საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილება დამატებით შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
“ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა.” – ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი.
ასევე, როგორც ფონდში განმარტავენ, მათ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა. განხილვის გადადების მიზეზი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში პარლამენტის დამტკიცებული ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც სებ-ში შეიქმნა პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა. საჭიროების შემთხვევაში, პირველი ვიცეპრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. აღნიშნული პოსტის შექმნის შემდეგ კი შესაბამის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა დანიშნეს.
“ამან ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს”. – ამბობს MFI-ს წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან.
ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა.
სებ-ის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას და რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას უკავშირდება. პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.