რატომაც არა?!
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპულ ბადის მორიგი მატჩები დასრულდა და გულშემატკივრების მთელი ყურადღება ისევ შიდა ჩემპიონატებმა და ევროთასებმა მიიპყრო. მომდევნო თამაშები მხოლოდ ნოემბერში ჩატარდება, ამიტომ მანამდე შეგვიძლია დიდხანს ვაანალიზოთ შედეგები და არსებული შანსები განვიხილოთ. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანელ გულშემატკივარსაც შეუძლია, ორიოდე სიტყვა თქვას.
ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა, ხორვატი რობერტ პროსინეჩკის ხელმძღვანელობით, მიმდინარე ციკლი საკმაოდ მხნედ დაიწყო. სექტემბერში ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში დაამარცხა სან-მარინო, მაგრამ ამ წარმატებას განსაკუთრებული სიხარული არ გამოუწვევია — გუნდმა ძალიან დუნედ და უინიციატივოდ ითამაშა. ოდნავი შიშიც კი ეტყობოდა. ამის გამო, პროსინეჩკიმ და მისმა შეგირდებმა თითქმის ყველასგან (აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტით, როვნაჰ აბდულაევით დაწყებული და რიგითი გულშემატკივრით დასრულებული) მიიღეს კრიტიკული შენიშვნები. ხორვატი სპეციალისტი ირწმუნებოდა, რომ მთავარ ამოცანად დადებითი შედეგი ჰქონდა დასახული, თამაშის ხარისხი კი მომდევნო მატჩებში გამოსწორდებოდა. პროსინეჩკიმ დადებული პირობა შეასრულა.
მიმდინარე თვეში აზერბაიჯანის ნაკრებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრები ელოდა — საშინაო მატჩი ნორვეგიასთან და გასვლითი შეხვედრა ჩეხეთთან. მიზეზთა გამო, ორივე გუნდი ჩვენთან შეხვედრის წინ ოდნავ განაწყენებული იყო. მაგალითად, სკანდინავიელები ბაქოში ჩამოსვლამდე შინ დამარცხდნენ გერმანელებთან და უნდოდათ, ნაკლებად მრისხანე მეტოქეზე ეყარათ ჯავრი, მაგრამ ნურას უკაცრავად!
პროსინეჩკი თავიდანვე აღნიშნავდა, რომ არ აპირებდა უიღბლობას შერიგდებოდა. მან განაცხადა, რომ ამჟამინდელ შემადგენლობაში პოტენციალს ხედავს, ფეხბურთელებს კი თვითგანვითარებისათვის დაუღალავი შრომით შეუძლიათ, სათამაშო კლასი აიმაღლონ და ნებისმიერ კონკურენტს შეებრძოლონ – სტატუსებისა და დიდი რეგალიების მიუხედავად. ამ მხრივ, ნორვეგია ნამდვილად არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი; ამიტომ აზერბაიჯანის ნაკრებმა ამოცანის შესასრულებელი გეგმა გვერდზე არ გადადეს და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მატჩის მეთერთმეტე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. თავი მცველმა მაქსიმ მედვედევმა გამოიჩინა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. სწრაფი გოლი, ტრიბუნების მხარდაჭერა და კარგი ფულადი პრემიის მიღების პერსპექტივა — სხვა რა სჭირდება ფეხბურთელს იმისთვის, რომ მოტივაცია არ დაკარგოს და ბოლომდე იბრძოლოს?
აზერბაიჯანის ნაკრებმა გამარჯვების მომტანი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა (უნდა ითქვას, რომ თამაშის მიმდინარეობისას ჩვენს გუნდს გაუმართლა კიდეც) და საკუთარ აქტივში ზედიზედ ორი მოგება მიითვალა, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია. სხვათა შორის, გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ნორვეგიის დამარცხება. მატჩის შემდეგ გუნდისა და მისი მწვრთნელის მიმართ საქებარი სიტყვები და მილოცვები არ დაიშურეს, თავად პროსინეჩკიმ კი ჟურნალისტები პესიმიზმში დაადანაშაულა. მან საკმაოდ პირქუში ტონით აღნიშნა, – მე ყოველთვის მჯეროდა ბიჭების, თქვენ კი – არა, ამიტომაც მიგაჩნიათ ნორვეგიაზე გამარჯვება სენსაციადო.
ამის შემდეგ გუნდმა კიდევ უფრო დიდ დიდ წარმატებას მიაღწია. აზერბაიჯანული გუნდი სტუმრად ჩავიდა ჩეხეთში. ამ ქვეყნის ნაკრებმა ციკლის ამ მონაკვეთში იმავე გერმანელებთან წააგეს იგივე ანგარიშით (0:3) და სახლში ფრედ ითამაშეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან (ის მატჩი დასრულდა ანგარიშით 0:0). და როგორ გგონიათ, ვინ უნდა მოეგდოთ ასეთ დროს ხელში? სწორია! მატჩისწინა განცხადებებში ჩეხი ფეხბურთელები საკმაოდ ირონიულად მსჯელობდნენ აზერბაიჯანული ფეხბურთის წარმატებაზე და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ეს განცხადებები მათ კავკასიელ სტუმრებს შეურაცხყოფდა. გუნდის მწვრთნელმა კარელ იაროლიმმა კიდევ უფრო ღრმად შეტოპა და განაცხადა, რომ პროსინეჩკის, როგორც მწვრთნელის შესაძლებლობებზე არაფერი სმენია: კარგი ფეხბურთელი იყო, “რეალსა” და “ბარსელონაში” თამაშობდა, მაგრამ რამდენად კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბდა, არ ვიციო…
ოსტრავაში გამართულ მატჩს აზერბაიჯანის ნაკრები დანაკარგით შეხვდა. გუნდის კაპიტანი, რაშად სადიხოვი, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ტრავმის გამო, სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მისი ადგილი კი დაიკავა ბედავი ჰუსეინოვმა, რომელმაც სერიოზული დაზიანების ნიადაგზე ბოლო ორი თვე გამოტოვა.
ჩეხები ცდილობდნენ, მოწინააღმდეგეების კარი შორი მანძილიდან დაელაშქრათ, კომბინაციები გაეთამაშებინათ, ფლანგური შეტევები განეხორციელებინათ… მაგრამ ამაოდ. პროსინეჩკის გუნდი ზამბარასავით მოქმედებდა. საჭირო მომენტში მოედნის საკუთარ ნახევარზე იკეტებოდა, შესაფერის დროს კი მკვეთრად იშლებოდა და თავად ქმნიდა საფრთხეს მოწინააღმდეგის კართან. რამდენჯერმე ჩეხებმა კინაღამ გოლი გაუშვეს, რამაც მათ რიგებში პანიკა გამოიწვია და ასეთმა ხიფათმა საბოლოოდ აიძულა მასპინძლების გუნდი, უფრო ყურადღებით ეთამაშა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ნაკრებს ოდნავ გაუმართლა ოსტრავაში. მეტოქე უფრო აქტიური და სწრაფი იყო, მაგრამ სპორტში ხომ მთავარია, გაგიმართლოს! ყოველი შეხვედრის ყველა ეპიზოდში ყველაზე დიადი სპორტსმენებიც კი არ არიან საუკეთესოები.
ასეა თუ ისე, ამჟამინდელი შედეგი შეგვიძლია პროსინეჩკის გუნდის აქტივში შევიტანოთ. ჩვენს გუნდს ამჟამად 7 ქულა აქვს და ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. სასიხარულოა ის, რომ აზერბაიჯანი იმ გუნდების ოთხეულში შედის (გერმანიასთან, ინგლისთან და ბელგიასთან ერთად), რომლებსაც მიმდინარე შესარჩევი ეტაპის მატჩებში ერთი ბურთიც არ გაუშვიათ.
ამ შესარჩევ ციკლში აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ ეროვნული ნაკრებისათვის შეარჩია დევიზი “Niyə də yox?” (ითარგმნება, როგორც “რატომაც არა?”). ამ ფრაზას თითქმის ყველგან შეხვდებით — აფიშებსა და მატჩების ბილეთებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და არაოფიციალურ საუბრებში, ბრიფინგებზე, პრესკონფერენციებზე და სოციალურ ქსელებშიც კი. როგორც ჩანს, საფეხბურთო საზოგადოებამ თავად ირწმუნა “სიტყვის ძალის” და აზერბაიჯანის ნაკრებისგან ახალ წარმატებებს ელოდება – დიდ მიღწევებს! ჰოდა… რატომაც არა?!
გამოქვეყნდა 17.10.2016