"ენგურჰესი" 10 მაისამდე ჩერდება. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებენ
საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი “ენგურჰესი” 15-20 იანვარს სრულად დაიკეტება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.
ამ პერიოდში საქართველო ენგურჰესიდან ვეღარ მიიღებს 500 მილიონ კილოვატ საათს. ამ ნაკლებობის შევსება მოუწევთ თბოელექტროსადგურიდან ან ელექტროენერგიის ყიდვით რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან.
“ენგურჰესის” გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო: თავდაპირველად სამუშაოები 2018 წელს, შემდეგ 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.
“გაჩერების კონკრეტული მიზეზი, სადერივაციო გვირაბის რემონტია, სადაც ზუსტად არ ვიცით, რა მდგომაროება დაგვხვდება, რადგან სამუშაოები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოს” – ამბობს „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია.
- ომისა და მშვიდობის ჰესი
- აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
- თუკი მკვეთრად არ შეამცირებს მოხმარებას, აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
ენგურჰესი უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია.
1993 წელს თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა.
ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა; სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი – წალენჯიხის რაიონში, თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს.
მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი მოიხმარს, 60%-ს კი – საქართველო.
აფხაზეთისთვის სადგური – ფაქტობრივად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა.