ორი ფრანგი ჟურნალისტი საქართველოში განმარტებების გარეშე არ შემოუშვეს - RSF
ორი ფრანგი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
“რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” (RSF) ინფორმაციით, ორი ფრანგი ჟურნალისტი – კლემან ჟირარდო და ჟერომ შობო – ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის ამ ქმედებას დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის უფრო ფართო მცდელობის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებს უკავშირდება.
“ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო საქართველოში, თბილისის აეროპორტში, 30 მარტს დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტში გააჩერეს. მას უარი უთხრეს ტელეფონსა და ბარგზე წვდომაზე, მოსთხოვეს ორი გაურკვეველი ჯარიმის – ჯამში 10,000 ლარის – ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა და შემდეგ გააძევეს. მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება გაძევების შესახებ. შობო საქართველოში ორთვიანი საპროტესტო აქციების გაშუქების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა და ახლა სამართლებრივ დავას აწარმოებს.” – წერს RSF.
მათივე მტკიცებით, აღნიშნული შემთხვევა ჰგავს კლემან ჟირარდოს საქმეს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში მუშაობს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო მედიასთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera. ჟირარდოს აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
12 თებერვალს, საფრანგეთიდან დაბრუნებისას, ჟირარდოს საქართველოს საზღვარზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პოლიციელებმა ის საზღვარზე დააკავეს და განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მან მიიღო, გაურკვეველ მიზეზზე მიუთითებდა.
“2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში”, – წერს ჟირარდო.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის ჩართულობისა, ასევე სახალხო დამცველის მიერ ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიციისა, რომელმაც მისი უფლებების უხეში დარღვევა აღნიშნა, ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. მისი პირველი საჩივარი სასამართლომ არ მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 23 ივნისისთვის არის ჩანიშნული.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჟან კაველიემ ჟურნალისტებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა შეაფასა როგორც მიზანმიმართული შიშის დათესვის მცდელობა, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული “სადავო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციების გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი.” მან მოუწოდა მმართველ პარტიას დაიცვას პრესის თავისუფლება და ასევე, საფრანგეთსა და ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა.
ბოლო რამდენიმე წელია უკვე ათობით შემთხვევაა ცნობილი, როდესაც საქართველოში არ უშვებენ უცხოელ ადამიანებს, მათ შორის, ისეთებსაც, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. განსაკუთრებულად მკაცრად პუტინისა და ალიევის რეჟიმების კრიტიკოსებს ექცევიან.
მაგალითად, 2025 წლის 3 თებერვალს საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი. ანდრეი კურაევი მოსკოვის საპატრიარქოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია.
გასული წლის მარტში, ქვეყანაში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს რუს აქტივისტს, იგორ მიგლანს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს. ამ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე კი კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, მაქსიმ ივანცოვი გააბრუნეს უკან. ივანოვცი მაშინ ამბობდა, რომ მისი არშემოშვენა ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებასთან იყო კავშირში.
2024 წლის 23 ოქტომბერს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა დაწერა პლატფორმა X-ზე. რეი ბეისლი საქართველოში წარსულშიც ყოფილა. მათ შორის აქტიურად აშუქებდა გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.
ბოლოს ასეთი შემთხვევა 20 მარტს გახმაურდა, როცა ქვეყანაში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი ქალი, რეჯინა ეგოროვა-ასკეროვა. ჟირარდოტის მსგავსად, ისიც წლებია საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, ჰყავს საქართველოს მოქალაქე ქმარი და შვილები.
ყველა შემთხვევა ერთმანეთის მსგავსია. ადამიანებს არ უხსნიან მიზეზს, რის გამოც, მათ საზღვრიდან უკან აბრუნებენ.