"სასუნელი შლეგების" ბრძოლა
17 ივლისს ერევანში შეიარაღებლი პირების მიერ საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის შენობაზე კოტროლის დამყარებით დაიწყო კამპანია, რომელსაც სულ უფრო მეტი საიდუმლო დეტალი ემატება. ანალიტიკოსები დაბეჯითებით ვერ ასახელებენ ამბოხების “დამკვეთსა” და რეალურ მიზნებს, რომლებსაც თავად ამბოხებულები – დაგჯუფება “სასნა ცრერი” (“სასუნელი შლეგები”) – სომხეთში სისტემური რეფორმების გატარებისა და სერჟ სარგსიანის გადადგომის აუცილებლობით ხსნიან.
საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიის მიმდებარე ხორენაცის ქუჩაზე სპონტანურად შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ქალაქში მსვლელობებს მართავს და ძირითადად ჰუმანიტარულ მოთხოვნებს აყენებს. დემონსტრანტები ითხოვენ, არ დაიწყოს საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიის შტურმი, ამბოხებულები საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყონ და ა.შ. ჯერჯერობით არავინ გამოდის ინიციატივით, რომ მსვლელობა ბაგრამიანის 26-ისკენ [სწორედ ასეთია საპრეზიდენტო რეზიდენციის მისამართი] გაგრძელდეს, სადაც დემონსტრანტებს შესაძლებლობაექნებათ, პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვონ.
ბევრი მანიფესტანტი აპროტესტებს იმას, რომ ორგანიზატორებს ისინი აქეთ-იქით დაჰყავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის ტერიტორიის მიღმა არ ჩანან ლიდერები და პოლიტიკური ძალების წარომადგენლები, რომლებიც ხალხის მობილიზაციას შეძლებდნენ და ამბოხებულების მოთხოვნებს შეუერთდებოდნენ.
საერთოდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან მეამბოხეების მხარდაჭერის თვლსაზრისით საინტერესო სურათი იქმნება -ოფიციალურად მხოლოდ ორმა პარტიამ (“ალიანსმა” და “ერთობამ”) განაცხადა, რომ ხორენაცის პროსპექტზე გამართულ მანიფესტაციას უერთდებიან.
“ალიანსს”, რომელიც დეპუტატმა ტიგრან ურიხანიანმა პარტია “აყვავებული სომხეთის” ნამსხვრევებისგან შექმნა, ერთმნიშვნელოვნად პრორუსული ორიეტაცია აქვს და სომხეთის განვითარების ევრაზიულ გზას ემხრობა. “ერთობა” კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვარდან ოსკანიანმა დააარსა, მეორე პრეზიდეტის, რობერტ ქოჩარიანის შესაძლო პოლიტიკურ პლატფორმად აღიქმება.
ამ პარტიების მხრიდან მეამბოხეების მოთხოვნების მხარდაჭერა და მრავალი სხვა ფაქტორი საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ამბოხება რუსეთისა და პრორუსული ძალების (ისევე როგორც რობერტ კოჩარიანის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალების) ინტერესებში შედის.
ერევნის ამბოხებას აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის აშკარა. ვის აძლევს ხელს სომხეთში სიტუაციის გამწვავება? ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს, პირველ რიგში, რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით ე.წ. “ლავროვის გეგმის” განხორციელებას ცდილობს.
ეს გეგმა სომხეთის მხრიდან ტერიტორიების დათმობას გულისხმობს და პოლიტიკური ძალების უკმაყოფილებას იწვევს. არსებობს მოსაზრება, თითქოს ამბოხება “ლავროვის გეგმის” ჩაშლის მცდელობა იყო. ამის შესახებ მიანიშნა ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში, მეთიუ ბრაიზამ. მან აღნიშნა, რომ ამბოხებამ გადადო დარეგულირების იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის შუამავლობით შეათანხმეს.
ამავე დროს, რსულ მედიაში იბეჭდება ანალიტიკური მასალა, რომლის ავტორიც ირწმუნება, რომ ამბოხება დასავლური სპეცსამსახურების მიერ არის დაწყებული. “როგორ აგდებენ სომხეთს გველის ხახაში – ნატოში” – ასეთი სათაურებით ქვეყნდება რუსული ოფიციოზის სტატიები.
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღის პრობლემა იმ ტრანსფორმაციების ნაწილია, რომლებიც რეგიონში მოხდება; და რომ დასავლეთსა და რუსეთ-თურქეთს შორის ღია ბრძოლა დაიწყო სამხრეთი კავკასიისთვის.
კერძოდ, ლაპარაკია სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნაზე; ასევე, სპარსეთის ყურიდან, სომხეთისა და საქართველოს გავლით, შავ ზღვამდე საკომუნიკაციო არხის გაყვანაზე. ეს ტრანსფორმაცია გახსნის რეგიონს და იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება “სპონსორი”, სამხრეთი კავკასია ან დასავლეთის “გავლენის ზონაში” მოექცევა, ან – რუსეთის.
ანალიტიკოსები ამ გეგმებში სომხეთის მნიშნელოვან როლს გამოყოფენ, და ამ კონტექსტში არც ის არის გამორიცხული, რომ ამბოხი და დესტაბილიზაცია რეგიონში გარკვეული ტრასფორმაციების დაჩქარების გეგმის ნაწილი იყოს.
აქვს კი პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს შიდა ან საგარეო პოლიტიკური კონტექსტი; თუ ამ გზით გარკვეული კომპლექსური ამოცანების გადაჭრა ხდება? ამ შეკითხვებს ჯერჯერობით ვერავინ პასუხობს; მით უმეტეს – იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არავინ იცის, რა ნაბიჯები აქვთ შემონახული რეზერვში მეამბოხეებს, ან რა დონეს შეიძლება მიაღწიოს დესტაბილიზაციამ რეგიონში.
გამოქვეყნებულია: 28.07.2016