მოსაზრება: კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება, თბილისი კი დინების წინააღმდეგოდ მიცურავს
საქართველო და კავკასიის რეგიონი
რეგიონში მიმდინარეობს დიდი ცვლილებები, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც, მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე. აზერბაიჯანსა და სომხეთის გარშემო მიმდინარე პროცესებს მიმოიხილვისას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველო
ბაქო-მოსკოვის დაპირისპირებაზე
დაპირისპირებას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის განვითარდა, თამთა მიქელაძე “სიმბოლურ/პერფორმატიულ” კონფლიქტს უწოდებს. მისი თქმით, ეს კონფლიქტი აზერბაიჯანმა თავად „წამოიწყო“ და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. მიქელაძე მიიჩნევს, რომ ალიევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის შიგნით საზოგადოების უკმაყოფილების გადაფარვა იყო.
“საგარეო დონეზე ალიევი ცდილობს ანტირუსული მოთამაშის იმიჯის შექმნას, ხოლო საშინაო დონეზე – საზოგადოების უკმაყოფილების გადაფარვას, რომლის მართვაც ომის შემდგომი ეიფორიის დაკარგვის შემდეგ უჭირს”.
დიდ ჰეგემონებთან თამაში ალიევს საზოგადოებრივ მხარდაჭერას აძლევს და მან ეს ძალიან კარგად იცის, მიიჩნევს თამთა მიქელაძე. ექსპერტის აზრით, მიუხედავად ღია კონფლიქტისა, აზერბაიჯანს რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზები არ გადაუკვეთია.
“საინტერესოა, რომ ამ დაპირისპირებაში ალიევი ძალიან შორსაც არ მიდის (აქ ის გავს და ბაძავს ერდოღანს). მაგალითად, ის ერიდება ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროების მოშლას რუსეთთან.
მით უფრო იმ ფონზე, როცა უკრაინის ომისა და იზოლაციის შემდეგ რუსეთი აზერბაიჯანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს და ინვესტიციებს ახორციელებს (რუსეთი-ირანი-ინდოეთის მარშრუტი). ამავდროულად, აზერბაიჯანისთვის რუსეთი რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად ენერგორესურსების და სხვა სახის პროდუქტების მიმართულებით. რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული აგრარული პროდუქციის გატანისთვისაც. გარე გადმორიცხვების 46% აზერბაიჯანში სწორედ რუსეთიდან მოდის, სადაც დაახლოებით 300,000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მუშაობს.”
მიუხედავად იმისა, რომ ალიევმა კონფლიქტი ისე წარმართა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორობას არ შეხებია, “მან ხაზგასმით აჩვენა რუსეთის პოლიტიკური გავლენის შესუსტება რეგიონში და ეს სიმბოლურად გააფორმა კიდეც,” – აღნიშნავს ექსპერტი.
ფაშინიანის და ალიევის შეხვედრაზე
თამთა მიქელაძე ისხსენებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ფაშინიანმა ბოლო ხუთი წლის განმავლოვაში თურქეთთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგა. მისი თქმით, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხში სომხეთი წინ მიიწევს და მისი მთავარი ამოსავალია
სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხი.
“არ არის შემთხვევითი, რომ 2020 წლის ომის შემდეგ სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. ომიდან ერთი წლის შემდეგ სომხეთისა და თურქეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის თებერვალში, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სომხეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მალევე სომხეთმა აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ღაზას საკითხზე დაიძაბა. ფაშინიანი თურქეთში შეხვდა ერდოღანს”.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ გარდა საგარეო ნაბიჯებისა, პარალელურად ფაშინიანმა შიდა საზოგადოებრივ დონეზე დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ სომხური საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს ისტორიული სომხეთის მითისგან.
“ფაშინიანმა თავად თქვა, რომ არარატს სიმბოლურად უნდა ჩაენაცვლოს არაგაწის მთა, რომელიც დღეს სომხეთის ტერიტორიის ნაწილია”.
ამავდეოულად, საკუთარ როლს და მნიშვნელობას რეგიონში კიდევ უფრო ზრდის და გამოკვეთს თურქეთი:
“ამ პერიოდში აზერბაიჯანის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობების ნეიტრალიზება თურქეთმა მოახერხა და ამით დასავლეთს აჩვენა, ამ კონფლიქტში საკუთარი როლი. მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის გარანტორად დარჩენა, და ამავდროულად დაინტერესებულია, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით შექმნას სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც თურქეთს შუა აზიასთან დააკავშირებს,” – აღნიშნავს ექსპერტი.

ამ პროექტით დაინტერესებულია ევროკავშირიც, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა დერეფნის მოდელი, რომლის მართვაც სანდო საერთაშორისო კომპანიას ჩაბარდება.
“ანალოგიურად იმ შეთავაზებისა, რომელიც თავის დროზე საქართველოსთვის გააკეთეს და ჩვენ არ მივიღეთ. საინტერესოა, რომ ამჟამად ამ იდეას აშშ იყენებს და ფასილიტაციის შეთავაზებას ცდილობს მხარეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს ჯერ კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, მხარეები მოლაპარაკებების პროგრესს აღიარებენ [მოლაპარაკების ძირითადი სირთულეები უკავშირდება სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებასა და ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხს]” – აღნიშნავს თამთა მიქელაძე.
“ქართული ოცნების” დინების საწინააღმდეგო პოლიტიკა
ექსპერტის შეჯამებით, ცხადად იკვეთება, რომ რეგიონში იზრდება თურქეთის როლი როგორც პოლიტიკური სტაბილიზაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესებში და მცირდება რუსეთისა და ირანის გავლენა.
“ამერიკა და ევროპა რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლად აღიარებენ თურქეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, და ამ როლში მას უჭერენ მხარს,” – აღნიშნავს მიქელაძე.
მისი თქმით, ამ მსჯელობის გათვალისწინებით, ძალიან აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავს, რაც ამ შემთხვევაში დამაზიანებელია:
“დამარცხებულ ძალებს – ირანს და რუსეთს უჭერს მხარს და საბოლოოდ, შეიძლება საკმაოდ დაზიანდეს ამ პროცესში. (ალიევთან მეგობრობა მათ ან გადაარჩენს, ან არა). რომ არაფერი ვთქვათ, ამერიკის პოლიტიკაში ანტირუსული ნაბიჯების გააქტიურებაზე, მეგობარი აქტის მიღების პროცესის დასრულების მაღალ შანსებზე უახლოეს პერიოდში და ბრიტანეთისა და სხვა ძლიერი დემოკრატიების მიერ “ქართული ოცნების” სანქცირების არნახულ მუქარებზე.
მოკლედ, ერთი შეხედვით საგარეო პოლიტიკური ფაქტორები იცვლება და ის ნამდვილად არ იცვლება “ქართული ოცნების” და მისი (გეო)პოლიტიკური კალკულაციების სასარგებლოდ,” – მიიჩნევს ექსპერტი.