რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15 პროცენტით გაიზრდება
“ენგურჰესი”, რომლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო, მუშაობას აპრილის ბოლოდან განაახლებს და 10-15%-ით გაზრდის ელექტროენერგიის გამომუშავებას, ამის შესახებ ,,ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰესის ამოქმედების შემდეგ, ჩვეულებრივ აღუდგება აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება, ისე როგორც დანარჩენ საქართველოს:
“მთლიანად რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახლა, სრულდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, რაც ჰესის გაჩერების გარეშე შეუძლებელი იყო. სამუშაოების დარჩენილი ნაწილი კი განხორციელდება ჰესის ფუნქციონირების პარალელურად”.
________________________________
● აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
● უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
● აფხაზეთი: ელექტროენერგიის და ნდობის დეფიციტი
________________________________
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლოს ენგურჰესზე კომპლექსური რემონტი 15 წლის წინ ჩატარდა.
სულ ჰესის რეაბილიტაცია 45 მლნ ევრო ჯდება. აქედან 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტი, რომელსაც საქართველო 15 წლით მიიღებს.
ენგურჰესი უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია – აქ მუშაობენ როგორც აფხაზები, ისე ქართველები. ელექტროენერგიაც ორი მიმართულებით ნაწილდება.
1993 წელს თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა.
ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა; სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი, წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი – წალენჯიხის რაიონში, თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს.
ამჟამად მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აფხაზეთი მოიხმარს, 60 პროცენტს კი – საქართველო. ზამთარში კი, როდესაც ცოტა წყალია, თითქმის მთელი ელექტროენერგია აფხაზეთში მიდის.
აფხაზეთისთვის სადგური – ფაქტობრივად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სწორედ აფხაზეთს აყენებს.
აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების პერიოდში რეგიონს ელექტროენერგიით მოსკოვი მოამარაგებს.