საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თეთრიწყაროს სასამართლოზე, ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
“მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.” – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სარჩელს თეთრიწყაროს სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვლადიმერ ხუჭუა განიხილავს.
30 ოქტომბერს საიამ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო, პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.
3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა – დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.
საიას ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები მათ არჩევნებამდე გამართულ ცესკოს საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინეს და კალანდარიშვილის უწყებას ჯერ კიდევ 17 სექტემბერს მისი აღმოფხვრისკენ მოუწოდეს. საპასუხო წერილი ორგანიზაციამ ცესკოსგან 28 სექტემბერს მიიღო, სადაც ეწერა, რომ საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი ბიულეტენი იყო სატესტო და არჩევნების დღეს ბიულეტენები სხვა ხარისხის იქნებოდა.