"სადაც რუსეთია, იქ არის გადაგდება, ღალატი, შეურაცხყოფა". ქართველი ექსპერტები ყარაბაღის მოვლენებს აფასებენ
ქართველი ექსპერტები ყარაბაღზე
როგორ აფასებთ ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს, რას ნიშნავს ეს ზოგადად რეგიონისთვის და საქართველოსთვის? ამ კითხვით JAMnews-მა ქართველ ექსპერტებს მიმართა:
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი შედეგი. მარკესს აქვს ცნობილი რომანი „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და ზუსტად ეს მოხდა ახლა ყარაბაღში.
სულ რამდენიმე საათია, რაც ბაქოდან ჩამოვედი და მანამდე ერთი კვირა ერევანში ვიყავი, სადაც უამრავ ექსპერტთან, სპეციალისტთან მქონდა შეხვედრა და ყველა ამბობდა და მათ შორს, მეც, რომ აშკარად ჩანს, ყარაბაღის ტერიტორიაზე ომი იქნებოდა.
აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოიკვეთა ოთხი მოთამაშე და სამწუხაროდ, საქართველო აქ არ იგულისხმება, საქართველო გათიშულია, პულსია არ ესინჯება.
პირველი მოთამაშე არის თურქეთი, რომელიც არის ჩრდილში და არის აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარანტი – მთელ მსოფლოს ეუბნება, რომ აზერბაიჯანს ხმა არ გასცეთ, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე.
ძირითადი მოთამაშე, ცხადია, არის აზერბაიჯანი, რომელიც ახორციელებს თავის პოლიტიკას თურქეთთან შეთანხმებით, თურქეთის იმედად და თურქეთის მხარდაჭერით.
მესამე მოთამაშე არის რუსეთი, რომელიც თურქეთმა და აზერბაიჯანმა აქციეს შავ მუშად. ანუ, უთხრეს, თუ გინდა კავკასიაში დარჩენა ცოტა ხნით მაინც, გააკეთე ბინძური საქმეები. მაგალითად, გადააგდე სომხეთი. ანუ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს თავს მოახვია თურქულ-აზერბაიჯანული თამაშის წესი და რუსეთმა ეს წესი მიიღო და ამ წესით ეთამაშა სომხეთს.
და მეოთხე მოთამაშე არის სომხეთი, რომლიც იძულებულია, თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული თამაშის წესები, როგორც ჩამოაწოდა რუსეთმა, ისე მიიღოს, რადგან მას პრაქტიკულად მოკავშირე არავინ არ ჰყავს.
სომხეთის შეცდომა არის ის, რომ თავიდანვე ვერ მიხვდა, რომ რუსეთი არის გადამდგები. რუსეთი ვინ არის, ნათლად გამოჩნდა 2016 და 2020 წელს, როდესაც მოხდა პირველი და მეორე ესკალაცია და აზერბაიჯანმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ყარაბაღის მიმართულებით. მაშინ რუსეთმა გააჩუმა სომხეთი და სომხეთიც ვერ მიხვდა მაშინ, რომ რუსეთი არის გადამგდები.
▇ წესით, ახლა სომხეთში უკვე ზუსტად იციან, რომ იქ სადაც რუსეთია, იქ არის პრობლემები, იქ არის გადაგდება, ღალატი, შეურაცხყოფა, დამცირება, ცინიზმი.
ჩემი აზრით, დღეს ამ ყველაფერში მთავარი იქნება სომხეთის პოზიცია. სომხეთმა უნდა მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება, საითკენ მიდის, ისევ იქნება რუსული პოლიტიკის ნაწილი თუ გახდება სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე. უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ბაქოსთან, ანკარასთან. დაიწყოს ურთიერთობები ბრიუსელთან. უნდა მოხდეს რუსეთის სრული განდევნა სამხრეთ კავკასიიდან.
- “ეს შორს არის ეთნიკური წმენდისგან” – ექსპერტები ბაქოდან კონტრტერორისტულ ოპერაციაზე
- აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო
- არესტოვიჩი ყარაბაღის ომზე: კლიენტ-პატრონის 30 წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუსეთმა უღალატა სომხეთს
დღეს სომხეთი არის დარტყმის ქვეშ, თანავუგრძნობ სომეხ ხალხს, ბევრი გადაიტანეს, მაგრამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და გაიაზრონ, სად დაუშვეს შეცდომა. პრობლემა იმაშია, რომ ამას სომხეთში ყველა ხვდება, მაგრამ ხმამაღალა არავინ ამბობს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს – გეოპოლიტიკა იცვლება არსებითად და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტრატეგია ექნება აზერბაიჯანს. მთავარი კითხვაა აზერბაიჯანი ნამდვილად აპირებს მოახდინოს სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია თუ ეს არის მხოლოდ სიტყვები და სინამდვილეში სურს ისეთი პირობები შექმნას, რომ სომხურმა მოსახლეობამ დატოვოს ყარაბაღი?
თავდაპირველად, ცხადია, რომ ყარაბაღი დაიცლება, მაგრამ თუ აზერბაიჯანი შექმნის პირობებს, ცხადია, ნაწილი უკან დაბრუნდება.
მართლა უნდა თუ არა აზერბაიჯანს სომეხი ხალხის ინტეგრაცია, როგორც ამას დღეს ღიად აცხადებენ, ეს გამოჩნდება სამ-ოთხ, მაქსიმუმ ექვს თვეში. ვნახავთ, თუ საითკენ წავა აზერბაიჯანის სტრატეგია. თუ იქნება რეალური ინტეგრაცია, მაშინ აზერბაიჯანს რუსეთი რეგიონში არაფერში სჭიდება. ხოლო თუ ინტეგრაცია არ იქნება, მაშინ აზერბაიჯანს აწყობს, ხელი რუსეთს შეახოცოს, როგორც აქამდე აკეთებდა. რუსეთი კი ამაზე თანახმა იქნება. ოღონდ კავკასიაში დარჩეს და მზად არის, თურქულ-აზერბაიჯანულ ინტერესებსაც მოემსახუროს.
ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიაში თურქეთის პოზიცია. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, ჩვენ ნატოში მივდივართ და შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უსაფრთხოების საკითხებში სწორედ თურქეთი უნდა იყოს. აზერბაიჯანს და თურქეთს შორის უსაფრთხოების და სამხედრო სფეროში 16 ხელმოწერილი ხელშეკრულებაა. და ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი არ მიდის ნატოში, ჩვენ კი მივდივართ. ჩვენ უნდა გვქონდეს თურქეთთან ასეთი დოკუმენტები ხელმოწერილი, რომ რუსეთისგან დავიცვათ თავი.
საქართველოს კი რას შვება? დაუფჩენია პირი და გაიძახის, რომ მარტოა რუსეთის პირისპირ. სისულელეა ეს, არა ვართ მარტო, თურქეთია ჩვენ გვერდით და ამას უნდა ვიყენებდეთ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
ყარაბაღში მომხდარი კავშირშია რუსეთის გლობალური მასშტაბით დასუსტებასთან, იმიტომ, რომ რუსეთის არმია ჩაფლულია ახლა უკრაინაში ომში და მას არა აქვს საშუალება, რომ მეორე ფრონტი გახსნას სადმე. ამ სიტუაციით ისარგებლა აზერბაიჯანმა და აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. ალიევმა დაასრულა 2020 წელს დაწყებული საქმე, ბოლომდე მიიყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და გახდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი, რომელმაც აღიდგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
ამ პრეცედენტის შექმნა ნიშნავს იმას, რომ იცვლება ძალთა ბალანსი ყოფილ საბჭოთა სივრცეში და კიდევ ბევრი რამ მოხდება ამ მხრივ. იგივე რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილი იყო ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა და ესეც დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებაა მაშინ, როდესაც ადრე საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც კი არ აღიარებდნენ, ახლა არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას აღიარებენ, რამედ ლამის იქით გვეხვეწებიან, შეასრულეთ პირობები და გახდით წევრობის კანდიდატებიო. თუმცა,
▇ სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესების დროს საქართველო შეხვდა ძალიან სუსტი და არასწორად იქცევა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ახლა ფაშინიანის ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოწვევა აქვს, რადგან პრორუსული ძალები ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან, რომ უკმაყოფილების ტალღა გადაზარდონ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში. ჯერჯერობით ეს არ გამოსდით და იმედი ვიქონიოთ, რომ არც მომავალში გამოუვათ.
მერე, ალბათ, კიდევ ცალკე დადგება სომხეთის წევრობის საკითხი დსთ-ში და ასევე გიუმრიში განთავსებული რუსული ბაზის საკითხი.
რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, დიდი სისწრაფით მივექანებით რუსეთისკენ. ეს პირდაპირ კავშირშია ასევე სანქციების თემასთან და ასევე იმასთან, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12-პუნქტიან გეგმას. ამ ბოლოდროინდელი განცხადებებით კი, თითქოს რაღაც შეთქმულებასთან დაკავშირებით და ა.შ., ოცნების ხელისუფლება მზადება იმისთვის, რომ დაიწყოს რეპრესიები მას შემდეგ, რაც არ მოგვცემენ სტატუსს და ხალხი გამოვა ქუჩაში.
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ვხედავთ, რომ ძვრები დაწყებულია. სომხეთი დიდი სისწრაფით ცდილობს ორიენტაციის შეცვლას. თუ აქამდე მხოლოდ რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლა სწრაფი ტემპით ცდილობს დასავლეთში დასაყრდენის მოძიებას, იმიტომ, რომ რუსეთი რეალურად არ გამოვიდა არც მათთვის უსაფრთხოების გარანტი.
სომხური საზოგადოება რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მეორე ომის შემდეგ, როდესაც მათ ხელახლა აირჩიეს ფაშინიანი, ნიშნავს რომ ისინი შეეგუვნენ ყარაბაღის დაკარგვას. ასევე, ფაშინიანის ხელისუფლებაში დღემდე ყოფნა ამის ნიშანია, რომ სომხურ საზოგადოებას უნდა დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა. ის, რომ ფაშინიანი რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა, ესეც, რა თქმა უნდა, საზოგადების დაკვეთაა.
თუმცა, სომხეთს გრძელი გზა აქვს გასავლელი, იგივე ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით. სომხეთი ჯერ კიდევ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, რაც უკრძალავს დასავლეთის შეიარაღების მიღებას და დასავლეთიც არ ჩქარობს, რომ მისცეს ჯერ კიდევ რუსეთის მომხრე ქვეყანას ეს შეიარაღება.
ანუ სომხეთს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ თუნდაც ფორმალურად საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გაუტოლდეს.
თუმცა, შესაძლოა, რომ მოვლენები ძალიან დაჩქარებულად განვითარდეს და ძალიან მალე გაჩნდეს ეს პერსპექტივა. რაც მთავარია, იმით, რაც ახლა ყარაბაღში მოხდა, სომხეთმა ძალიან დიდი ტვირთი მოიშორა. შესაძლოა, ახლა ეს მათთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რეალურად ყარაბაღის პრობლემა იყო ის ტვირთი, რომელიც სომხეთს რუსულ კლანჭებში ამყოფებდა დიდი ხნის განმავლობაში.
საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ილიაუნის პროფესორი, გიორგი ბილანიშვილი:
პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონფლიქტურ რეგიონებში მთავარ როლს, იქნებოდა ეს მედიატორის როლი თუ ამ კონფლიქტური კერების გაღვივების ხელშემწყობის და მანიპულატორის როლი, ყოველთვის რუსეთი ასრულებდა. პირველი შემთხვევაა ყარაბაღის კონფლიქტი, სადაც სხვა რეგიონულმა სახელმწიფომ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე რუსეთმა.
აზერბაიჯანმა, ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში ყოფნით და შექმნილი სიტუაციით ისარგებლა, მეორე მხრივ კი ფაქტია, რომ აზერბაიჯანს და რუსეთს შორის რაღაც დიდი გარიგება იყო. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანს ჰქონდა იმის მტკიცე მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ყველაფერში არ ჩაერეოდა. როგორც ჩანს, იგივე მოლოდინი ჰქონდა ფაშინიანსაც და ამიტომ იყო, რომ ბოლო პერიოდში ანტირუსულ განცხადებებს აკეთებდა.
მეორე ის არის, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს რეგიონში რუსეთის გავლენების შემცირებაზე. ეს არანაირად არ არის რუსეთის ინტერესებისთვის კარგი, რაც ხდება. რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც ექსკლუზიური კონტროლი უნდა ჰქონდეს კავკასიის რეგიონზე. ყარაბაღის კონფლიქტსაც სწორედ ამისთვის იყენებდა, რათა შეენარჩუნებინა გავლენა აზერბაიჯანზეც, სომხეთზეც და არ დაეშვა რეგიონში უფრო ღრმად თურქეთის ან თუნდაც ირანის შემოღწევა.
რუსეთისთვის ყარაბაღი ბერკეტი იყო, მაგრამ 2020 წლის ომის მერე ეს ბერკეტი ნაწილობრივ დაკარგა, რადგან მაშინაც თურქეთის როლი აშკარა იყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ახლაც.
ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის პოზიციები რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება. ანუ რეგიონში სიტუაცია სრულიად იცვლება.
რომც დავუშვათ, რომ გარიგება იყო რუსეთს და აზერბაიჯანს შორის, ეს გარიგება ყველა შემთხვევაში იქნება ტაქტიკური ხასიათის. სტრატეგიული თავლსაზრისით კი რუსეთმა, ჩემი აზრით, წააგო და შესაბამისად, რაც არ უნდა გარიგებაზე ვისაუბროთ, მისთვის ეს წამგებიანი ნაბიჯია და სავარაუდოდ, იძულებულიც იყო, ამ ყველაფერს დათანხმებოდა, ამ რეალობას შეგუებოდა.
▇ აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიების დაბრუნება ჰქმნის პრეცედენტს, რომ რეგიონში მოხდა კონფლიქტის ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა, რეგიონული აქტორის მონაწილეობით.
რუსეთი იძულებული იყო, გაჩერებულიყო, დასავლეთი კი საერთოდ არ მონაწილეობდა. ანუ, რეგიონული აქტორი გახდა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში, ვიდრე დასავლეთი.
შედეგად სომხეთმა მიიღო ის, რომ მას გაუჩნდა საკუთარი საგარეო პოლიტიკის უფრო თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა, ის აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე და აქედან გამომდინარე, თუკი სომხებს რეალურად სურთ დასავლეთი, მათ აქვთ დასავლური კურსის რეალიზების შანსი. ეს რეგიონისთვის ნამდვილად დადებითი მომენტია.
რაც შეეხება საქართველოს – თუ დარეგულირდება ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის, ეს ახალ გარემოს შექმნის რეგიონში და ეს ჩვენთვის მხოლოდ კარგი იქნება.
ამავდროულად რუსეთის პოზიციები რეგიონში შესუსტებულია, რაც ასევე კარგია ჩვენთვის, მაგრამ მეორე საკითხია უნდა თუ არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ მოცემულობის გამოყენება. ფაქტია, რომ ამის გამოყენება არ უნდათ, ამიტომ საქართველოსვის ამ მომენტში დიდად არაფერი იცვლება, რადგან შესაძლებლობები კი გაჩნდა, მაგრამ არავინ აპირებს მათ გამოყენებას.
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე:
ის, რაც ყარაბაღში მოხდა, პრინციპში, გარდაუვალი იყო. ყარაბაღის დაბრუნება უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანისთვის ახლა კარგი დროა. რუსეთი გადართულია უკრაინაზე, აქაურობისთვის ნამდვილად არ სცალია და მას შემდეგ, რაც ყარაბაღის 3/4 წაიღო, გასაგები იყო, რომ მისი გამჩერებელი არ იყო არც სომხეთი და არც რუსეთი.
სამი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის დროს რუსეთი უკრაინაზე არ იყო გადართული და მაშინაც არ ჩაერთო, ახლა გადართულია და მით უმეტეს, არ ჩაერეოდა. ამიტომაც რაც მოხდა, პრინციპში, უკეთესი სცენარია და უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.
მე საერთოდ არ მივესალმები რეგიონში ომს და ძალადობას, მაგრამ შეიძლებოდა, რომ აზერბაიჯანი გაწეულიყო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიებზე. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა სერიოზულ კრიზისს და ალბათ, ძალიან მძიმე პრეცედენტს შექმნიდა, რომ ამჯერად აზერბაიჯანმა დაარღვია სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და არა რუსეთმა და ეს ძალიან მძიმე პრეცედენტი იქნებოდა. ეს სცენარი კი დამთავრდებოდა ფაშინიანის დამხობით და ამ შემთხვევაში უკვე პრორუსული ძალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ძალიან კარგია, რომ აზერბაიჯანი არ წავიდა მსგავს ნაბიჯზე, თორემ ამის გაკეთება მარტივად შეეძლო და მე მგონი, არც არავინ იყო ამ შემთხვევაში სომხეთის დამცველი.
ჭკვიანი ხელმძღვანელობა ჰყავს აზერბაიჯანს, კარგად ისარგებლა მომენტით და რაც მთავარია, მომენტს დახვდა კარგად მომზადებული. ახლა კი აზერბაიჯანს არავინ შეეწინააღმდეგება, რადგან ერთი მხრივ, მისი ტერიტორიაა და აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა და მეორე მხრივ, ევროპას აზერბაიჯანი სჭირდება, როგორც დერეფანი. ვნახეთ კიდეც, რომ არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია დასავლეთის მხრიდან და ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან მკაცრი განცხადებები და კონფრონტაცია აზერბაიჯანთან, რომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნა, სრული სიგიჟე იქნებოდა.
რაც შეეხება სომხეთს, სომხეთმა სამი წლის წინ ისეთი შოკი მიიღო, რომ ახლა ახალი ომი აღარ უნდათ და არც აპირებენ. ეს ერთი და მეორეც, ახალი თაობა სომხეთში, ისევე, როგორც ჩვენთან, რა თქმა უნდა, განწყობილია პროდასავლურად და ესმით, რომ ახლა ფაშინიანის დამხობა საბოლოოდ პრორუსული ძალების გაბატონება იქნება და ცხადია, ეს არ უნდათ.
მე ფაშინიანი არანაირად არ მიმაჩნია იდეალურ მმართველად და მასთან ბევრი კრიტიკული შეკითხვა და შენიშვნა მაქვს, მაგრამ მისი დამხობა ცხადია, რომ პრორუსული ძალების გამარჯვება იქნებოდა და ალბათ, ეს გააზრებული აქვთ სომხეთში და პირველ რიგში, ახალგაზრდებს. ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ წარმომიდგენია მისი დამხობა, ან სამხედრო გადატრიალება თუ არ მოხდა და იმედია, საქმე აქამდე არ მივა.
საერთო კონტექსტზე კი რომ ვიმსჯელოთ, პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვისურვებდი, რომ გამოფხიზლდნენ სოხუმში და ცხინვალში.
▇ იმედია, საქართველოს მოსახლეობა ისეა განწყობილი, რომ ომს არ აპირებს, მაგრამ აფხაზებმა და ოსებმა ხომ კარგად ნახეს, რომ რუსეთის იმედზე ყოფნა არ შეიძლება?!
სამი წლის წინ რაც მოხდა, ეს ხომ არ მოხდებოდა, რუსეთი აქტიურად რომ ჩარეულიყო და ამას ხომ სოხუმსა და ცხინვალშიც კარგად ხვდებიან და თბილისშიც.
რუსეთს ფორმალურად არ ჰქონდა ვალდებულება, რომ ყარაბაღის გამო ეომა, მაგრამ როცა მისი ბაზა არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ის ქვეყანა ომობს, აშკარად ხომ არის მოლოდინი, რომ ის ჩაერევა. საბოლოო ჯამში კი თავისი მოკავშირე მიატოვა და ეს უნდა იყოს აფხაზებისთვის და ოსებისთვის საყურადღებო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სომხეთი ასე მალე გათავისუფლდება რუსეთისგან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ აქაც სერიოზული სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი.