ქორწინება, როგორც ძარცვის ხერხი თურქეთში
ბოლო წლებში ფიქტიურ ქორწინებებთან დაკავშირებული ისტორიები თურქეთის ყოველკვირეული კრიმინალური ქრონიკის მუდმივ თემად იქცა.
ახლახან მომხდარი ერთ-ერთი სახასიათო ინციდენტი: 2017 წლის 16 დეკემბერს, თურქეთის ოლქ ბურსაში ქორწილი მზადდებოდა. პატარძალი სასიძოსთან ქალაქ ხატაიდან ქალაქ ბურსაში ჩავიდა, მაგრამ ქორწილამდე ერთი დღით ადრე გაიქცა და ახალდაქორწინებულებისთვის ნათესავებისა და ახლობლების მიერ ნაჩუქარი მთელი ფული და ოქროულობა თან წაიღო.
კრიმინალურმა ჯგუფებმა, რომლებიც თურქეთის მრავალ რაიონში ამგვარ ფიქტიურ ქორწინებებს ორგანიზებას უწევენ, თურქული ყოფისთვის დამახასიათებელი ადათები და მენტალიტეტი იოლი შემოსავლის წყაროდ აქციეს.
როგორც წესი, ამგვარ ჯგუფში ჰყავთ ერთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი წევრი – მას პატარძლად წარადგენენ.
„პატარძლის“ გარდა, ჯგუფში არიან დედა, მამა, და, ძმა, ბიძა და სხვა ნათესავები. თუმცა, ხშირად რეალურ ცხოვრებაში ისინი ბიოლოგიური ნათესავები არ არიან. ისინი საზოგადოებას ლამაზ გოგონას აცნობენ და ამგვარად ოჯახის შექმნის მსურველ მამაკაცებს იზიდავენ. შემდეგ ტრადიციების თანახმად, ყველა რიტუალი ტარდება – მაჭანკლობა, ნიშნობა, ე.წ. „ხნის ღამე“, ქორწილი – ყველაფერი, ოფიციალური ქორწინების ჩათვლით.
სასიძოს ოჯახს წინასაქორწინო რიტუალები სერიოზული თანხა უჯდება, კერძოდ:
მაჭანკლობის დროს სასიძოს ოჯახი დადგენილ „პატარძლის საფასურს“ იხდის;
ნიშნობის დროს პატარძალს, ნიშნობის ბეჭდის გარდა, სულ ცოტა, 3-4 ცალ სამაჯურს ჩუქნიან;
პატარძალსა და მისი ოჯახის ყველა წევრს ჩუქნიან ტანსაცმელს;
„ხნის ღამეს“ ისევ სამაჯურებს, ტანსიამოსსა და საჩუქრებს ყიდულობენ.
ამას მოსდევს საქორწინო ცერემონია, რომლის დროსაც არამხოლოდ სიძის ოჯახი, არამედ ქორწილში ჩასული ყველა სტუმარი სიძე-პატარძალს ოქროულობასა და ფულს ჩუქნის. ანუ, მთელი პროცესის ბოლოს სოლიდური ქონება გროვდება, შემდეგ კი „პატარძალსა“ და მის „ოჯახს“ მთელი ფული და ძვირფასეულობა მიაქვთ და გარბიან.
სირიული კვალი ფიქტიურ ქორწინებებში
ბოლო რამდენიმე წელია, ამ „ბიზნესმა“ გეოპოლიტიკური კონტექსტი შეიძინა – ამით აქტიურად დაკავდა ზოგიერთი სირიელი დევნილი, რომელიც ომს გამოექცა და თავი თურქეთს შეაფარა.
მაგალითად, რამდენიმე კვირის უკან ელაზიგის ოლქში დააკავეს დიდი დაჯგუფება, რომელიც მთლიანად სირიელებისგან შედგებოდა და რომელსაც ქორწინების დაპირებით, სულ მცირე, ათი ადამიანი ჰყავდა მოტყუებული.
ზემოთ აღწერილი ინციდენტის დროს ხატაიდან ჩამოსული პატარძალიც ასევე სირიელი იყო. როგორც ინტერნეტ-პორტალი Gencgazete.net წერდა, ქალაქ ბურსას მცხოვრებმა რ. ა.-მ ხატაიში მცხოვრები სირიელი საპატარძლო იმ პირების დახმარებით გაიცნო, რომელთა სახელებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. სასიძოს ქალი შეუყვარდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.
„საპატარძლო“ ხატაიდან ჩამოიყვანეს და საქორწინო სამზადისი დაიწყო. რ. ა-მ „პატარძლის საფასურის“ გარდა, მას 3 სამაჯური, წყვილი საყურე და ერთი ბეჭედი აჩუქა. ხოლო როდესაც ქალი ქორწილამდე ერთი დღით ადრე გაქრა, მიხვდა, რომ მოატყუეს და ჟანდარმერიას მიმართა. „პატარძალი“ დააკავეს ორ მამაკაცთან ერთად, რომლებიც დაჯგუფების წევრები იყვნენ.
„ფიქტიური პატარძლების“ ექსპლუატაცია
ახლახან „კრიმინალური ქორწინებების“ თემაზე ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ისტორიას მოჰყვნენ არხ ATV-ზე, თურქეთის ტელესივრცეში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში Müge Anlı ile Tatlı Sert” .
გადაცემის სახელწოდება დაახლოებით ასე ითარგმნება – „ტკბილი სიმკაცრე მიუგე ანლისთან ერთად“ – ის პირდაპირ ეთერში კრიმინალურ მოვლენებს იძიებს, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნით არის დაკავებული და ასევე, ახორციელებს სოციალურ პროექტებს.
ტელეგადაცემის ერთ-ერთი გამოშვების თემად იქცა 2017 წლის ოქტომბერში ქალაქ სამსუნში მომხდარი ინციდენტი. იქ საქორწინო ცერემონია სიძისა და პატარძლის ნათესავებს შორის მასობრივი ჩხუბით დასრულდა. 12 ადამიანს, მათ შორის პატარძალსაც, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებების გამო, ჰოსპიტალიზება დასჭირდა.
სტუდიაში აზრის გამოსათქმელად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე მიიწვიეს. პატარძალი – სახელად დადუ, სტუდიაში მამასთან და ბიძასთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ მას მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ იკითხა, თუ სტუმრების მიერ საჩუქრად მიტანილ ოქროს სამკაულებს რატომ უკეთებდნენ მხოლოდ სიძეს, მას კი – არა.
სიძე – სახელად ბილგინი ირწმუნებოდა, რომ მის მოტყუებას თავიდანვე ცდილობდნენ – „ჩვენი გაცნობის დღიდან სულ ორი კვირა იყო გასული, მისი ოჯახი კი უკვე ქორწინების დაჩქარებას ცდილობდა. ისინი ამბობდნენ, რომ პატარძლის მამა (ის, რომელიც გადაცემაში იყო მისული) მძიმედ იყო ავად, და სურდა, ქალიშვილის ქორწილზე დასწრება მოესწრო“, – მოჰყვა ბილგინი.
[su_pullquote align=”right”]ლაპარაკი იყო მნიშვნელოვან თანხებზე – „პატარძლის საფასური“ 10 ათას ლირას (დაახლოებით $ 2,600) შეადგენდა, და ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს სამკაული აჩუქეს[/su_pullquote]
ქორწლიში მომხდარი ჩხუბის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დადუ უკვე რამდენჯერმე იყო „თითქმის“ გათხოვილი, მაგრამ ბოლო მომენტში საჩუქრებიანად და ფულიანად ქრებოდა – „ჩვენი ქორწილის დროსაც ჩხუბი სპეციალურად წამოიწყეს, რათა ოქროულობა გაეტაცებინათ“, – ირწმუნებოდა ბილგინი.
დადუმ და მისმა ოჯახმა წინა ნიშნობების ფაქტი ვერ უარყვეს, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ წინა სასიძოებს მთელი ფული და საჩუქრები უკან დაუბრუნეს.
მაგრამ ეს ამ ისტორიის დასასრული არ არის. რამდენიმე ხანში, უეცრად დადუმ ჟურნალისტებს მომხდარის საპირისპირო ვერსია უამბო.
„ყველაფერი ჩემმა ოჯახმა გააკეთა. მათ ფულის და ოქროულობის მითვისება უნდოდათ. მე კი მუდმივად წამლებით მჭყეპდნენ, რომ არ შევკამათებოდი და მათი მოთხოვნები შემესრულებინა. ახლა ოქრო მამაჩემს აქვს და ქორწილში ჩხუბიც მისი მოწყობილია“, – წერს გაზეთი „Hürriyet“ დადუს სიტყვებზე დაყრდნობით.
ამ საქმის ძიება გრძელდება, დადუ კი ქალთა დროებით თავშესაფარში მოთავსეს.
„ყველა სოფელს თითო კაფე“
მსგავსი ისტორიები თურქეთში იმდენად ხშირად მეორდება, რომ გადაცემის ავტორმა მიუგე ანლიმ საზოგადოებას სპეციალური სოციალური პროექტის დაწყების წინადადებით მიმართა.
„ეს ყველაფრი საზოგადოების ჩაკეტილობასთან არის კავშირში, განსაკუთრებით – პროვინციებში. ქალები სახლებიდან არ გადიან. მამაკაცებთან ურთიერთობა სირცხვილად მიიჩნევა. მამაკაცები სხედან ყავახანებში, სადაც ქალებს შესვლა აკრძალული აქვთ. ამიტომაც, ოჯახები ჯანსაღ ურთიერთობებზე არ იგება“, – განაცხადა ცნობილმა ტელეწამყვანმა.
იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს შორიდან ჩამოსულ, უცხო გოგონებზე არ მოუწიოთ დაქორწინება, და მათში, თითქოს ნივთის სანაცვლოდ, ფულის გადახდა – ყველა სოფელში კაფე და საკონდიტროები უნდა გაიხსნას, სადაც ქალებიც ივლიან და მამაკაცებიც“, – ამბობს მიუგე ანლი.
ჩვენს ყოფაში თავად „საპატარძლოს საფასურის“ ფენომენი უნდა აღმოვფხვრათ. ქალი – არც მშობლებისთვის და არც ქმრისთვის საქონელი არ არის“, – მოუწოდა მან მაყურებელს ტელეეკრანიდან.
შეთავაზებული სოციალური პროექტი მარტივია: შეიქმნას პირობები, სადაც ახალგაზრდებს, ერთმანეთის გაცნობა, ურთიერთობა, შემდეგ კი მათთან შეეძლებათ ოჯახის შექმნა, ვისაც თავის შესაფერისად მიიჩნევენ და ამ პროცესიდან ფული გამოირიცხოს. ასეთ შემთხვევაში, ახალდაქორწინებულების ხარჯზე ფულის შოვნას ვერავინ შეძლებს – ვერც მთი ოჯახი და ვერც დამნაშავეები – ახლა საკითხავი ისაა, თუ როგორ გამოეხმაურება ამ ყველაფერს საზოგადოება.