როგორ ვიმყოფინოთ 24 საათი?
დრო და მისი სწორად მართვა თანამედროვე მსოფლიოში გლობალურ გამოწვევად იქცა. სპეციალისტები თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთები ასწრებენ ყველაფერს, სხვებს კი საერთოდ არ ჰყოფნით დრო არაფრისთვის.
თანამედროვე ადამიანები უმრავ ფულს (და დროსაც, სხვათა შორის) ხარჯავენ ამ ამოცანის ამოსახსნელად – ყიდულობენ სპეციალურ წიგნებს, ესწრებიან ძვირადღირებულ ტრენინგებს, ქირაობენ კონსულტანტებს.
მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზია amazon.com-ზე Time Managment-ის (დროის სწორად მართვის) სახელმძღვანელოები უცვლელი ბესტსელერებია.
სმარტფონების მომხმარებლებისთვის კი ასობით აპლიკაცია არსებობს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გაიოლების დაპირებით.
რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
სამსახურში
რჩევა 1: მთავარია კონცენტრაცია
რამდენჯერ ამოწმებთ დღეში ფოსტას? თუ ამას საათში ერთხელ აკეთებთ, მაშინ იცოდეთ, რომ დღეში დაახლოებით ერთ საათს კარგავთ ფუჭად, რადგან თურმე ერთი საქმიდან მეორეზე გადართვისას კონცენტრაციის აღდგენას 4 წუთი მაინც სჭირდება.
წიგნის, Inbox Detox-ის ავტორმა მარშა იგანმა მთელი კონცეფცია შეადგინა, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ელექტრონულ ფოსტასთან. ის გვირჩევს, ფოსტა მხოლოდ დღეში 5-ჯერ შევამოწმოთ. ცხადია, ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც საქმიანი მიმოწერა გაქვთ, რომელიც მყისიერ პასუხს მოითხოვს.
მოკლედ, როდესაც ერთ საქმეს იწყებთ, არასდროს გადაერთოთ სხვა რამეზე – ნურც მეილს შეამოწმებთ და არც სოციალურ ქსელში შეიხედოთ. მაქსიმალურად კონცენტრირდით.
რჩევა 2: ნუ იქნებით უიმედო პერფექციონისტები
თუ თქვენ რამდენჯერმე უბრუნდებით ერთსა და იმავე საქმეს იმ მოტივით, რომ მიაღწიოთ სრულყოფილებას, რომელიც, როგორც ვიცით, ამ სამყაროში მიუღწეველია, იცოდეთ, რომ ეს ჩვევა მხოლოდ დააბრკოლებს თქვენს კარიერულ წინსვლას. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პერფექციონისტები ისევე არღვევენ დედლაინებს, როგორც ზარმაცები. წარმოიდგინეთ, წერთ ერთ ჩვეულებრივ ანგარიშს თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მორიგ ღონისძიებაზე.
ანგარიში სამ საათსა და 25 წუთში დაწერეთ. თუმცა, რომ გადაიკითხეთ, გადაწყვიტეთ, რომ სხვაგვარად დაწყება უფრო ეფექტური იქნებოდა. თავდაყირა აყენებთ მთელ ნაწერს და ამაში ორ საათს ხარჯავთ. მერე, გადაწყვეტთ, რომ კარგი იქნებოდა, ანგარიშში სხვა ქვეყნების მაგალითებიც ყოფილიყო – ესეც კიდევ ორ საათს გართმევთ. პერფექციონისტებს საქმე არასდროს დაელევათ. დედლაინმა კი უკვე ჩაიარა.
ასე რომ, ნებისმიერი საქმის დაწყების წინ ზუსტად შეადგინეთ გეგმა, რომელსაც არ გადაუხვევთ! თქვით, რომ ზუსტად ოთხ საათში დაწერთ ანგარიშს და არაფრის დიდებით არ გადააჭარბოთ ამ დედლაინს.
რჩევა 3: ისწავლეთ საქმის განაწილება
დროის მენეჯმენტის სპეციალისტები ამბობენ, რომ მენეჯერი, რომელმაც საქმის სწორად გადანაწილება არ იცის, ცუდი მენეჯერია და მისი გუნდი ვერასოდეს ვერაფერს მოასწრებს.
სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და უარი თქვით საქმეზე, რომლის გაკეთება სხვებს შეუძლიათ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმე თქვენს კოლეგებს აჰკიდოთ. უბრალოდ, დაიმახსოვრეთ, რომ გუნდის წევრები ან ქვეშევრდომები იმისთვის არსებობენ, რომ საქმე გადაუნაწილოთ.
რჩევა 4: დაიწყეთ დღე ყველაზე რთული საქმით
თაიმ-მენეჯმენტის ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ თუ დილით გააკეთებთ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად გეზარებათ და რომელიც ხვალისთვის გინდათ გადადოთ, მაშინ მთელი დღე პროდუქტიული და ნაყოფიერი გექნება. თუ ყველაზე რთულ საქმეს დღის პირველ ნახევარში მოიმთავრებთ, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში სიამაყით აღვსილი იქნებით და ნებისმიერი საქმე იოლი და სახალისო მოგეჩვენებათ.
რჩევა 5: დაიცავით თავი ჭორიკანა კოლეგებისგან
გადახედეთ თქვენს სამუშაო დღეს და გულწრფელად თქვით, რამდენ დროს ხარჯავთ კოლეგებთან არასაქმიან საუბრებში? ალბათ 40 პროცენტს, თუ მეტს არა… ჰოდა, მერე ნუ წუწუნებთ, რომ სამსახურს გვიან ამთავრებთ. და არგუმენტი, რომ კოლეგები თვითონ მოდიან, რაღაცებს გეკითხებიან და ა.შ. არ მიიღება. ერთი მარტივი და აპრობირებული მეთოდი არსებობს აბეზარი კოლეგისგან თავის დასაცავად – ყურსასმენები გაიკეთეთ. ის იფიქრებს, რომ რაღაცას უსმენთ და საუბარს აღარ გაგიბამთ.
რჩევა 6: შეამცირეთ სოციალურ ქსელებში ყოფნის დრო
აი, მივადექით თქვენი დროის ყველაზე დაუნდობელ მტერს. ბევრსაც არ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, უბრალოდ სტატისტიკას მოვიყვანთ: საშუალოდ, ადამიანები დღეში სოციალურ ქსელებში 6 საათს ატარებენ და ამ დროის დიდი ნაწილი სამუშაო საათებზე მოდის! ეს საშუალოდ, თორემ ზოგიერთისთვის 6 საათი რა მოსატანია.
6 საათში შეიძლება ტრენინგის ანგარიში კი არა, “საბას” ლაურეატი მოთხრობა დაწერო. ამიტომ, ახლა შედით “ფეისბუკზე” და თქვენი გუშინდელი პოსტი – “აუუ, როგორ ასწრებს ეს ხალხი ყველაფერს, მე კიდევ პაემანზე წასასვლელადაც არ მრჩება დრო” – სასწრაფოდ წაშალეთ.
სახლში
რჩევა 1: ივახშამეთ მობილურის “დახმარების” გარეშე
მიხვედით სახლში დაღლ-დაქანცული (როგორც ზემოთ გაირკვა, მეილების შემოწმებითა და კოლეგებთან საუბრით), და ტელეფონზე მოდის ნოტიფიკაცია. აბა, როგორ არ უნდა შეამოწმო ფეისბუკი? იქნებ რა ხდება? იქნებ რას გწერენ? თქვენც რას აკეთებთ – მოკალათდებით კომფორტულად – ცალ მხარეს ვახშამი, მეორეს – ტელეფონი… უკვე შუაღამეა და თქვენ ისევ სოციალურ ქსელში ხართ.
არადა, ჯერ კიდევ სამსახურიდან გამოსვლისას უთხარით საკუთარ თავს, რომ შინაარსიან საღამოს მოიწყობდით – გემრიელად ივახშმებდით, მერე კარადას დაალაგებდით ან რაიმე ფილმს უყურებდით; ან ბოლოს და ბოლოს დაასრულებდით ორი თვის წინ დაწყებული 100-გვერდიანი საინტერესო წიგნის კითხვას.
ერთი რჩევა – დაიყენეთ კომპიუტერზე Time Tracker, True Time Tracker ან Project Hamster პროგრამა. ეს პროგრამები კომპიუტერთან თქვენს მუშაობას ადევნებენ თვალს – ადგენს სტატისტიკას, გრაფიკებს, დიაგრამებს და თვალნათლივ გიჩვენებთ, თუ რაში რამდენი დრო დახარჯეთ – და როდესაც ვიზუალურად დაინახავთ, თუ რამდენ დროს ხარჯავთ უქმად, დაფიქრდებით და სხვაგვარად დასახავთ პრიორიტეტებს.
რჩევა 2: არ მოიკლოთ ძილი
ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანი ძილში ატარებს, მაგრამ საბნის ქვეშ გატარებული ბედნიერი საათების ეკონომიას არ გირჩევთ. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომდევნო დღე პროდუქტიული იყოს. თუ მუდმივად გამოუძინებელი ხართ, დროის მენეჯმენტზე და ეფექტურობაზე საუბარიც კი ზედმეტია. 8-საათიანი ძილი ნორმაა, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო სჭირდება, სხვებს კი, პირიქით – ნაკლები.
შეისწავლეთ თქვენი ორგანიზმი და არასდროს არ დააკლოთ მას ძილი. თან გახსოვდეთ ძილის ფაზებიც – სწრაფი და ნელი ფაზა. თუ მაღვიძარამ მეორე ფაზის დროს დაგირეკათ, ჩათვალეთ, რომ მთელი დღე უხასიათოდ და უუნაროდ იქნებით. შეგიძლიათ თქვენს სმარტფონში გადმოქაჩოთ აპები – Sleep Cycle, Smart Alarm Clock. ისინი ძილის ფაზებს ითვლიან და საჭირო დროს გაგაღვიძებენ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
რჩევა 1: ყოველთვის თან ატარეთ წიგნი
ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა დაწერა წიგნი “როგორ დავწეროთ წიგნი”. დამწყებ მწერლებს ის ერთ მთავარ რჩევას აძლევს – რაც შეიძლება მეტი იკითხეთ. სტივენი ამბობს, რომ სადაც უნდა მიდიოდეს, თუნდაც პურის საყიდლად, თან წიგნი მიაქვს – რა იცი, რა ხდება, იქნებ ორიოდე თავისუფალი წუთი გამოჩნდეს და რატომ უნდა დაიკარგოს ეს წუთები ფუჭად?!
სტივენ კინგის მაგალითს თუ ყველა მიბაძავს, კარგი იქნება. თქვენც კი, ვინც ლიტერატურაში ნობელის პრემიის აღებას არ გეგმავთ… დაგეგმეთ თქვენი დრო ავტობუსში, მეტროში, ბანკის რიგსა თუ სტომატოლოგის მისაღებშიც. სხვისი ჭორაობის მიყურადებას, ჯობს, ის 100-გვერდიანი წიგნი წაიკითხოთ, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერა და ვერ დაასრულეთ.
რჩევა 2: ერიდეთ რიგში დგომას და აითვისეთ ონლაინ სერვისები
რაკი რიგებზე ჩამოვარდა სიტყვა, ესეც უნდა ითქვას, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და ცივილიზაცია საკმაოდ შორს წავიდა. მათ შორის, გადასახადების გადახდის თვალსაზრისითაც. ნებისმიერი გადასახადის და საბანკო ოპერაციის შესრულება უკვე სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეიძლება. თუ თქვენ ისევ მეოცე საუკუნეში ხართ, გამონახეთ ნახევარი საათი, მიდით თქვენს ბანკში, ჩართეთ ინტერნეტ ბანკი და ისწავლეთ მისი გამოყენება.
დენისა და მასზე მიბმული ნაგვის საფასურისთვის რიგში დგომა უკვე სასაცილოც აღარ არის. ბევრი სხვა სერვისიც უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი – კინოს და სხვა ღონისძიებების ბილეთების შეძენა და ა.შ.
თავისუფალი დროის მართვა
გაგიკვირდებათ და, თავისუფალ დროსაც სჭირდება სწორად მართვა. ჩვენ ხშირად ვჩქარობთ – მაშინაც, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. ამიტომ, სანამ დროის მენეჯმენტით დავკავდებით, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა – რაში დავხარჯავთ გამოთავისუფლებულ დროს? თავისუფალი დრო არ ნიშნავს უაზროდ გატარებულ წუთებს. როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, დასვენებასაც კი ცოდნა სჭირდება, თორემ შეიძლება მოახერხო და შვებულებიდანაც დაღლილი ჩამოხვიდე.