საქართველოში ბოლო ექვს თვეში მიღებული ხუთი კანონი, რომელიც მედიის საქმიანობას ზღუდავს
მედიის შემზღუდავი კანონები
მხოლოდ 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე, “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ხუთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოში მედიის მუშაობასა და გამოხატვის თავისუფლებას.
ეს კანონები ფაქტობრივად, კრძალავს უცხოური დაფინანსებით მოქმედი მედიასაშუალებების საქმიანობას, აძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს მედიაზე და შესაძლებელს ხდის ჟურნალისტების დასჯას კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო.
- ევროპარლამენტი: კურსის შეცვლამდე საქართველო EU-ს წევრი ვერ გახდება
- “მოვითხოვთ სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას” – ევროკავშირის წერილი
- კომენტარი: FARA-ს კანონი ოცნებას გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების გასანადგურებლად აქვს იარაღად ხელში
პირველი პრეცენდენტები, ამ კანონების თუ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, უკვე დაფიქსირდა. მაგალითად, ერთმა მედიამ ვერ მიიღო კონკურსის წესით მოპოვებული საგრანტო დაფინანსება; სასამართლოში დაიბარეს და დააჯარიმეს ჟურნალისტები სოციალურ ქსელში გამოქვყნებული კრიტიკული პოსტების გამო; კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს ოპოზიციურ მაუწყებლებს, რადგან “ოცნებას” ეთერში გაჟღერებული ზოგიერთი სიტყვა არ მოეწონა.
ამ სტატიაში მოგიყვებით რა ახალი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო “ქართულმა ოცნებამ” და როგორ ზღუდავს ისინი დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA)
“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), რომელსაც “ქართული ოცნება” ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს ეძახის და ამბობს, რომ ამერიკულის სიტყვა-სიტყვით თარგმანია, “ქართული ოცნების” პარლამენტმა 2025 წლის 19 თებერვალს დააინიციირა და სადღაც თვე ნახევარში (არც კი), 1-ელ აპრილს, ბოლო, მესამე მოსმენით მიიღო.
თუმცა, განსხვავებით ამერიკული ანალოგისგან, რომლის სამიზნე ლობისტური ორგანიზაციები არიან, ქართული FARA პირდაპირ ეხება მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს.
ე.წ. ქართული FARA მედიასაშუალებებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში (ეს რეესტრი უკვე შექმნა იუსტიციის სამინისტრომ), როგორც “უცხოური ძალის (პრინციპალის) აგენტები.
თუ ორგანიზაცია რეესტრში არ დარეგისტრირდება, მას დაეკისრება ფინანსური ჯარიმა ათი ათასი ლარი. შემდეგ ყოველ თვე, ის ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა 20 ათასი ლარი ფინანსური დეკლარაციის არ წარდგენის გამო (ამ დეკლარაციის წარდგენას ორგანიზაციას რეგისტრაცია ავალდებულებს). ამავე დროს, 5 ათასი ლარით დააჯარიმებენ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს, თანამშრომელს, რომელსაც კანონის აღმასრულებელი ორგანო სპეციალური მონიტორინგის ფარგლებში რაიმე ტიპის ინფორმაციას მოსთხოვს და ეს პირი არ წარუდგენს.
🟥 კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც – ორგანიზაციის დაურეგისტრირებლობის გამო ხელმძღვანელებს (დირექტორებს, ბორდის/გამგეობის წევრებს) ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიები თვითდაფინანსებით ვერ არსებობენ, ასეთი მედია უბრალოდ არ არსებობს, ყველა მათგანი საერთაშორისო საგრანტო დაფინანსებაზეა დამოუკიდებელი. ქართული FARA ნიშნავს, რომ ასეთი მედიები, უბრალოდ, არსებობას შეწყვეტენ.
ქართული FARA მიღებიდან 60 დღეში, ანუ, 1-ელ ივნისს ამოქმედდა.
FARA “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წელს, მასშტაბური პროტესტის გამო ჯერ უკან გაიხმო და მომდევნო წელს მაინც დაამტიკიცა რუსული კანონი აგენტების შესახებ. თუმცა, კანონმა ვერ იმუშავა – არცერთი დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირდა.
ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში”
1-ელ აპრილს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კიდევ ერთ საკანონმდებლო პაკეტს – ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში”. ამ ცვლილებებმა უცხოური დაფინანსების მიღება უკვე მაუწყებლებს აუკრძალა.
არამხოლოდ საგრანტო დაფინანსება, აიკრძალა “უცხოური ძალის” მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვაც, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება თუ თანადაფინანსება. აიკრძალა უცხოური დაფინანსების მიღება სოციალური რეკლამის სანაცვლოდაც.
ნაკლებად განვითარებული სარეკლამო ბიზნესის, ხელისუფლების წნეხის და სხვა მიზეზების გამო, წლებია, კრიტიკული არხები რეკლამის ნაკლებობას უჩივიან. მონაცემები აჩვენებს, რომ სარეკლამო წილი სულ უფრო მცირდება კრიტიკულ არხებზე და იზრდება სახელისუფლებო მაუწყებლებში. ამიტომ, ეს ცვლილებები მაუწყებლებს დიდ ზიანს უქადის.
🟥 ცვლილებებმა მედიაში ცენზურის საფრთხეებიც გააჩინა, რადგან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის უფლება მიეცა – ის საკითხები რაც ადრე თვითრეგულირებაში იყო, რეგულირების სფეროში გადავიდა.
მაგალითად, კომუნიკაციების კომისიას მიეცა უფლება იმსჯელოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, მასალაში გამოყენებული ფაქტების სიზუსტე, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, მხარის პასუხის უფლება და ა.შ.
ზუსტად ორ თვეში, კანონის ამოქმედებისთანავე, “ქართულმა ოცნებამ” სამ კრიტიკულ არხს: “TV პირველს”, „ფორმულასა“ და „მთავარ არხს” კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სიუჟეტებში, გადაცემებსა და სოცმედიაში გამოქვეყნებულ ქარდებზე ისეთი სიტყვების გამოყენების გამო, ეოგორიცაა: “რეჟიმის პატიმრები“, „რეჟიმის სასამართლო“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტი“ და ა.შ. “ოცნება” ჩიოდა ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიების გამოც. აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” იურისტი დაჯდა, მრავალსაათიან ეთერებს უსმინა, სიტყვები ამოშიფრა და კომუნიკაციების კომისიაში მრავალგვერდიანი საჩივრები გააგზავნა “ოცნებისთვის” მიუღებელი სიტყვების ჩამონათვალით.
კომუნიკაციების კომისიას უფლება ჰქონდა ამ საჩივრების საფუძველზე მაუწყებლები ფინანსურად დაესანქცირებინა. ტელევიზიები ამას ელოდნენ კიდეც. საქმეზე გადაწყვეტილება კომისიამ 3 ივლისს გამოაქვეყნა – ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო, მაგრამ არ დაუსანქცირებია.
ცენზურის მსუსხავი ეფექტი – ასე აღიქვეს ეს საჩივრები მაუწყებლებმა.
ცვლილებები “გრანტების შესახებ საქართველოს კანონში”
16 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, ამჯერად, “გრანტების შესახებ საქართველოს კანონში”. ეს ცვლილებები სულ რაღაც 9 დღეში მიიღეს – 7 აპრილს დააინიციირეს და 16 აპრილს უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
🟥 ცვლილებების თანახმად, საქართველოში ვერანაირი უცხოური გრანტი ვერ გაიცემა მთავრობის თანხმობის გარეშე.
ანუ, თუ რომელიმე ფონდს ან ორგანიზაციას – მაგალითად, ევროკავშირს ან გაეროს – სურს დაეხმაროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამისთვის ჯერ “ირაკლი კობახიძის”ქართული ოცნების” მთავრობისგან ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღოს.
გრანტის გაცემისთვის დონორმა ხელშეკრულების პროექტი მთავრობის წარმომადგენელს, ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარუდგონოს. სწორედ ეს ბიუროა პასუხისმგებელი ამ ცვლილებების (ისევე როგორც ქართული FARA-ს) აღსრულებაზე (ბიუროს დირექტორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს).
პროექტში ყველაფერი უნდა ეწეროს – გრანტის ოდენობა, მიზნები, ხანგრძლივობა.
ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს პროექტი სამი თვის განმავლობაში განიხილოს და თუ პასუხი ვერ მიიღო, ეს ვადა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივოს. ამის შემდეგ გადაწყვეტს, გასცემს თუ არა ამ გრანტის გაცემაზე ნებართვას.
🟥 თუ დონორი გაბედავს და გრანტს მთავრობის ნებართვის გარეშე გასცემს, მიმღები გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
პირველი დაზარალებულები უკვე ჰყავს ამ კანონსაც. 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ონლაინ გამოცემა “ტაბულა” ვეღარ მიიღებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტს, 50 ათას ფუნტს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას უნდა მოხმარებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის მთავრობამ, კანონის შესაბამისად, გრანტის მიმღებთა დაცვის მიზნით, ნებართვისთვის “ქართული ოცნების” მთავრობას მიმართა. მთავრობამ პასუხის გაცემა ისე გააჭიანურა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.
ცვლილებები "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში"
18 ივნისს დააინიციირა და 26 ივნისს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონშიც.
ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს.
გარდა ამისა, შეიცვალა მტკიცების ტვირთიც – თუ აქამდე მომჩივანს უნდა ემტკიცებინა, რომ მას ცილი დასწამეს, ახლა ახლა განმცხადებელმა უნდა ამტკიცოს, რომ რაც თქვა ჭეშმარიტებაა.
ასევე, თუ მაგალითად სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება საკმარისად არ ანაზღაურებს ზიანს, მოპასუხეს მორალური ან ქონებრივი ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრება.
🟥 ყველაზე საშიში ამ ცვლილებებში წყაროს გამხელის მოთხოვნაა – დაცვის მექანიზმები გაუქმდა. ამიერიდან, მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, – შესაძლოა, მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი გახდეს;
კანონით დაწესდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივად რეგულირება თუეს ეხება „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას”. ამ დრომდე შეიძლებოდა კანონითდარეგულირებულიყო მხოლოდ “ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“.
პრაქტიკაში ეს ცვლილებებიც მალევე ამოქმედდა.
2025 წლის 12 ივნისს, სოციალურ ქსელში, “პოლიტიკოსების “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისთვის, ექვსი ჟურნალისტი: ეკა მიშველაძე (TV პირველი), ვიკა ბუკია (TV პირველი), მიშა მშვილდაძე (TV ფორმულა), დეა მამისეიშვილი (მთავარი არხი), ვახო სანაია (TV ფორმულა) და ნანუკა ჟორჟოლიანი (TV პირველი), თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. ჟურნალისტებს ედავებოდნენ “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას – ისეთი სიტყვების დაწერას მათ შესახებ, როგორიცაა – მონა, ნაძირალა და ა.შ.
ექვსივე ჟურნალისტი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და ზოგს სამი, ზოგს კი ოთხი ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში
ასევე 18 ივნისს დაინიციირდა და 26 ივნისს მიიღეს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის.
🟥 ეს ცვლილებები სასამართლო პროცესების გაშუქებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რადგან იზღუდება ფოტო-ვიდეო გადაღება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, პროცესებზე, ასევე ეზოსა და დერეფნებში.
სასამართლო პროცესები დახურული ერთხელ უკვე იყო, წინა ხელისუფლების დროს. ეს წესი 2013 წელს თავად “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა – მან პროცესები ნაწილობრივ გახსნა. მაშინდელი ცვლილებებით, ღია სასამართლო პროცესის შეუზღუდავად გადაღებისა და ტრანსლირების უფლება ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს, ის ვალდებული იყო პროცესის ჩანაწერი სხვა მაუწყებლებისათვის გაეზიარებინა. ხოლო თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესს არ აშუქებდა, მაშინ ამის გაკეთება სხვა ტელევიზიას შეეძლო, ოღონდ, ამის შესახებ სასამართლოსთვის წინასწარ უნდა ეთხოვა ნებართვა.
ეს ცვლილებები სასამართლომ მიიღო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია, ციხეშია ყველა ოპოზიციონერი ლიდერი და ამ პროცესებზე მაღალი საჯარო ინტერესია. ამ საქმეების გაშუქებისას საჯაროდ გამოაშკარავდა, რამდენად აბსურდულია აქტივისტების ბრალი, როგორ ტყუიან მოწმე პოლიციელები.
ცვლილება 30 ივნისიდან ამოქმედდა. ამიერიდან სხდომის გადასაღებად მედიამ ნებართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უნდა სთხოვოს. 30 ივნისის შემდეგ არაერთი სასმართლო პროცესი გაიმართა, თუმცა, იუსტიციის საბჭოს ამ დრომდე არცერთი პროცესის გადაღების ნებართვა არ გაუცია – სასამართლო მედიისთვის დაიხურა.
ქავერის ფოტო: ©️მედია აპრილი