ოლიგარქიული გავლენები და პოლიტიზირებული სასამართლო - საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
Freedom House-ის შემაჯამებელ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში 2021“) საქართველოს რეიტინგი წინა წლებთან შედარებით გაუარესდა და ქვეყანა 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.
ანგარიში 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა და ის 2020 წელს მსოფლიოში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.
Freedom House ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.
საქართველომ შესაძლებელი 100-დან 60 ქულა დააგროვა, მაშინ როცა წინა ანგარიშში 61 ქულა ჰქონდა. Freedom House-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2018 წლიდან (64 ქულა) ეტაპობრივად უარესდება.
ოლიგარქიული გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე
Freedom House-ის ანგარიშში ხაზგასმულია ოლიგარქიული გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე:
“ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული”.
____________________________________
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
____________________________________
არჩევნები
ანგარიშში საუბარია არჩევნებზეც. ფრიდომ ჰაუსის მიხედვით, საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, რომლის დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-2013 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებში გაუმჯობესების ტენდენციამ იკლო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო გარემო გააუარესა ხმების ყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და აშკარა შეცდომებმა მონაცემთა ცხრილებში.
საარჩევნო პროცესის შეფასებისას Freedom House ასევე საუბრობს კანონმდებლობის ხარვეზებზე.
ორგანიზაციაში განსაკუთრებით აღნიშნავენ ცესკოში და საუბნო საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დომინირებას.
________________________________
● “დიალოგი გაგრძელდება”: შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს შეხვდა
__________________________________
სასამართლო
საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ორგანიზაციის ანგარიშში ისევ სასამართლო რჩება:
“მიმდინარე იურიდიული რეფორმების მიუხედავად, სასამართლოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ქმედებები მთავარ პრობლემად რჩება, ისევე როგორც იურიდიულ ქმედებებთან არსებული გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა”.
კოვიდპანდემია
ორგანიზაცია ეხება კოვიდპანდემიასაც.
როგორც ფრიდომ ჰაუსი წერს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციები კორონავირუსის საფრთხის პროპორციული იყო, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ ტენდერებს პროსამთავრობო ბიზნესჯგუფები იგებდნენ.
ერთპარტიული დომინაცია
“ერთპარტიულ დომინაცია” და “ოპოზიციის განვითარების შეფერხება” – ასე აფასებს ორგანიზაცია საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ნაწილს.
“საქართველოში დინამიკური, მრავალპარტიული სისტემაა და ახალი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, მნიშვნელოვანი წინაღობების გარეშე საქმიანობენ. თუმცა, ერთპარტიული დომინაციის ტენდენცია 2000-იანი წლებიდან მოყოლებული აფერხებს მოწინააღმდეგე ჯგუფების განვითარებასა და სტაბილურობას.”
შეფერხების მაგალითად, ანგარიშის ავტორებს ქართველი ბანკირების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეები მოჰყავთ:
“2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკის დამაარსებელს და მის პარტნიორს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი, პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ გაცხადებიდან 2 კვირის თავზე. პოლიტიკურმა პარტიამ, ლელო საქართველოსთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა, თუმცა ხაზარაძის საქმის გამოძიება ოქტომბრამდე გაგრძელდა”, – წერია ანგარიშში.
________________________
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
_________________________
ბიძინა ივანიშვილი და არაფორმალური მმართველობა
Freedom House ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველი გადადგომის შემდეგ პარტიის მართვა არაფორმალურად გააგრძელა.
“მისი შემდგომი პრემიერმინისტრები და პარტიის თავმჯდომარეები მისი ნდობით აღჭურვილი პირები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ“, – წერია ანგარიშში.
_________________________
● ყოფილი პრემიერი, მოქალაქე, მილიარდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან
________________________
დისკრიმინაცია
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას, აღნიშნულია, რომ კანონი “არათანაბრად გამოიყენება”.
ანგარიშის მიხედვით, ქალები და შშმ პირები სამსახურის ძებნისას კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას, ხოლო ლგბტ თემის წევრები ხშირად არიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლნი.
ამასთან, ფრიდომ ჰაუსი წერს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ საჭირო დაცვას.
_____________________________
● Freedom House-ის ანგარიშში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი ინტერნეტის თავისუფლების კომპონენტში აჩვენა – 100-დან 76 ქულა.
● ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 2020 წელს თავისუფლების მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში კლებადი იყო.
_______________________________
● UNICEF: საქართველოში 10 ათასამდე ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს