საახალწლო ზღაპარი საქართველოზე
ოდესღაც საქართველო მოაჯადოვა ბოროტმა ჯადოქარმა, რომლის სახელიც არავის ახსოვს. მისი ჯადქრობის გავლენით, ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის საახალწლო გირლანდებიც,სრულიად არასაზეიმო კამათის თემად იქცევა.
საახალწლოდ თბილისს ყოველთვის რთავენ, მაგრამ მასშტაბური გაფორმება პირველად ექვსი წლის წინათ შემოიღეს _ როდესაც საახალწლო გირლანდებმა ყველა ცენტრალური პროსპექტი მოიცვა. მოსართავები დაკიდეს გზისპირას მდგარ ჭადრებზე, შენობების კედლებსა და გზის სავალი ნაწილის თავზე. მთელი ეს ბრწყინვალება ავტობუსებისა თუ მანქანების მინებზე ჯადოსნურად ირეკლებოდა.
თბილისელები ქუჩებში გავიდნენ და გაოცებისგან დამუნჯდნენ _ ქალაქმა ჯადოსნური იერი მიიღო. თუმცა, აღფრთოვანება დიდხანს არ გრძელებულა. ‘მოიცადეთ, _ თავში გაუელვა რომელიღაც პოლიტიკოსს, _ ამ სათამაშოებში ხომ ფულია გადაყრილი! თანაც რამდენი ელექტროენერგია დაიხარჯება! უყურე, ციმციმებს კიდეც. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს!“ _ ფიქრებმა გაიტაცა პოლიტიკოსი, რომელსაც ძალიან უნდოდა ღარიბი ამომრჩევლის გული მოეგო.
და ყველა ნათურების დასათვლელად გაეშურა. დაიწყეს თვლა, მაგრამ სათვალავი აერიათ. თავიდან დაიწყეს. ცხარედ კამათობდნენ და საკითხს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და პარლამენტში განიხილავდნენ. საბოლოოდ კი ამ კამათისა და დავის შემდეგ ერთმანეთი კიდევ უფრო ნაკლებად უყვარდათ.
ახალი წლის დღეები შეუმჩნევლად მიილია. გირლანდები მოხსნეს დაახვიეს და წაიღეს. თუმცა, მომდევნო წელს ყველაფერი განმეორდა; შემდეგ წელსაც, და ასე შემდეგ. ყოველ წელს პოლიტიკური ოპონენტები გირლანდების, ნაძვის ხის სათამაშოების, კანფეტებისა და ფოეიერვერკების გამო ებრძოდნენ ერთმანეთს.
წლიდან წლამდე განათების სიძვირით უკმაყოფილოთა რიგები სულ უფრო იზრდებოდა. ქამრების შემოჭერასა და ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნას უკვე არა მხოლოდ პარლამენტი და საკრებულო, არამედ უბრალო მოქალაქეებიც უჭერდნენ მხარს.
როგორც იქნა, სამართლიანობამ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში ის ძალა მოვიდა, ვისაც ახალი წლის სპარტულად აღნიშვნა სურდა. თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, რამდენიმე თვის შემდეგ „სპარტელები“ რამდენიმე წლის წინანდელ გირლანდებს კიდებდნენ და დაბერებულ თოვლის პაპებს მტვერს აშორებდნენ.
თუმცა, ხმათა უმრავლესობით, ის ახალი წელი ეკონომიურობით ახსნეს, რადგან განათებები წინა მმართველების მიერ იყო შეძენილი და გადაყრა უპატიებელი მფლანგველობა იქნებოდა.
ეს არგუმენტი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და მობრჭყვიალე ცენტრალური უბნების საერთო იერი უცვლელი იყო. ნათურებით დახუნძლული ჭადრები, გაზონებზე მდგარი ანგელოზების განათებული ფიგურები, გზის სავალი ნაწილზე ჰაერში დაკიდული განიერი ჭაღები ერთფეროვნებით იყო გაჯერებული.
ყველაფერი ამ დეკემბერს შეიცვალა, როდესაც თბილისის მერიამ განათებები საზეიმოდ შეცვალა და ისიც კი აღიარა, რომ ახალში მილიონი ლარი დახარჯა. საზოგადოება მოულოდნელობისგან დამუნჯდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, და უკმაყოფილო მოქალაქეებმა სადაც შეძლეს, ყველგან დაიწყეს გესლის ფრქვევა.
ამასობაში ახალი წელი სულ უფრო გვიახლოვდება და საინტერესოა, დასრულდება თუ არა ეს პოლიტიკური გაუგებრობა, ახალი წლის ღამეს სურვილს თუ სწორად ჩავიფიქრებთ?