სამცხე -ჯავახეთის,თურქეთის საზღვართან განლაგებული და ძირითადად, ეთნიკური სომხებით დასახლებული საქართველოს რეგიონის, მოსახლეობა შესამჩნევად შეშფოთებულია – ამაზე წერს ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი Jnews.
ეს შეშფოთება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება – ჯერ ერთი, მსოფლიოში ახლახანს განხორციელებული ტერაქტებისა და რეგიონში საერთო ფონის, მეორეც, ქართულ-თურქულ საზღვარზე, სოფელ კარწახში, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის გამო.
კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტი
ეს საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც ახალქალაქიდან 25 კმ-ში მდებარეობს, ცოტა ხნის წინ, შემოდგომაზე გაიხსნა, მაგრამ შეშფოთების საგანს გახსნამდეც წარმოადგენდა – რეგიონის სომეხი მოსახლეობა ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თურქეთთან პირდაპირი მიმოსვლა აუცილებლად შეუქმნის მათ, სულ ცოტა, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. დღეს კი ადგილობრივების ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ საზღვარი, ერთგვარად, ცალმხრივადაა გახსნილი: სამცხე-ჯავახეთელ საქართველოს მოქალაქეებს, გამოხმაურებათა მიხედვით, მისი გადაკვეთა უფრო უძნელდებათ, ვიდრე თურქეთის მოქალაქეებს.
‘სომხებმა და თურქებმა ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და ვერც გამონახავენ, შესაბამისად, საზღვრის გახსნისაგან კარგს არაფერს ველი. ამ საზღვრის გადმოლახვა იოლად შეუძლიათ დამნაშავეებს (თურქეთის მხრიდან), იმ მხრიდან ყველას უპრობლემოდ ატარებენ’, – განაცხადა Jnews-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა ანონიმური გამოკითხვისას.
ვებ-პორტალი Jnews-ი წერს იმაზე, რომ რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლები მოსწავლეებს უტარებენ საუბრებსა და მინი-ტრენინგებს უსაფრთხოების თემებზე.
‘მასწავლებლები გვაფრთხილებენ, გვეუბნებიან, რომ უცხო ადამიანებს არ გავყვეთ, თუ სახლამდე მიყვანას შემოგვთავაზებენ, ან თუ საჩუქრებს მოგვცემენ – არ გამოვართვათ’, – უამბო Jnews-ს ერთ-ერთმა მოსწავლემ. გაგვაფრთხილეს, რომ, თუ ვინმე უცხო რაიმე კოლოფს გვაჩუქებს, არ შეიძლება აღება, იგი, შესაძლოა, სახიფათო იყოს’, – თქვა მეორე მოწაფემ.
Jnews-ის ინფორმაციით, კარწახში სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახნიდან სულ მალე ახალქალაქის სიმაგრის კედელზე გაჩნდა წარწერა თურქულ ენაზე: ‘ჩვენ კიდევ დავბრუნდებით’. წარწერა სწრაფად გადაღებეს, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება მაინც დარჩა.