„ილჰამ ალიევ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან რომ დაამყაროთ მშვიდობა, არ გიფიქრიათ?“ - ჟურნალისტის წერილი ციხიდან
პოლიტპატიმარი ჟურნალისტის წერილი ალიევს
ჟურნალისტმა ფატიმა მავლამლიმ, რომელიც Meydan TV-ის საქმის ფარგლებშია დაპატიმრებული, ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვაშინგტონში გამართული „ისტორიული სამშვიდობო შეხვედრის“ შესახებ თავისი მოსაზრებები გააზიარა.
გასული წლის 8 დეკემბერს ბაქოს ხათაის რაიონულმა სასამართლომ Meydan TV-ის მთავარი რედაქტორის, აინურ ელგიუნეშის (განბაროვა), საიტის თანამშრომლების — აიტაჯ თაფდიყის (ახმედოვა), ნათიგ ჯავადლის, ხაიალ აგაევას, აისელ უმუდოვას, რამინ დეკოს (ჯაბრაილზადე) და ულვი ტახიროვის — მიმართ, როგორც აღკვეთის ღონისძიება, ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეარჩია. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონtrabანდა, ჩადენილი პირების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით). ეს სისხლის სამართლის საქმე ცნობილია როგორც Meydan TV-ის საქმე. წელს იმავე ბრალდებით და იმავე საქმის ფარგლებში დააპატიმრეს ჟურნალისტები შამშად აგა, ნურლან გაგრამანლი (Libre), ფატიმა მავლამლი და ულვია ალი (გულიევა).
ფატიმა მოვლამლის წერილის სრულ ტექსტი:

„თავიდანვე ვიტყვი, რომ მშვიდობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მიხარია. ომი, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ზეწოლის საშუალება ორივე ხალხის წინააღმდეგ, დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო. და ვინც ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობდა, სამშობლოს მტრებად არ უნდა გამოეცხადებინათ.
8 აგვისტოს დიდი ყურადღებით ვუყურებდი სამივე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გამართულ ცერემონიალს და განსაკუთრებით პრესკონფერენციას. მაინტერესებდა არა მხოლოდ ღონისძიების შინაარსი, არამედ სხვა რამეც — ვინ გამოვიდოდა იქ აზერბაიჯანული მედიის სახელით და რას კითხავდა. როგორი იქნებოდა იმ ადამიანის შეკითხვა, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, სადაც დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებს ყალბი ბრალდებებით ასამართლებენ.
მალევე სიტყვა აიღო სააგენტო Report-ის კორესპონდენტმა. მას შეკითხვა, ფაქტობრივად, არც დაუსვამს. როგორც ჩანს, ამჯერად მას არ გამოუგზავნეს ადმინისტრაციიდან წინასწარ დაწერილი ტექსტები, რომლებსაც ის და სხვა, მთავრობის სამსახურში მდგომი მედიის წარმომადგენლები ჩვეულებრივ ახმოვანებენ.
ამ ჟურნალისტმა რაღაც გაუგებრობა თქვა. ჩემმა თანამესაკნემ მკითხა რას ამბობსო. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მარტო არ ვიყავით და რომ თვით ტრამპმაც ვერ გაიგო.
ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ილჰამ ალიევის ჩარევა. მან, როგორც მშობელმა, რომლის შვილსაც მეტყველების პრობლემა აქვს და ბავშვის ნაცვლად იწყებს ლაპარაკს, აიღო სიტყვა და სცადა „შეკითხვის“ თარგმნა.
ეს ჰგავდა ორმოს, რომელიც თვითონვე ამოითხარე და თვითონვე ჩავარდი. როცა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომელთა სიტყვას წონა აქვს და რომლებსაც არ რცხვენიათ არცერთი აუდიტორიის წინაშე, აპატიმრებ და მათ ნაცვლად სივრცეს უთმობ მათ, ვისაც თითოეული სიტყვის თქმისთვის ნებართვა სჭირდება, ვინც მთავრობისგან სახლს, წოდებას და ქებას ელის, სხვა შედეგს არ უნდა ელოდე. იმ ჟურნალისტს ენა აუცილებლად უნდა არეოდა. და სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო ეს. (მიყვარს ასეთი ცხოვრების ირონიები და მცირე ჩხვლეტები).
და თუ შენიშნეთ ჟურნალისტი, რომელმაც დასვა კითხვა იმის შესახებ, რამდენად რეალურია, რომ რომელიმე მხარემ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს? ამ ჟურნალისტს სამივე ქვეყნის ლიდერმა უპასუხა. მისმა კითხვამ გამოიწვია ინტერესი და დაძაბულობა. ამგვარად, ნათლად წარმოაჩინა განსხვავება დამოუკიდებელ ჟურნალისტსა და მორჩილ მწერალს შორის.
სამწუხაროდ, თავად ვერ შევძელი იქ მონაწილეობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გზა „კიურდახანიდან“ (ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორის ადგილობრივი სახელწოდება) ვაშინგტონამდე საკმაოდ შორია. თანაც ვიზაც არ მაქვს.
მაგრამ აქედან, რა თქმა უნდა, მაინც მაქვს შესაძლებლობა, ჩემი კითხვით მივმართო ილჰამ ალიევს:
და საკუთარი ქვეყნის მოქლაქეებთან რომ სცადოთ მშვიდობის დამყარება, მაგაზე არ გიფიქრიათ? თქვენ და თქვენი გარემოცვა ძარცავთ ხალხის სიმდიდრეს, თქვენი პოლიციელები მოძალადეები და მჩაგვრელები არიან, თქვენი გამომძიებლები ზემოდან ბრძანებით მოქმედებენ, მოქალაქეები კი, ხელკეტის შიშით, ხმას ვერ იღებენ. ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ და აჩვენებენ ამ სიმართლეს, იჭერენ და „კონტრაბანდისტებად“ ნათლავენ.
მაშ, ალიევო, იქნება თუ არა მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა?!
ფატიმა მავლამლი
ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორი“