მოხუცები მიკროავტობუსითაც კი ვერ სეირნობენ
ორშაბათი
ედუარდ ჟამაკოჩიანი 7 საათზე იღვიძებს. ასეთი ჩვევა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, პენსიაზეა. მისი მეუღლე ანაიტი უკვე ფეხზეა. გიუმრიში ცხოვრობენ ტრადიციული ოჯახები, სადაც ოჯახის უფროსის პატივისცემა კანონია. ამიტომ, ანაიტი უკვე სამზარეულოშია და ყავას ადუღებს ქმრისთვის, მეუღლე კი ელოდება. რვის ნახევარზე ედუარდი უკვე შემოსასვლელშია, სადაც მისი ინსტრუმენტების ყუთი დევს, ყუთზე კი მისი ნახელავი – მოწკარუნე ჭიქები. ედუარდი 70 წლისაა. ის ერთადერთია გიუმრიში, ვინც ასეთ ჭურჭელს ამზადებს.
“აი, იწყებ სმას და ასეთი ხმა გესმის.. ჩვენ ასეთ ჭიქას “კლკანს” ვუწოდებთ, რადგან ზუსტად ასეთ ხმას გამოსცემს,” – ამბობს ოსტატი.
ვიდეო: ოსტატი სვამს
“კლკლანის” ჭიქები გიუმრის სიმბოლოა. ეს ჭურჭელი სპილენძით, ლატუნით, ვერცხლით და ზოგჯერ ოქროთი მზადდება. დამზადების საიდუმლო მხოლოდ ოსტატმა იცის.
ჟამაკოჩიანები, რომლებიც, ძირითადად, სპილენძის გადამუშავებით იყვნენ დაკავებულნი, ქალაქ არზრუმიდან ალექსანდროპოლში გაიქცნენ და იქვე დასახლდნენ 1895 წელს. მაშინ სწორედ ეს სახელი ერქვა გიუმრის. ძმებმა, მილიტოსმა და ვაანმა მალევე გახსნეს ამ ქალაქში საკუთარი მაღაზიები, სადაც სპილენძისგან დამზადებულ საკუთარ ნაკეთობებს ყიდდნენ. 1906 წელს კი ედუარდის მამა, სურენი დაიბადა, რომელმაც წინაპრების ხელობა თავის შვილს შეასწავლა.
გიუმრიში პოპულარულია გამოთქმა “კარგი ოსტატი მხოლოდ შუადღემდეა მშიერი. შუადღისას სამუშაო დასრულებულია და მუშტარიც ფასს იხდის,” – ამბობს ედუარდი. მუშტრები კი ძალიან განსხვავებული ჰყავს – მუშებით დაწყებული, მილიონერებით დასრულებული. თითბრის ჭიქა 10-13 ათასი დრამი (20-25 დოლარი) ღირს. ძვირფასი ლითონით დამზადებული ნაკეთობების ფასს ოსტატი არ ამხელს და, პასუხად, მხოლოდ ეშმაკურად ჭუტავს თვალს.
ედუარდი მთელი ცხოვრება მუშად მუშაობდა. 20 წელიწადს მაცივრების კომპრესორების ქარხანაში, 7 – ტექსტილის კომბინატში, ორი – სართავ კომბინატში, ერთი წელიც მშენებლობაზე. მის სტაჟს სამი წელიც მიემატა, რადგან ახალგაზრდობაში საბჭოთა ჯარში მსახურობდა. თუმცა, პენსია მაინც უმნიშვნელოა. ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო მოწკარუნე ჭიქებია.
ვიდრე ედუარდი მუშაობს, ანაიტი სახლის დალაგებითაა დაკავებული. საგულდაგულოდ, სრულყოფილებამდე მისული მოძრაობებით აწესრიგებს საცხოვრებელს. ტრადიციულ გიუმრიში სხვაგვარად არ შეიძლება – ან იცავ აქაურ წესებს, ან სხვაგან გადადიხარ საცხოვრებლად. დალაგების შემდეგ ანაიტი ბაზარში წავა, რომელიც სახლიდან არც ისე შორს, 15 წუთის სავალზეა.
პროდუქტებიდან მთავარი ხორცია. თუკი ხორცი არ იქნა, ედუარდი და მისი ვაჟი საჭმელს არ შეჭამენ. ოჯახის ყველა წევრის უსაყვარლესი კერძია ტოლმა. ჭიქების ოსტატსა და მის ვაჟს თევზიც უყვართ. ზოგჯერ მამა-შვილი სათევზაოდ მიდის ხოლმე და ასეთ დღეებში ოჯახი სადილად თევზს შეექცევა.
პენსიონერები მარტონი არ არიან. ესეც ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც გიუმრის ყველა მცხოვრები იცავს: მშობლები უმცროს ვაჟთან ცხოვრობენ. ალტერნატივა არ არსებობს, რადგან სხვა შემთხვევაში ჩნდება კითხვა: “რატომ არ ცხოვრობთ ერთად? რაიმე პრობლემა გაქვთ?” ვაანს აზრადაც არ მოსდის ცალკე ცხოვრება. მათი საცხოვრებელი დიდი არ არის, მაგრამ ადგილი ყველას ყოფნის; თანაც მამა-შვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ერთი სიტყვით, გაუმართლათ!
სამშაბათი
11 საათისთვის ცოლ-ქმარი ბანკში წასასვლელად მოემზადა. დღეს პენსია უნდა მიიღონ. როგორც წესი, ანაიტი მარტო მიდის ხოლმე. თუმცა, დღეს ასაღებია ახალი პლასტიკური ბარათი, რომელსაც ედუარდის ხელმოწერის გარეშე არ გასცემენ. “პენსიით ცხოვრება შეუძლებელია, გასვენებასაც კი არ ეყოფა ის ფული, რასაც ვიღებთ. მე 39 ათას დრამს (80 დოლარი) ვიღებ, ჩემი ცოლი კი – 48 ათასს (100 დოლარი). შვილი რომ არ გვეხმარებოდეს და ჩემი ხელობით რომ არ ვშოულობდე მცირეოდენ ფულს, სრულ სიღატაკეში ვიცხოვრებდით.
საბჭოთა კავშირის დროს ადამიანი მუშაობდა, იღებდა პენსიას, ცხოვრობდა შვილებთან ერთად, უფასოდ მკურნალობდა, ტრანსპორტით მგზავრობისას კი შეღავათებით სარგებლობდა. დღეს მიკროავტობუსით უფასოდ ნამდვილად ვერ ისეირნებ.
ოთხშაბათი
დილით ანაიტი აფთიაქში იყო, ედუარდი კი ინსტრუმენტების ყუთთან ფუსფუსებდა. “დაახლოებით 24 ათასი დრამი (დაახლოებით 50 დოლარი) დავხარჯე უკვე, მაგრამ ჯერ წამლების ნახევარიც არ მიყიდია, – გვიყვება ანაიტი, – ერთ თვეში 100 დოლარამდე მეხარჯება ხოლმე მედიკამენტებზე.” 100 დოლარი პენსიის ნახევარია.
სულ რაღაც ექვსი წლის წინათ კი ეს წამლები საერთოდ არ სჭირდებოდა! 2009 წელი კარგი გამოდგა ოჯახისთვის. ბევრი შეკვეთა იყო და მოსალოდნელი უბედურების ნიშანსაც ვერ ხედავდნენ. თუმცა, ედუარდი სულ უფრო ხშირად უჩიოდა საერთო სისუსტეს და წნევაც მაღალზე უწევდა. პოლიკლინიკაში ექიმმა გასინჯა, უთხრა, რომ არაფერი სჭირდა საგანგაშო და უკან გაისტუმრა. 6 დღის შემდეგ ედუარდი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიკლინიკაში აღარ დადიან; როდესაც ექიმია საჭირო, ფასიან კლინიკებს აკითხავენ. საავადმყოფოში მკურნალობაზე ვერც კი იოცნებებენ. “ჩვენმა ნათესავმა ოპერაცია გაიკეთა, რომელიც ოჯახს 370 ათასი დრამი (750 დოლარზე მეტი) დაუჯდა, და ეს მხოლოდ ოპერაციის ხარჯია. ბევრი პენსიონერი კი უბრალოდ სახლში იღუპება, რადგან ასეთი მწირი შემოსავლის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია.”
მოხუცი ადამიანებს შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ ექიმის კონსულტაცია პოლიკლინიკებში, მათთვის ოპერაციებიც უფასოა, თუმცა – მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, აპენდიციტის შეტევა.
არც 2011 წელს ეტყობოდა, რომ რაიმე ცუდი უნდა მომხდარიყო, თუმცა ანაიტი ცუდად გახდა. ექიმებმა შაქრიანი დიაბეტი აღმოუჩინეს.
ედუარდს მიაჩნია, რომ ოჯახში ყველა ავადმყოფობის მიზეზი ნერვიულობაა. მათი უფროსი შვილი, უკვე 20 წელია, როსტოვში ცხოვრობს, სადაც დაქორწინდა კიდეც. მშობლები ვერ ეგუებიან, რომ მათი ვაჟი ასე შორსაა.
ხუთშაბათი
დღეს ედუარდს მუშტრები ესტუმრნენ, იტალიელი პენსიონერები. “იცი, რა არის ცუდი? – თქვა მან, როდესაც კლიენტები წავიდნენ, – ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პენსიაზე გადიხარ, საზოგადოებისგან გარიყული ხდები. საზღვარგარეთ კი სხვანაირადაა ყველაფერი. ეს იტალიელები დიდხანს მიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე. მათთვის საპენსიო ასაკში ცხოვრება ძალიან საინტერესოა.”
პარასკევი
“ახალგაზრდობაში ვაანს არ სურდა ჩემი საქმის გაგრძელება,” – გვიამბობს ოსტატი ედუარდი, – იმასაც კი ვფიქრობდი, ვინმე უცხო ადამიანი ამეყვანა შეგირდად. თუმცა, მაინც მინდოდა, რომ “მოწკრიალე” ჭიქის დამზადების საიდუმლო ჩვენს ოჯახში დარჩენილიყო. ბოლოს ჩემი ვაჟი გონს მოეგო; მიხვდა, რომ ხელობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ხელობით გაგვაქვს დღეს თავი.
ვაანი და მისი მეუღლე სამსახურებიდან შინ დაბრუნდნენ; მათ ოთხი წლის ვაჟს, ედუარდისა და ანაიტის ნებიერასაც გაეღვიძა. ოჯახმა სასტუმრო ოთახში მოიყარა თავი. “მოხუცებულობისას მარტო ცხოვრება ალბათ სიკვდილზე უარესია, – თქვა პაპამ, – რა კარგია, როცა შვილები და შვილიშილები გყავს.”
და უცებ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ყველას თავისი ბედნიერება აქვს – შეიძლება მაინც ბედნიერი იყო, თუ არ მოგზაურობ და, კანადელი პენსიონერებივით, სპორტით, ან უცხო ენების შესწავლით არ ხარ დაკავებული.