მოსაზრება: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ევროპის დასასრულია?
გაზიარება
გაზიარება
12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც მიმომხილველები ამბობენ, ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის.
“ამ არჩევნების შედეგები შეარყევს მთელს ევროპას,” – წერს The Guardian-ის მიმომხილველი, მარტინ კეტლი.
რატომ ფიქრობს ის ასე?
ნატოს სამიტი და მისი პროგნოზირებადი წარუმატებლობა
წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიურეალური მოვლენა იქნება ნატოს ქვეყნების სამიტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 9 დეკემბერს, კენჭისყრამდე სამი დღით ადრე ჩატარდება.
ფინანსური ტვირთის გადანაწილება ალიანსის წევრებს შორის, სირიასა და ავღანეთში არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობები – ეს ის საკითხებია, რაც ნატოს სამიტზე განიხილება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ.
ნატო ახლა რთულ მდგომარეობაშია. კონკრეტულად კი:
• სირიაში, ალიანსის ერთ-ერთი წევრი – თურქეთი – ალიანსის მეორე წევრის – ამერიკის მოკავშირეებს ესხმის თავს;
• ავღანეთში, ნატოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ერთობლივი ოპერაცია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან;
• აშშ-ის პრეზიდენტის სიმპათიები რუსეთისადმი (რომელთან დაპირისპირების გამოც შეიქმნა ნატო) სულ უფრო და უფრო მეტ ეჭვს აჩენს.
ნატოს სამიტის მოსალოდნელი წარუმატებლობა – პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოვლინება არ არის, რომელიც ახალ-ახალ ქვეყნებსა და კონტინენტებს ითრევს. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, გამოცდის წინაშე დგას ბევრი ინსტიტუტი, რომელზეც იყო დამყარებული მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
არა მხოლოდ ნატო, გაეროც სუსტდება
როგორც ექსპერტი წერს, გაეროს დასუსტებაცაა მოსალოდნელი:
• იმსხვრევა ბრეტონ-ვუდსის შეთანხება – ხელშეკრულება გლობალური ფინანსური სისტემის მოწყობის შესახებ.
• სულ უფრო და უფრო გამომწვევად იქცევიან ისეთი რეპრესიული რეჟიმები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.
• აზია-წყნარი ოკეანეს ქვეყნები ნელ-ნელა საკუთარ თავს აღიქვამენ ახალ ძალად, რომელსაც შეუძლია იცხოვროს და იმოქმედოს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის გარეშე.
12 დეკემბრს დანიშნული დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები – ამ კრიზისის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ცენტრალური საკითხი, რომელიც ამ არჩევნებზე ირკვევა – ბრექსიტია.
ბრექსიტი – არა მხოლოდ წმინდა ბრიტანული საკითხია. საუბარია ევროკავშირის მთლიანობასა და ეფექტურობაზე, რომლის სათავეშიც იდგნენ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
ევროკავშირის ყველა მოქალაქის ცხოვრების დონე, სოციალური გარანტიები და ზრდის პერსპექტივები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებენ ისინი საერთო ღირებულებებისა და კანონების შენარჩუნებას. საქმე იმაში არ არის, ევროკავშირი კარგია თუ ცუდი, არამედ იმაში, რომ მისი არანაირი ალტერნატივა არ არსებობს.