიდობიანი და კონსტიტუციური ხასიათისა, და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა შორის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სურვილის ჩახშობა სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების გზით.
● “სოლიდარობის ფონდების“ მიმართ პირველი რეპრესიული ზომების შესახებ საზოგადოებამ პირველად 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიტყო, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის – “ნანუკას ფონდის“ ხელმძღვანელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ის სამსახურმა (სუს-მა) კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
● 2025 წლის მარტის შუა რიცხვებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა ყადაღა დასდებოდა ექვსი ორგანიზაციის – “ნანუკას ფონდის“, “ფროსფერითი ჯორჯიას“, “ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, “მოძრაობა სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში.
● სამოქალაქო პროტესტისა და პროტესტის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევისთვის ამგვარი კვალიფიკაციის მინიჭებით ივანიშვილის პროკურატურა ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აცხადებს ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებას და პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევას, მათ შორის, ისეთსაც კი, როგორიცაა პოლიციელთა უკანონო ძალადობისგან არაძალადობრივი თავდაცვის საშუალებების მიწოდება და ჯარიმების გადახდა.
● აღნიშნულ საქმეებში ცალსახად იკვეთება ივანიშვილის და მმართველი პარტიის ინტერესი. გამოძიებას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფონდები და კონკრეტული პირები ჩართულები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში. ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც აქამდე ჩატარდა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გახდებოდა საქმის შეწყვეტის საფუძველი.
● აღნიშნული საქმეების დაწყებას წინ უსწრებდა ანტიდასავლური და პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების მიერ (“იმედი”, “პოსტვ”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი 2”) წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიები. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ამ დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.
● ცალსახაა, რომ ივანიშვილი და მმართველი პარტია, გარდა იმისა, რომ ცდილობს ჩაახშოს მოქალაქეთა საპროტესტო მოძრაობა, ახდენს ერთმანეთის მიმართ მოქალაქეთა სოლიდარობის დე- ფაქტო კრიმინალიზაციას. საზოგადოებაში სურთ დანერგონ აზრი, რომ სახელმწიფოს მიერ უსამართლოდ დევნილი და დაჩაგრული ადამიანისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
● აღნიშნული საქმეები მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე „გამოძიების“ სამართლებრივ საფუძვლებსა და კანონიერებაში არცერთ ინსტიტუტს არ შეუტანია ეჭვი, მათ შორის, არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არც სახალხო დამცველის აპარატს. აშკარაა, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო და ინსტიტუტი – სასამართლო, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვ. ივანიშვილის და მმართველი პარტიის მსახურებაშია.