"სად დავკრძალოთ მიცვალებული?"
ადიგენში სიმშვიდეა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ აქაურობა უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა დატოვეს. თუმცა, პოლიციის მანქანა სამართალდამცავებთან ერთად აქ მაინც რჩება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ადიგენში მომხდარი მესამე რელიგიური კონფლიქტია.თუ პირველ ორ შემთხვევაში დავის მიზეზი სალოცავი გახდა, ამჯერად ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს სასაფლაოს ადგილის გამო დაუპირისპირდნენ. მუსლიმები ცალკე სასაფლაოს ითხოვენ, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
ამ ეტაპზე კონფლიქტი გადაწყვეტილია _ მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილს ქრისტიანების სასაფლაოს გვედრით გამოყოფენ. ორივეს ცალ–ცალკე შესასვლელი ექნება, შუაში კი საზღვარს გაავლებენ.
თუმცა, უფლებადამცველებისთვის ეს გარიგება ოპტიმიზმის საფუძველი არ გახდა. მათი თქმით, ბოლო წლებში რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული კონფლიქტები ქვეყანაში პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს.
სამცხე-ჯავახეთში _ ადიგენში ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის გაზაფხულზე სოფელში მუსლიმი რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა, მისი დასაკრძალი ადგილი კი არსად მოიძებნა.
ადიგენში ოცზე მეტი მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ეკომიგრანტები არიან _ დაახლოებით 30 წლის წინათ აჭარიდან გადმოსახლდნენ. ამ სამი ათეული წლის განმავლობაში მუსლიმებს ადიგენში საკუთარი სასაფლაო არ ჰქონიათ _ ზოგმა გარდაცვლილი მთიან აჭარაში გადაასვენა; სხვებმა კი, ოჯახის წევრები საკუთარ ეზოში დაკრძალეს.
ქრისტიანების სასაფლაო ადიგენში
თუმცა, შარშან გარდაცვლილი რევაზ მიქელაძის ოჯახმა გადაწვიტა სხვაგვარად მოქცეულიყო _ მიცვალებულის დასაკრძალად სოფელში თავისუფალი ადგილი შეარჩიეს. სამომავლოდ კი, გადაწყდა, რომ მუსლიმი თემი ამ ადგილას სასაფლაოს მოაწყობდა.
სოფელში დიდი აურზაური ატყდა. თავისუფალ ადგილას მიქელაძის დასაფლავების უფლება ოჯახს ქრისტიანმა მეზობლებმა არ მისცეს და მიცვალებულის დასაფლავება სოფელში არსებულ სასაფლაოზე შესთავაზეს, რასაც ოჯახი არ დათანხმდა, იმ მიზეზით,რომ მუსლიმს ქრისტიანულ საფლავზე ვერ დაასაფლავებდნენ. ბოლოს, მიქელაძე მეზობელ სოფელ ზანავში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.
მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, სასაფლაოს საკითხის გარშემო დაძაბულობა კი არ ცხრება. გასულ კვირას საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდა. სოფელში მობილიზებული იყო სასწრაფოები. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.
„არ უნდა იყოს ამ სოფელში მუსლიმების საფლავი და არც იქნება. პირი შევკარით ქრისტიანებმა და არ გავაკეთებინებთ! სოფელს აქვს ერთი სასაფლაო და იქ დაასაფლაონ თავიანთი მიცვალებული. ცალკე თუ მივეცით მიწა, მერე იქ მეჩეთსაც ააშენებენ“, – ამბობს სოფელ ადიგენში მცხოვრები ქრისტიანი თინა ჯანაშია.
თავის მხრივ, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ სასაფლაოს მიწას ითხოვენ და იქ მეჩეთს არასდროს აშენებენ.
საქმეში ჩართულები არიან ორივე თემის რელიგიური ლიდერებიც:
„ჩვენი რელიგიური წესის მიხედვით, დაუშვებელია საფლავზე ღვინის, ალკოჰოლის შეტანა, ჯვრის აღმართვა. ასევე ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ბიბლიის კითხვა, როგორც ქრისტიანებისთვის ყურანის. ამის გამო, რელიგიურად მუსლიმის და ქრისტიანის გვერდიგვერდ დასაფლავება დაუშავებელია. ეს მომავალში უფრო მეტ პრობლემას შექმნის“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს ადიგენში ქრისტიანი თემის სასულიერო ლიდერს, ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა ანთიმოზს: „სოფელში საერთო სასაფლაოა, გინდა მუსლიმი იყოს და გინდა ქრისტიანი, იქ უნდა დაიკრძალოს, ეს ასეა გინდა სახელმწიფოებრივად და გინდა ადამიანურად. რელიგიურადაც მუსლიმის და ქრისტიანის გვერდი–გვერდ დასაფლავება პრობლემას არ წარმაოდგენს“.
სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფას მუსლიმთა თემი უკვე რამდენიმე თვეა ოფიციალურად, სახელმწიფოსგანაც ითხოვს.
25 თებერვალს მათ მიიღეს წერილი, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახლა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუსლიმებისთვის სასაფლაოს მიწა უნდა გამოყოს.
სწორედ ეს პასუხი გახდა კონფლიქტის გამწვავების მიზეზი.
„ცალკე გინდათ სალოცავი, მაგრამ არ გამოგივათ, ოცი კაცი რომ დადიხართ და ჩუმად ხელმოწერებს აგროვებთ ეგრე არ არის. ამ სოფელში ცალკე ადგილს ვერ გამოგიყოფენ. თუ ვინმეს ამის გაკეთება უნდა ადგილი თავიანთ სახლებში, ეზოებში და კაბინეტებში გამოგიყონ“, – მიმართა სოფლის ცენტრში შეკრებილ მუსლიმ მეზობლებს ქრისტიანმა ბექა ტაბიძემ.
„22 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ, ყველასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ორი მეტრი მიწა მკვდარს ეკუთვნის! ეს არის სამარცხვინო!“ – უპასუხა მას მუსლიმმა ლია იაკობაძემ.
ვითარება ადიგენში საღამოს, დაახლოებით შვიდი საათისთვის, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მივიდა.
„გამგებელი თვითონ მუსლიმებმა მოიყვანეს – დღესვე გადავწყვიტოთ რა და როგორ იქნებაო. არადა, გავაფრთხილე, დღეს არ გინდათ, სოფელში ბიჭები სვამენ და ეს ამბავი მშვიდობით არ დამთავრდება თქო. მაგრამ, არ დამიჯერეს. ამოვიდა გამგებელი და მერე ატყდა აქ დიდი ამბავი. სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა, – ამბობს ქრისტიანი ზურაბ ტაბიძე.
შეხლა-შემოხლის შედეგად ზოგს თვალი აქვს დაზიანებული, ზოგს ტვინის შერყევა აქვს.
„თავი მაქვს გატეხილი. არ ვიცი რა მომარტყეს. გონება დავკარგე და სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა“, – იხსენებს ავთანდილ იაკობაძე.
სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც დევნას გულისხმობს. სოფლის მაცხოვრებლებიც დაკითხეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
იმ დღეს სოფელი ადიგენი ბრძოლის ველად იქცა და ორ ბანაკად დაიყო. ადიგენელების მხარდასაჭერად მუსლიმები სხვა სოფლიდანაც – მოხე, აფიეთი, ციხისუბნი, დერცელი, ზედუბნი, ჭელა, ჭეჭლა, კიკიბო, ღორთუბანი – ჩამოვიდნენ. მათ გასწვრივ, გზის ზედა მხარეს ადგილობრივი ქრისტიანები შეიკრიბნენ. შუაში პოლიცია ჩადგა. სამართალდამცავები დაპირისპირებულ მხარეებს ცოცხალი ჯაჭვით ყოფდნენ.
ვითარება მხოლოდ ორი დღის შემდეგ განიმუხტა – ორივე თემის წარმომადგენლები და მათი სასულიერო ლიდერები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიკრიბნენ. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ სოფელში ახალი საერთო სასაფლაო მოეწყობა, რომელსაც ქრიასტიანები და მუსლიმები შუაზე გაიყოფენ.
„თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მოხდა გაუგებრობა, და ამას მოყვა დაპირისპირება“, – ამბობს მუსლიმი ავთანდილ კოჩალიძე.
„ ჩვენ რომ ერთმანეთი გვძულდეს, ამდენი წელი გვერდი–გვერდ ვიცხოვრებდით? აბა მიცვალებულს ჰაერში ხომ არ დამარხავენ?! ჩვენთვისაც კარგია, რომ ცალკე სასაფლაო კეთდება, ძველზე უკვე ჩვენი მიცვალებულებიც აღარ ეტევიან, “ – ამბობს ქრისტიანი ქეთევან გახოკიძე.
შემდეგ სოფელში იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ვითარება ვიღაცამ პოლიტიკური ქულების დასაწერად დაძაბა. ამაზე როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი თემის წარმომადგენლებიც საუბრობენ, თუმცა, კონკრეტულად ვის აწყობდა არეულობა, არ ასახელებდნენ.
„ჩვენ 30 წელია ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობთ… ალბათ პოლიტიკის ბრალია, ვიღაცა ჩაერია ცუდად, ვინ არ ვიცი, – ამბობს ქრისტიანი მერაბ ყურაშვილი.
მუსლიმები ვითრების ესკალაციას იმ ადგილობრივ ქრიასტიან ახალგაზრდებსაც აბრალებენ, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში დასხნენ თავს.
„მოვიდნენ და ჩხუბი დაგვიწყეს თათრები ხართო. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ძველი თაობის ხალხისგან ასეთი რამ არასდროს გვსმენია. ნასვამებიც იყვნენ. ნასვამი კაცი რას არ გააკეთებს,“ – ამბობს მუსლიმი მზიური ვაშაყმაძე.
ვისი ბრალი იყო მომხდარი, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, თუმცა ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუსჯია.
სწორედ ამ გარემოებაზე აკეთებენ აქცენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამ დრომდე, დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი არ მინიჭებია არცერთ პირს. გაუმართლებელია ის ფაქტიც, რომ არ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა. ეს აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფოს, ბოლო წლებში მუსლიმთა დევნის არაერთი ფაქტის მსგავსად, არც მიმდინარე საქმეზე აქვს ნება, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს მომხარი“.
სოფელში ახლა სიმშვიდეა. ადიგენი ახალი სასაფლაოს მოსაწყობად ემზადება. ქრისტიანებსა და მუსლიმებს გვერდი-გვერდ მოუწევთ მუშაობა.
მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები სასაფლაოსთვის გამოყოფილ ადგილს ათვალიერებენ
ამ ეტაპზე, ორივე თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარი მათ კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.
მუსლიმები ჭელას მეჩეთში ლოცულობენ
„ჩვენი მხრიდან არანაირი გართულება არ იქნება და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდანაც ასეა“, – ამბობს მუსლიმი ბადრი კახაძე.
თუმცა, ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ უფლებადამცველები და ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების პრობლემების უკეთ ჩაღრმავებისკენ მოუწოდებენ. “ეს არ არის ერთეული შემთხვევები. რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები გახშირდა, რაც უფრო სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს – ფიქრობენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები.