რუსეთი - მთავარი საფრთხე
11 აპრილს ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა კვლევისას?
საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია, ევრაზიული კავშირის წევრობის მხარდამჭერების კი – შემცირებული. ეს შედეგი აჩვენა ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს დაკვეთით ჩატარებულმა საზოგადოებრივმა კვლევამ, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 3 900 რესპონდენტი გამოიკითხა.
თბილისში ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 61% უჭერს , ნატო-ს წევრობას 68%, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას – 20%. შარშან ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 58% იყო, ხოლო ევრაზიული კავშირის წევრობის – 24%.
კითხვაზე, რომელი ქვეყანა თუ ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47 პროცენტი პასუხობს, რომ რუსეთი. რუსეთის შემდეგ რიგით მეორე საფრთხედ ისლამური სახელმწიფოა დასახელებული (8 პროცენტი), მესამე ადგილზე კი – აშშ(7 პროცენტი).
მოსახლეობის 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. 14 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ცალსახად პროდასავლური უნდა იყოს. მხოლოდ 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა ცალსახად პრორუსული უნდა იყოს.
ექსპერტის აზრი: ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა გაზრდასა და ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა შემცირებას ობიექტური მიზეზები აქვს.
როგორც შარაშენიძემ სააგენტო ‘ინტერპრესნიუსს’ NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულმა პროპაგანდამ გაიარა თავისი პიკი.
‘ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროკავშირში იზრდება ჩვენი ექსპორტი. მითი რუსული ბაზრის შესახებ ბარდება წარსულს. რუსული პროპაგანდა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მარცხდება. ყველა ხედავს, რომ რუსეთისგან არანაირი ხეირი არ არის. ეს არის ობიექტური მიზეზები. ამასთან, მოხდა მობილიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამ მუშაობამაც შედეგი გამოიღო, – განაცხადა შარაშენიძემ.
საშინაო საკითხები/ ეკონომიკა
კვლევის შედეგები საკმაოდ კრიტიკულია მოქმედი ხელისუფლების მიმართ. გამოკითხულთა 39 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 42 პროცენტი აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ (საქართველოში ხელისუფლების ცვლილების თარიღი) მათი მდგომარეობა გაუარესდა; 66 პროცეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.
ექსპერტის აზრი: ‘ბუნებრივია მეტი ადამიანი არის უკმაყოფილო იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი, მდგომარეობა გაუარესდა იმ ფონზე, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ მომხმარებელი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება სამომხმარებლო კალათაზე.
ხელისუფლების ბრალი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ზედმეტად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ქვეყანაში არ იქმნება დამატებითი ღირებულება, ეს აძლიერებს მეორე, ტოტალური უმუშევრობის პრობლემას. ეს პაკეტში გვაძლევს ასეთ სურათს.
იმისდა მიუხედავად, რამდენად დიდია ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, ამაში გარკვევეა არ აინტერესებს მოსახლეობას. ის მატერიალურ სიდუხჭირეზე პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას აკისრებს,’ – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ‘ინტერპრესნიუსთან’ საუბარში.
ეროვნული საკითხები და ტერიტორიული მთლიანობა
კვლევამ ასევე მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებიც გამოავლიანა. პირველი სამეული ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები – 57%, ფასების ზრდა/ინფლაცია – 35%, სიღარიბე -30%, პენსიები – 26%.
პირველ სამეულში ვერ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობის თემა. კვლევაში იგი მეხუთე ადგილზეა. კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა მხოლოდ 23-მა პროცენტმა დაასახელა ტერიტორიული მთლიანობა.
NDI საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2008 წლიდან იკვლევს. ამ ხნის განმავლობაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველი სამეულის მიღმა რჩება.
ექსპერტის აზრი: საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ტოპ-სამეულიდან გაქრობას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ექსპერტის აზრი: ‘პირველი მიზეზი ეს არის ზოგადად ომის შიში, რაც საზოგადოებაში 2008 წლის მერე შეიმჩნევა. მეორე – ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ემოციური გაფერმკრთალება, რაც დროთა განმავლობაში ხდება და ეს ბუნებრივია; მესამე – ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა ეკონომიკურმა პრობლემებმა. უმუშევრობის მაღალი დონე, ინფლაცია – ეს ყველაფერი მოსახლეობაში ეკონომიკური სტაბილურობის შიშს აჩენს, და ბოლოს – მთავრობა, ფაქტობრივად, თავადაც აღარ ლაპარაკობს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ეს თემა მიჩუმებულია, რაც კვლევის შედეგებზეც აისახა,’ – ამბობს ელენე ხოშტარია JAMnews-თან ინტერვიუში.
გამოქვეყნებულია:11.04.2016