ქალაქელის კვნესა
საქართველოში საოცრება ხდება _ ერთი მხრივ, ყოველდღიურად უამრავ ავტოსატრანსპორტო დარღვევის ფატქს ვაწყდებით, მეორე მხრივ კი მთელი თბილისი აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია უპრეცედენტოდ მკაცრი გახდა.
თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა სულ უფრო რთული ხდება. მანძილი, რომლის დასაფარადაც ჯერ კიდევ შარშან ნახევარი საათი დაგჭირდებოდათ, წელს თქვენი ცხოვრების ერთ საათს მაინც „შეიწირავს“. საცობების გამომწვევი მიზეზის დადგენა არც ისე მარტივია, მაგრამ არსებობს, სულ მცირე, სამი ობიექტური ფაქტორი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტური თბილისი, სადაც მეტწილად ვიწრო ქუჩებია, ამდენი ავტომობილის სამოძრაოდ არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, სწორედ პიკის საათებში, როდესაც ქალაქის ცენტრალური უბნები მსუბუქი ავტომობილებით ივსება, მათთან ერთად (და არა ნახევარი საათით გვიან, ან ადრე!) სამსახურში სადისტრიბუციო ფირმების უამრავი თანამშრომელი გადის და ნაგავმზიდებიც ზუსტად ამ დროს გამოდიან ხოლმე გზებზე.ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ძალიან არ უყვართ.
შესაძლოა, ვერ ხვდებოდეთ, რას გულისხმობს ეს ფორმულირება. ამიტომ ვეცდებით, განვმარტოთ _ თბილისის მცხოვრებს შემხვედრ ზოლში გადასვლით ვერ გააოცებ. თბილისელს საპირისპირო ზოლში უკუსვლით მოძრაობა თუ გააკვირვებს მხოლოდ. ნუ იფიქრებთ, რომ რაიმეს ვთხზავთ _ მსგავს შემთხვევას ავტორი ამ მასალის შექმნამდე მცირე ხნით ადრე თავად შეესწრო.
მეორე საკითხი, რომელიც მოქალაქეებს ცხოვრებას უწამლავს, არის პარკირება. ქალაქში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს მანქანების გასაჩერებელი ადგილების რაოდენობა არ ჰყოფნით, რაც, ბუნებრივია, დისკომფორტს უქმნით. თუმცა, მათი პრობლემები არაფერია ფეხით მოსიარულეთა უბედურებასთან, რომლებსაც, უბრალოდ, სამოძრაო სივრცე აღარ დარჩათ.
ტროტუარებზე შემდგარი მანქანები ქართულ ქალაქებში ჩვეულებრივი მოვლენაა _ ასეთი სიტუაციები იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ თუკი ტროტუარის სიგანე სამ მეტრზე ნაკლები არაა, ეს ამბავი აღშფოთებასაც კი აღარ იწვევს (საკანონმდებლო სანქციებზე საუბარიც აღარ ღირს). თუმცა, ქალაქში არც ისე ბევრი განიერი ტროტუარია, მძღოლები კი მანქანას ზუსტად ისევე აჩერებენ, როგორც მართავენ _ ანუ ისე, როგორც სურთ. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარზე ადგილი აღარ რჩება და ამიტომ, ისინი იძულებულნი ხდებიან, მანქანის სავალ ნაწილზე იარონ. ამის გამო, ეტლების მომხმარებლებსა და მათ მეურვეებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ.
და უცებ, ამ დამძიმებული სურათის ფონზე, უსამართლოდ მაღალი ჯარიმების შესახებ ისმის რეპლიკები _ მოქალაქეების ნაწილი აღნიშნავს, რომ პატრულის ძალისხმევა მხოლოდ ერთ მიზანს, ბიუჯეტის შევსებას ემსახურება.
“სულ რაღაც 5 წუთით გავაჩერე მანქანა და 200 ლარით დამაჯარიმეს! – აღნიშნა აღშფოთებულმა ტაქსის მძღოლმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც ბოლო დროს საპატრულო პოლიციის დაუნდობლობის შესახებ მომზადებული რამდენიმე სიუჟეტი გავიდა. წარმოსახვის უნარის არმქონე ტელემაყურებელიც ადვილად წარმოიდგენს მთელ სურათს (იმიტომ, რომ ყოველდღე ათობით მსგავსი შემთხვევა ხდება): ტაქსის მძღოლმა თავხედურად მიაგდო ავტომობილი ვიწრო ქუჩაზე (რომელზეც ორმხრივი მოძრაობაა) და „ხუთი წუთით“ გაუჩინარდა. მომენტალურად შექმნილი საცობის შემსწრე პოლიციელი გაღიზიანდა და ჯარიმა გამოწერა.
უცნაურია ის, რომ ქალაქში, რომლის გზებზეც ასეთი მდგომარეობაა, მსგავსი ზომები ბევრს არამართლზომიერად მიაჩნია. სოციალურ ქსელებში იზრდება და მრავლდება ისეთი გვერდები და ჯგუფები, რომლებიც „თვითნებობისთვის“ წინააღმდეგობის გაწევას ეძღვნება.
მეორე მხრივ, მატულობს ფეხით მოსიარულეების უკმაყოფილება, რომლებიც დაუზარლად იღებენ ქართველი მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო დარღვევების ამსახველ სურათებსა და ვიდეორგოლებს. ზოგიერთი შემთხვევა იმდენად კრეატიულია, რომ აღშფოთების ნაცვლად, აღფრთოვანებასაც კი იწვევს.
გამოქვეყნდა 15.03.2016