ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
5 ივლისს, თბილისში, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ გამართულ, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ბოლო ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა 20-ზე მეტი რეპორტიორი.
ჟურნალისტებს აქვთ გატეხილი თავი, ტვინის შერყევა, დაზიანებული თვალი, ჩამსხვრეული კბილები, აქვთ არაერთი სისხლჩაქცევა სხეულზე. მათ დიდ ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
განადგურებულია არაერთი მედიასაშუალების ტექნიკა.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, აგინებდნენ, სცემდნენ და სხვადასხვა ნივთებს უშენდნენ.
ეს ყველაფერი ხდებოდა, მათ შორის, პირდაპირ ეთერშიც.
პოლიცია მოძალადეებს ვერ აკავებდა.
ერთადერთი, რასაც სამართალდამცავები ცდილობდნენ, ეს იყო მცდელობა ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ რეპორტიორები აგრესიული ჯგუფებისგან, ან, თავიანთი საპატრულო ეკიპაჟებით უსაფრთხო ადგილებზე გადაეყვანათ.
„ეს არის ღია ნადირობა მედიაზე“ – წერენ სოციალურ ქსელში.
„200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშვეთის ეკლესიასთან ჩასასვლელში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი“, – იხსენებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა.
„ოფისიდან გამოვედით და მანქანაში ვსხდებოდით, როცა მრგვალ ბაღთან დაგვესხნენ თავს სიძულვილის ჯგუფები, იძალადეს ჩვენზე და ხელი შეგვიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. სავარაუდოდ, გატეხილი მაქვს ცხვირი და დაზიანებული მაქვს კბილები“, – დაწერა სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თორნიკე მანდარიამ. მასთან ერთად, დაშავდა რადიო თავისუფლების ოპერატორი დათო ქორიძეც.
დაშავებული რეპორტიორების სია ვრცელია.
ამ სიაში არიან, თითქმის ყველა ტელევიზიის: „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „ტვ პირველის“, „რუსთავი 2-ის“, „პირველი არხის“, „იმედის“, ონლაინგამოცემების: „ნეტგაზეთის“, „ტაბულას“, On.ge-ს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები. ეს სია შესაძლოა არ იყოს სრული, რადგან ჟურნალისტებს ამ წუთებში ესხმიან თავს აქციის მონაწილეები.
ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ აგრესიული, რადიკალური ჯგუფები მათ ეძებდნენ და გამიზნულად ურტყამდნენ.
“პოლიცია კი არა, სპეცნაზი უნდა მდგარიყო აქ. რამდენი ჟურნალისტია ნაცემი. პირდაპირ ვუყურებდი ამ გავეშებულ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტებს მოსაკლავად მისდევდნენ. და ორი კინკილა პოლიცია იყო იქ.
სამწუხაროდ, ეს დღე შემორჩება ისტორიას, როგორც დღე, როცა ჩვენზე ინადირეს და როცა მთავრობა და შსს აღმოჩნდა უუნარო, დაეცვა ჟურნალისტები მაშინ, როცა დილიდანვე ვიცოდით, რომ პირდაპირი შეტევა მოდიოდა ჟურნალისტებზე“, – წერს Oc Media-ს დამფუძნებელი, ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე.
ამ უმართავი სიტუაციის გამო, ტელევიზიების „მთავარი არხის“, „ფორმულას“, და „ტვ პირველის“ მედია მენეჯერებმა ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ხელისუფლება არ იცავს „თბილისი პრაიდის“ აქციაზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოებას. მათ თქვეს, რომ როგორმე მათ თავად უნდა დაიცვან საკუთარი თანამშრომლები, რადგან, სხვა გზას ვერ ხედავენ.
მოგვიანებით, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, სპეციალური ბრიფინგით, არხის ყველა გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტების სიცოცხლე არის საფრთხეში.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად უზარმაზარი საჯარო ინტერესისა, მთავარი არხის ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო“,- თქვა ნიკა გვარამიამ.
დროებით, მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო „პალიტრანიუსის“ ხელმძღვანელობამაც.
“სანამ დაძაბულობაა, არ აღდგება წესრიგი მთავარ გამზირზე, ჩვენი ჟურნალისტები განვარიდეთ მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი ჟურნალისტები არიან დაშავებულები, რამდენიმე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – აცხადებენ ტელევიზიაში.
იმ ძალადობას, რაც დღეს მედიის მისამართით ხდებოდა, არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას უსაფრთხო სამუშაო პირობები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, მედიის მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მისი უმოქმედობა კიდევ უფრო ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.
“მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა. ეს ასევე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისადმი გაკეთებული გზავნილია, რამაც შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანოს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ.
„მინდა ჩემი პატივისცემა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ დღეს. ჯანმრთელობის ფასად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა უარესი მოვლენების განვითარებას. ასევე, მათ ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს“..
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე ძიება ორი მუხლით დაიწყო: ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა (154-ე) და ძალადობა (126-ე). ამ დრომდე დაკავებული არავინაა.