“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში ადანაშაულებს. საგანგებო ბრიფინგზე მმართველი პარტიის პოზიცია უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა გააჟღერა.
“ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს.
ამდენად გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს
საბოლოოდ, ვენეციის კომისიას ისიც დააწერინეს, რომ NGO-ებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია. ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს”. – თქვა ქურასბედიანმა ბრიფინგზე.
ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს ამ კანონის გაუქმება არსებული ფორმით.
კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ კანონს, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ობიექტურად მივყავართ სტიგმატიზაციის, გაჩუმების და საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურებისკენ, რომლებიც იღებენ თუნდაც დაფინანსების მცირე ნაწილს უცხოეთიდან.