მოსაზრება: რა პოლიტიკური მოტივები დგას აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის უკან და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა
აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. პოლიტიკურმა მიმომხილველმა ელმან ფატაჰმა და ისტორიკოსმა ჯამილ ჰასანლიმ განაცხადეს, რომ ეს ახალი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მომავალთან დაკავშირებულ სერიოზულ კითხვებს ბადებს.
შეთანხმება პეკინში გაფორმდა — მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი დაახლოებით 20 შეთანხმებას მოიცავს — მათ შორის უვიზო რეჟიმს, ენერგეტიკას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას — და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მის პოლიტიკურ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ გავლენაზე.
ელმან ფატაჰი: ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება ავტორიტარიზმის მოქნილი დიპლომატიაა

პოლიტიკური კომენტატორი და “რესპლატფორმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელმან ფატაჰი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა ჩინეთთან შეთანხმება ევროკავშირთან შედარებით უფრო სწრაფად იმიტომ გააფორმა, რომ პეკინი დემოკრატიულ მოთხოვნებს არ აყენებს.
JAMnews-სთან ინტერვიუში ფატაჰმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურება, რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის თაობაზე წამოყენებულ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული — მოთხოვნებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
“ავტორიტარულ რეჟიმებს შორის შეთანხმება გაცილებით მოქნილი და სწრაფია, რადგან მათ დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები არ უშლით ხელს. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი იდეალური პარტნიორია,“ — ამბობს ფატაჰი.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა მეორეს მხრივ, მას შეიძლება თან ახლდეს ჩინელი მიგრანტების მასობრივი ნაკადი და სოციალური უსაფრთხოების რისკები. ფატაჰის შეფასებით, ეს შესაძლოა განიხილებოდეს როგორც დათმობა, რომელიც სახელმწიფოს კი არა, ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
“ფაქტი, რომ აზერბაიჯანის რეჟიმი, რომელიც უსაფრთხოების მოტივით დახურულ საზღვრებს ინარჩუნებს, უვიზო რეჟიმს პრობლემურად არ მიიჩნევს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეთანხმება მმართველ ძალას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა სახელმწიფო ინტერესებისთვის ამას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია,“ — აცხადებს ფატაჰი.
რუსეთის როლი
ელმან ფატაჰი ასევე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება სრულად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, რაც თავის მხრივ აზერბაიჯანისთვისაც ხელსაყრელია — ქვეყანა, როგორც ექსპერტი ამბობს, ავტორიტარული საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია.
“ამ პირობითი კოალიციის ორი წამყვანი ქვეყანა — ჩინეთი და რუსეთია. შეთანხმება კიდევ უფრო გაამყარებს ალიევსა და პუტინს შორის ურთიერთობას, რადგან ჩინეთს პუტინთან მჭიდრო და მაღალ დონეზე გამართული კავშირები აქვს. თუ ალიევსა და პუტინს შორის რაიმე დაძაბულობა არსებობს, ჩინეთი იმოქმედებს ამ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ,“ — აცხადებს ფატაჰი.
ევროპისგან დისტანცირება
პოლიტიკური კომენტატორის აზრით, ჩინეთთან შეთანხმება და ევროკავშირთან თანამშრომლობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხებია. ელმან ფატაჰი ამბობს, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სურს ეკონომიკური შეთანხმება ევროკავშირთან იმავე მოდელით, როგორც ჩინეთთან — პოლიტიკური და დემოკრატიული მოთხოვნების გარეშე. მისი თქმით, ამის მაგალითია 2022 წელს ევროკავშირთან გაფორმებული გაზის შეთანხმება, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხები განხილვის საგანი არ ყოფილა — მხოლოდ ტრანზიტსა და ვაჭრობას შეეხებოდა.
“ევროკავშირი გადაიქცა გეოგრაფიულ ერთეულად ლიდერის გარეშე — მას არ შეუძლია თანმიმდევრულად დაიცვას საკუთარი პრინციპები. ალიევი მიიჩნევს, რომ ახლა მყარ პოზიციაშია, ხოლო ევროკავშირი დაინტერესებულია ურთიერთობების შენარჩუნებით,“ — აღნიშნავს ფატაჰი.
თუმცა, მისი შეფასებით, თუ ევროკავშირი გამოავლენს პოლიტიკურ ნებისყოფას, მას შეუძლია აზერბაიჯანის ეკონომიკური დამოკიდებულება — რომლის ბიუჯეტის 91% ნავთობზე მოდის, ხოლო საგარეო ვაჭრობის 70% დასავლეთის ქვეყნებზე — ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ამ გზით, ევროკავშირს შეეძლება არა მხოლოდ ჩინეთთან შეთანხმებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, არამედ რეფორმებისკენ უბიძგოს ალიევს.
ჯამილ ჰასანლი: “ჩინური უნივერსიტეტების პროპაგანდა — ეს ტრაგედიაა, გაუგებრობა და უმეცრება“

ისტორიკოსმა და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ჯამილ ჰასანლიმ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჩინეთთან შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანელი სტუდენტების არა დასავლურ ან ამერიკულ, არამედ ჩინურ უნივერსიტეტებში გაგზავნის განხილვა “მცდარი და მავნე მიდგომაა“.
“თუ ქვეყანას სჭირდება ჩინური ენის, ისტორიის, კულტურის ან წყაროების კვლევის სპეციალისტები — ამისთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება სტუდენტების ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში გაგზავნა. თუმცა სხვა დარგებში თავად ჩინელებიც კი თავიანთ შვილებს აგზავნიან ისეთ დასავლურ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, პრინსტონი, კოლუმბია, სტენფორდი, ბერკლი, იელი, ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის ეკონომიკური სკოლა, სორბონა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. და ამ ფონზე, აზერბაიჯანი თავის ახალგაზრდობას ჩინეთში აგზავნის.“
ჰასანლი აკრიტიკებს აზერბაიჯანში სტუდენტური გაცვლითი პროგრამის Erasmus+-ის შეწყვეტას და ჩინური უნივერსიტეტების აქტიურ პროპაგანდას — ამას ის “ტრაგედიად, გაუგებრობად და უმეცრებად“ აფასებს.
“მქონია მუშაობის გამოცდილება ისეთი დაწესებულებებში, როგორიცაა ლონდონის უნივერსიტეტი, ლონდონის ეკონომიკური სკოლა (LSE), ოქსფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდი, პრინსტონი და ჯორჯთაუნი — ყველა ამ უნივერსიტეტში უამრავი ჩინელი სტუდენტი სწავლობს.
2016–2017 წლებში მოწვეული პროფესორი ვიყავი შანხაის აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტში, ლექციები წამიკითხავს პეკინისა და ლანჭოუს უნივერსიტეტებშიც. მე ვიცი, როგორი ხარისხია ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩინელების მთავარი ოცნებაა, საკუთარი შვილები დასავლურ უნივერსიტეტებში გაუშვან. იმ დროს, როცა ისინი ასე აკეთებენ, აზერბაიჯანს სურს საწინააღმდეგო გზით წავიდეს — ეს სერიოზული შეცდომაა.“ — წერს ჰასანლი.
ჰასანლი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ჩინეთში განათლებას იღებდნენ ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდებიც და მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანიც სწორედ იმავე გზას ადგას.