რა საჭირო იყო იარაღის ხელში აღება?
ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლოში შიიტი ღვთისმეტყველის, თალეჰ ბაგირზადესა და მისი მომხრეების საქმის მოსმენის პროცესი დაიწყო. ძალიან მძიმე ბრალდებებია წარდგენილი – მკვლელობა, საკონსტიტუციო მოწყობის დამხობის მცდელობა, იარაღის უკანონოდ შენახვა და ა.შ. საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული 72 პირიდან განსასჯელთა სკამზე მხოლოდ 18 ადამიანი ზის. დაახლოებით ამდენი განსასჯელი ეტევა სასამართლო დარბაზის რკინის გალიაში. ამდენად, როგორც ჩანს, მიმდინარე სასამართლო პროცესი საერთო ტონს მისცემს სამომავლოდ დაგეგმილ განხილვებს.
როგორც ჩანს, ეს სასამართლო პროცესი არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ქმედებებს გაასამართლებს, არამედ სამართლებრივ შეფასებას მისცემს სოფელ ნარდარანში არსებული ტრადიციული ცხოვრების წესს. ეჭვმიტანილები წარმოშობით სწორედ ნარდარანიდან არიან. ბაქოს შორიახლოს მდებარე ამ დასახლებაში 9300 ადამიანი ცხოვრობს. სოფელმა, სადაც 5 მოქმედი მეჩეთია, “ირანის ანკლავის” სახელი მოიპოვა. წარმოშობით აქედანაა აზერბაიჯანის ისლამური პარტიის (აღნიშნული პარტია აზერბაიჯანში აკრძალულო ორგანიზაციების სიაში შედის) მრავალი აქტივისტი და რამდენიმე შიიტი ღვთისმეტყველი. 2015 წელს აქვე შეიქმნა “მუსლიმური ერთობის მოძრაობა”, რომლის მომხრეებიც ამჟამად განსასჯელის სკამზე სხედან.
მახსოვს ნარდარანი 2002 წელს – ამბოხებული, პოლიციის ბლოკადაში მოქცეული, დამწვარი საბურავებით აგებული ბარიკადებით, ტყვიებით დაცხრილული კედლებითა და ნარდარანელების მიერ წინასწარ გათხრილი საკუთარი საფლავებით. ქვებითა და ჯოხებით შეიარაღებულ მოსახლეობას სოლიდარობა აერთიანებდა. მოვლენების ეპიცენტრიდან 20-30 მეტრში კი პოლიციის განყოფილება მდებარეობდა. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს განყოფილება დაიწვა და დაინგრა, მაგრამ სინამდვილეში ნანდარანელებმა დაამტკიცეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემდნენ და არც შენობას ახლეს ხელი, და არც პოლიციელებს (პოლიციის მიერ ბლოკირებული სოფლის სიღრმეში!).
სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან შემდგარმა კომისიამ დაასკვნა, რომ პროტესტს არა რელიგიური, არამედ სოციალური საფუძველი ჰქონდა. ხელისუფლებამ, რომელმაც ნარდარანელებს ვერაფრით მოახვია თავს კონტროლირებადი მუნიციპალიტეტი, სოფელზე ეკონომიკურ ზეწოლას მიჰყო ხელი და ნარდარანის მოსახლეობის სასათბურე და სათევზაო მეურნეობების აფეთქება დაიწყო. და როდესაც ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, ნარდარანელებმა მაშინვე კონსტრუქციულობა გამოავლინეს.
ის ნარდარანელები მზად იყვნენ, დახოცილიყვნენ. ამჟამინდელი ნარდარანი სხვანაირია – აქაურები მზად არიან, მშვიდი სოფლური ეზოებიდან მალულად ესროლონ პოლიციელებს. თუმცა, მოვლენების განვითარების შემდეგ შექმნილმა მდგომარეობამ გვიჩვენა, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი არც ისე დიდია. ძირითადად, აქ შეშინებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სახლებში იმალებიან და მათ პოლიტიკაზე მეტად ელექტროენერგიის გადასახადის ჩამოწერა აღელვებთ.
ნარდარანელებმა ძველებურად მორწმუნეებიც არიან და თავნებებიც, მაგრამ სიკვდილი აღარავის უნდა, და ამიტომ, სამი დღის შემდეგ ხალხი დაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობას ოთხი მეჩეთი დაუხურეს და მათი ორი ახუნდი და რამდენიმე ათეული თანასოფლელი დააპატიმრეს.
2015 წლის 26 ნოემბერს, როდესაც დაბაში ოპერაციის განხორციელების მიზნით ჩასულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, ამ ორ ნარდარანს შორის გაჩნდა უფსკრული, რომელმაც მორწმუნეები და ისლამისტები ერთმანეთისგან გამიჯნა. მორწმუნეს უფლის, საკუთარი თავისა და ბრძენი მამა-ხელმწიფის იმედი აქვს; ისლამისტს კი ისლამური რევოლუციის და საერო ხელისუფლების შარიათის მმართველობით შეცვლის სწამს. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ ისლამისტების გავლენით, ნარდარანში დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერი საერო ინსტიტუტის შექმნას – იქნებოდა ეს მუნიციპალიტეტი თუ სახანძრო სადგურიც კი.
სროლამდე ერთი თვით ადრე “მუსლიმური ერთობის მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “მუსლიმური ერთობის მოძრაობა” ისლამური რევოლუციის მოწყობასა და აზერბაიჯანში კონსტიტუციური მოწყობის შეცვლას არ აპირებს.” და ის ამ დროს ცრუობდა. მეზობელ ირანში ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ჰამენეი აიათოლა მოჯთაჰედ შაბესტარიმ მკაფიოდ განაცხადა: “ის, რაც ნარდარანში მოხდა, სტიქიურ რევოლუციურ მოძრაობას წარმოადგენს.”
აზერბაიჯანის კონსტიტუციური მოწყობის მიმართ პატივისცემა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის წესის აღიარებითა და კანონების დაცვით უნდა ვლინდებოდეს. მაგალითად, კანონი “არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ” ასეთ ორგანიზაციებს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. კანონში “რელიგიური თავისუფლების შესახებ” აღნიშნულია, რომ რელიგიური მოღვაწეობით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ისლამური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები (ბაგირზადე 6 წელიწადს სწავლობდა ირანსა და ერაყში). “მუსლიმური ერთიანობის მოძრაობის” მოწოდება 2015 წლის ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით საერთოდ ამოვარდნილია არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატიდან.
ბაგირზადე არც კი მალავდა საკუთარ მიზნებს. თეოლოგმა თითქმის გათავისუფლებისთანავე აღნიშნა, რომ “პატარა ციხიდან დიდ საპატიმროში” გადმოვიდა და “მთელი არსებით” გააგრძელებს ბრძოლას: “მიმაჩნია, რომ ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი კი – ღვთისმეტყველი. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგია პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს, არასწორია. თუკი ისლამის ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ XIX საუკუნემდე აზერბაიჯანში ისლამური სამართალი გამოიყენებოდა.”
ჩემთვის იარაღისა და ნარკოტიკების აღმოჩენაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ “მუსლიმური ერთობის მოძრაობას” სურდა, კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები ბოროტად გამოეყენებინა, რომ XIX საუკუნეში დავებრუნებინეთ – იმ დროში, როდესაც ეს თავისუფლებები არ არსებობდა.
ბაგირზადეს მიერ გავრცელებული ეს საპროგრამო განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება მის უფრო გვიანდელ, იძულებით მტკიცებას, თითქოს ეს მოძრაობა ლოიალურია. იმ პერიოდში ევლაჰში პოლიციელებმა თეოლოგი მეჩეთში არ შეუშვეს. ის დააკავეს და სავარაუდოდ სცემეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არეულობა მოხდა საბუნჩიში, რასაც “მუსლიმური ერთობის მოძრაობის” წევრების დაპატიმრება მოჰყვა.
ასევე, არც ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები ადასტურებდა ლოიალობის შესახებ გაკეთებული განცხადების სინამდვილეს. ისმება კითხვა – რისთვის დასჭირდათ იარაღი კონსტიტუციის ნორმების დამცველ დემოკრატებს? 2013 წელს, ბაგირზადეს წინა დაპატიმრების დროს მის მძღოლსაც აღმოაჩნდა პისტოლეტი. მაგრამ მაშინ იარაღი დუმდა, ახლა კი მას პოლიციის 2 ოფიცერი და 5 სამოქალაქო პირი (მ.შ. სხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანები) შეეწირნენ. იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩნდათ “მუსლიმური ერთობის მოძრაობის” სხვა წევრებსაც – ნარდარანში, განჯასა და სხვა რეგიონებში.
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ეს ყველაფერი “დადგმული იყო”, მაგრამ მაინც რჩება კითხვები – რა იარაღით ესროდნენ მაშინ პოლიციას ნარდარანში და, რაც მთავარია, რატომ ჩაიდინეს ეს? იარაღის შენახვისათვის სასჯელად ხანმოკლე პატიმრობაა განსაზღვრული, ახლა კი დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
თუკი რომელიმე კანონი, ან ჩინოვნიკთა ქმედება მორწმუნეების უფლებებს ლახავს, ეს საკითხი უნდა განიხილონ სასამართლოში, და არა იარაღის გამოყენებით; მით უმეტეს ახლა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიძლება ჩივილი.
საქმეში “კასიმახუნოვი და საიბატალოვი რუსეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ “კანონის, ან სამართლებრივი თუ საკონსტიტუციო სტრუქტურების შეცვლისათვის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მხოლოდ ორი პირობით შეიძლება იბრძოლოს – პირველ რიგში, მის მიერ მიღებული ზომები სამართებრივი და დემოკრატიული უნდა იყოს. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებები დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ლიდერებიც ხელს უწყობენ ძალადობას, ან ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც დემოკრატიისადმი უპატივცემულობას გამოხატავს, ან დემოკრატიის განადგურების, დემოკრატიაში აღიარებული უფლებებისა და თავისფლებების შელახვისკენაა მიმართული, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, გამოტანილი სასჯელის საწინააღმდეგო კონვენციისგან დაცვის მიღებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს“.
ნარდარანის მოვლენებმა საგრძნობი ბიძგი მისცა კანონმდებლობის გამკაცრებას. შემთხვევიდან ერთ კვირაში აზერბაიჯანში მიიღეს კანონი “რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ”. ა.წ. 18 ივლისს კი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის 24-ე მუხლს უნდა დაემატოს ფრაზა: “დაუშვებელია უფლებების ბოროტად გამოყენება”. როგორც ცნობილი რუსი რევოლუციონერი პლეხანოვი იტყოდა, “ადვილი იყო ამ გარემოების პროგნოზირება, ამიტომ იარაღის ხელში აღებაც არ იყო საჭირო.”
ნარდარანელები, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ პოლიტიკოსები, ისტორიის ახალი ეტაპის წინაშე დგანან. ხელისუფლება იმის კომპენსირებას ცდილობს, რაც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში არ გაუკეთებია – დასრულდა შიდა გზების რემონტი, დაიწყო პროცესი მეჩეთებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დარეგულირების, უმჯობესდება ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ დასაქმებაში დაეხმარებიან. საერო “ცოდნის სახლიც” კი გაჩნდა. მცირე ხნის წინ ნარდარანში ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა და პირობა დადო, რომ სოფლის ინფრასტრუქტურა “სათანადო დონეზე” მოეწყობა.
ლოგიკურია, რომ პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განყოფილებებიც გახსნეს. დრო გვიჩვენებს, რით დასრულდება ეს ყველაფერი – სტაბილურობით, თუ ტოტალური პოლიციური კონტროლით. კარგი იქნება, თუკი ხელისფლების წარომადგენლებიცა და ნარდარანელებიც სიბრძნეს გამოიჩენენ.
გამოქვეყნდა 29.07.2016