მოლდოვამ, შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირებაზე უარი განაცხადოს
გაზიარება
გაზიარება
მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი არ გამორიცხავს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაუქმებას. ამის შესახებ მან განაცხადა თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს მოსკოვში, სადაც მოლდოვას ახალარჩეული ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
„თებერვლის დასაწყისშიბრიუსელში ვიქნები. რასაკვირველია, ამის შესახებ ევროკავშირიდან ჩვენს პარტნიორებსაც დაველაპარაკებით. მოვიხმობთ ციფრებს. გასულია ორი წელიწადი. შედეგები ჯერ არც ეკონომიკაში გვაქვს და არც სხვა სექტორებში. ასე რომ, მოდით გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ მომავალში“, – zdg.md-ს ინფორმაციით, განცხადა მან შეხვედრაზე.
დოდონს მიაჩნია, რომ ასოციაციის ხელშეკრულებამ მოლდოვას მოსალოდნელი შედეგები არ მოუტანა. „სხვათა შორის, მე არაერთხელ გამოვედი ამ ხელშეკრულების ხელმოწერის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულებას მოლდოვასთვის არავითარი პლუსები არ მოუტანია… არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (2018 წელს) … ეს ხელშეკრულება გაუქმდეს“, – დასძინა მან.
ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ბოლო დროს არცთუ საუკეთესო
ურთიერთობა იყო. „ამაზე ბოლო წლების განმავლობაში საქონელბრუნვის ორჯერ შემცირებაც მეტყველებს… თუმცა ძალიან ვიმედოვნებ, რომ პეზიდენტის რანგში რუსეთში თქვენი ეს პირველი ვიზიტი, თქვენი ეს პირველი გასვლა უცხოეთში, კარგი ბიძგი იქნება ჩენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გასავითარებლად …“ – აღნიშნა პუტინმა.
ის ასევე დაჰპირდა მოლდოველ კოლეგას, რომ თანადგომას გაუწევს მას, დაახლოებით, 50 ათასი მოლდოვას მოქალაქის რუსეთში შეშვების საქმეში, რომლებსაც ამჯერად რუსეთის ფერდერაციაში შესვლა აკრძალული აქვთ
თავის მხრივ, იგორ დოდონმა აღნიშნა, რომ აპირებს მოლდოვური პროდუქციის რუსული ბაზრისთვის მიწოდების აღდგენას.
მოლდოვას სოციალისტების პარტიის ხელმძღვანელი იგორ დოდონი, რომელიც საჯაროდ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და სკეპტკურად არის განწყობილი ევროინტეგრაციის მიმართ, 2016 წლის დეკემბერში პრეზიდენტად აირჩიეს.
მოლდოვაში პრეზიდენტი, ძირითადად, წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, საგარეო პოლიტიკა კი ქვეყნის ხელისუფლების კომპეტენციაში შედის.
ევროკავშირთან ასოცირები ხელშეკრულებას მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ (პოლიტიკური ნაწილი) 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს ხელი. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის მეზობლების მხრიდან ასოციაციისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფერდერაციისთვის საფრთხედ აღიქმება.
2013 წელს უკრაინის მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა კიევში მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი გახდა, რაც მოგვიანებით სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა და ხელისუფლების შეცვლით დასრულდა.