ორ ქვეყანას შორის გაჭედილნი
რუსეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში მდებარე ორი სოფლის მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ორმა სახელმწიფომ ტერიტორიის საკითხი უპრობლემოდ მოაგვარა, მაგრამ, როგორც ჩანს, არავის სურს ამ ზონაში მცხოვრებ 450 ოჯახზე იყოს პასუხისმგებელი.
22 წლის რუსლან ჰასანგულიევი აზერბაიჯანში, ხაჩმაზის რაიონის სოფელ ურიანობაში ცხოვრობს. და, ამის მიუხედავად, იგი რუსეთის მოქალაქეა. მან რუსეთის ფედერაციის არმიაშიც კი იმსახურა. ამჟამად ის რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ მაჰაჭყალაში სეზონურ მუშად მუშაობს მშენებლობაზე. ამბობს, რომ მის ოჯახს არც აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება სურს, და არც რუსეთში უნდა წასვლა.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხაჩმაზის რაიონის ორი სოფელი, ხრახობა და ურიანობა, 1954 წელს მიუერთეს დაღესტანს. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება დაღესტნისათვის საძოვრების გამოყოფის შესახებ და ზემოაღნიშნული ტერიტორიები ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას 20-წლიანი ვადით ჩააბარა. მოგვიანებით ეს ვადა კიდევ 20 წლით გაახანგრძლივეს და, მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებით გათვალისწინებული პერიოდი 1994 წელს ამოიწურა, “დროებით ნათხოვარი” სოფლები 2010 წლამდე დაღესტნის შემადგენლობაში რჩებოდა.
1991 წელს რუსეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცა და მათ შორის არსებული საზღვრები უბრალო ფორმალობად აღარ განიხილება.
2010 წელს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ. ანკლავების სტატუსი გაუქმდა და ხრახობა და ურიანობა აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ხელისუფლებამ ამ სოფლების მოსახლეობას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება შესთავაზა – იმისთვის, რომ ამ რეგიონში ცხოვრების უფლება მომავალშიც ჰქონოდათ.
ეს წინადადება ურიანობელების მხოლოდ ნაწილმა მიიღო. ყველა ხრახობელმა რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნება მოისურვა.
რუსლან ჰასანგულიევი ამბობს, რომ 2011 წელს ის და მისი ის თანასოფლელები, რომლებმაც აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ მიიღეს, ქვეყნიდან გაასახლეს: “მთელი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდით. ჩვენი ოჯახი, ქონება… ყველაფერი აზერბაიჯანში დარჩა.”
ახლა მას, მიგრაციის კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ სამი თვით შეუძლია მშობლიურ სოფელში ჩასვლა. სამი თვის შემდეგ იგი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს.
სოფელი ურიანობა რაიონული ცენტრიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. ამ სოფელში არ არის სკოლა, სამედიცინო პუნქტი და მაღაზიები. სოფლისკენ მიმავალი გზა სავავალო მდგომარეობაშია. ამას გარდა, სოფელს არც გაზი აქვს, და არც წყალგაყვანილობა. ბავშვები ხაჩმაზში სწავლობენ, მოზრდილები კი იმავე ქალაქში, რაიონულ ცენტრში მუშაობენ. ურიანობელები სხვადასხვა საქონელსაც იქვე ყიდულობენ. სოფელში ნებისმიერი მშენებლობა იკრძალება, ამიტომ ურიანობელების ის ნაწილი, რომელმაც აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო, საცხოვრებლად რაიონულ ცენტრში გადავიდა.
ჰასანგულიევსაც სურს, სამუდამოდ დატოვოს როგორც სოფელი, ისე ქვეყანა, მაგრამ გამგზავრების წინ საკუთარ სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვისათვის სათანადო დოკუმენტების გაფორმება არ შეუძლია.
ურიანობასგან განსხვავებით, ხრახობას მოსახლეობამ აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ მიიღო და მათი უმრავლესობა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სახლებისა და მიწების საკომპენსაციო თანხები გადაიხადა. და, ურიანობასგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, თითქმის გაუკაცრიელებულ ხრახობაში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა – გზებზე ასფალტი დააგეს, მთელი სოფელი გაზიფიცირდა, ახალი, თანამედროვე სკოლა და 30 სახლი ააშენეს.
2013 წლის 22 ნოემბერს, პრეზიდენტის განკარგულებით, სოფელ ხრახობას სახელი გამოეცვალადა ფალიდლი ეწოდა. აქ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 30 ოჯახი ჩამოასახლეს, რომელთა უმრავლესობამაც მოგვიანებით სოფელი დატოვა – უმუშევრობის გამო. მხოლოდ 5-6 კომლი დარჩა – მასწავლებლების ოჯახები, რომელთა წევრებიც ხრახობა-ფალიდლის ახალ სკოლაში ასწავლიან. ამ სასწავლებელში მეზობელი სოფლებში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ. მათ სკოლის ავტობუსი ემსახურებათ.
ხრახობელები, რომლებიც ძირითადად, მჰაჩყალაში გადავიდნენ, მზრუნველობას ვერც რუსული ხელისუფლებისგან გრძნობდნენ. “პრობლემები გვაქვს სამუშაოსთან დაკავშირებით. ძალიან გვიჭირს”, – ამბობს ზამირ ასლალიევი, რომელიც ამჟამად მაჰაჭყალაში ცხოვრობს. ურიანობუში ნათესავის ქორწილის გამო ჩამოვიდა.
სხვა მოსახლეებიც უჩივიან მკაცრ ზომებს, რაც ხელისუფლებამ დააწესა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებად დარჩენა გადაწყვიტეს. მაგალითად, მათი თქმით, ბავშვებს სკოლაში არ უშვებდნენ და სოფლის მოსახლეებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით სახლების გაყიდვაში უშლიდნენ ხელს. ის ადამიანები, რომლებსაც აზერბაიჯანში ნათესავები დარჩათ, ჩივიან, რომ მათი მონახულების საშუალება არ აქვთ, რადგან ამ სოფლების ყოფილ მცხოვრებებს აზერბაიჯანში არ უშვებენ.
რაიონის ოფიციალურმა პირებმა ამ ყველაფრის კომენტირებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აღნიშნა, რომ ამ სოფლის აზერბაიჯანის შემადგენლობაში გადასვლამ ხრახობელების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
“მათ კენჭისყრა ჩაატარეს და განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში სურდათ დარჩენა. ისინი კონკრეტულ სეპარატისტულ ქმედებებს მიმართავდნენ და სოფელში რუსულ დროშებს ფენდნენ. სწორედ ამიტომ მოუწია ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღება”.
“მთავრობის ქმედებებში არაფერია უკანონო. ყველა ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს იმ ქვეყნის კანონებს, რომელშიც ის ცხოვრებს. ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სავსებით მისაღებია, რომ სოფლის მოსახლეობას სამი ვარიანტი შესთავაზეს – მათ ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიეღოთ, ან ქვეყნის მიგრაციის კანონის დაცვით უნდა ეცხოვრათ, ან იმ ქვეყანაში უნდა წასულიყვნენ, რომლის მოქალაქეებიც არიან,” – ამბობს იურისტი ალი ჰუსეინოვი.
ხრახობის ყოფილი მოსახლე, ლოგმან მაკსიმოვი ხაჩმასში (რაიონული ცენტრი) მდებარე ერთ-ერთ კაფეში მუშაობს. მისი ოჯახის ყველა წევრი აზერბაიჯანის მოქალაქეა და თავად ლოგმანიც აზერბაიჯანული პასპორტის მიღებას აპირებს.
“მე და ჩემი თანასოფლები ერთად ვთესავდით, ერთად ვიღებდით მოსავალს, ერთად ვყიდდით და შემოსავალს ვიყოფდით. სახლებსაც კი ერთად ვაშენებდით. ერთი აგურებს ჭრიდა, მეორეს კედლები ამოჰყავდა, სხვები კი კარ-ფანჯარას ამზადებდნენ. და ეს ყველაფერი უფასოდ კეთდებოდა. ჩემი სახლიც ასე აშენდა”, – ამბობს იგი.
ხრახობის ყოფილი მოსახლე, ზამირ ასლალიევი: “სახლის გაყიდვა არ მინდოდა. მე თვითონ ავაშენე ორსართულიანი სახლი, რომელშიც ყველა დეტალი იყო გათვალისწინებული. იმ სახლის ყველა კარი და ფანჯარა მუხისგან იყო დამზადებული. მაგრამ სოფელში დარჩენის უფლებას იმ შემთხვევაშიც კი არ მოგვცემდნენ, თუკი აზერბაიჯანის პასპორტებს მივიღებდით. მაშ რისთვისღა უნდა მიგვეღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა?” – კითხულობს იგი.
მაჰაჭყალაში გადასვლამდე ქემედ სეიფულლაიევი(Kemed Seyfullayev) ხრახობის სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად.
“ქუჩაში ხალხს იჭერდნენ, პოლიციის სამმართველოში გადაჰყავდათ და უცხადებდნენ, რომ აქ უკანონოდ ვცხოვრობთ. ნაგმეთ ნაგმეთოვი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი სახლის გაყიდვას. უკვე ხუთი წელია, რაც აზერბაიჯანში ჩასვლა ეკრძალება; არამხოლოდ მას, არამედ სხვა ხრახობელებსაც. მაგალითად, სევდა იბრაჰიმოვას მამა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაღუპულის ქალიშვილმა კი მის დასაფლავებაზე ჩასვლა ვერ შეძლო”, – ამბობს სეიფულლაევი.
გამოქვეყნდა 09.11.2016