მცირე ბიზნესი სამხრეთ ოსეთში სულს ღაფავს
მაღაზია ცხინვალის ცენტრში, ალან ჯიოევის ქუჩაზე, მეტად პოპულარულია. ეს სტანდარტული ერთდარბაზიანი მაღაზიაა. აქ ადგილობრივი პროდუქცია – 20%-მდეა, დანარჩენი ყველაფერი რუსეთიდან არის შემოტანილი.
ვალენტინას ერთ დროს პატარა საკარმიდამო ნაკვეთი ჰქონდა, სადაც კიტრი და ყვითელი პომიდორი მოჰყავდა. 2008 წლის ომის დროს მისი სახლი დაინგრა. შემდგომში სახლი ხელახლა ააშენეს, მაგრამ ახალმა პროექტმა ვალენტინას ნაკვეთის დიდი ნაწილი დაიკავა და ბოსტანი მხოლოდ მოგონებებშიღა შემორჩა.
ვალენტინა ყოველთვის ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. ‘დაყნოსეთ, როგორი სუნი აქვს ადგილობრივ პომიდვრებს. ყველაზე გემრიელი – სოფელ დმენისისა და ზნაურისაა. ესენი კი (ჩამოტანილებზე მიუთითებს), ვცდილობ, არ ვიყიდო. მხოლოდ შემოდგომაზე ვყიდულობ, როდესაც ადგილობრივი ბოსტნეული უკვე აღარ არის; მაგალითად, საახალწლო სუფრის გასალამაზებლად.’
ეს გავრცელებული მოსაზრებაა – ადგილობრივი მოსახლეობა თავისი პროდუქტების ყიდვას ამჯობინებს. აქაური ჩინოვნიკებიც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა სამხრეთ ოსეთში მაინც არ არის შექმნილი.
ადგილობრივი მოსახლეობა თავისი პროდუქტების ყიდვას ამჯობინებს. აქაური ჩინოვნიკებიც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა სამხრეთ ოსეთში მაინც არ არის შექმნილი.
1997-დან 2010 წლამდე მოქმედებდა კანონი მცირე მეწარმეობის შეღავათიანი დაკრედიტების შესახებ, რომელიც ითხოვდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ერთი პროცენტი მიმართულიყო მცირე ბიზნესზე. შემდეგ კანონი შეიცვალა, დაერქვა ‘კანონი მცირე მეწარმეობისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’ – და მასში უკვე ფორმულირებები წაიშალა.
სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეწარმეობის კათედრის დოცენტ აზა თიბილოვას აზრით, ამით ვადიმ ბროვცევის (მთავრობის თავმჯდომარე 2009-2011 წწ. – JAMnews) მთავრობამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სამხრეთი ოსეთის ეკონომიკას.
მისივე თქმით, 2014 წელს, პირველად 2008 წლის შემდეგ, რესპუბლიკიდან გამსვლელთა რიცხვმა შემომსვლელებისას გადააჭარბა.
‘უმუშევართა შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან, და ბევრ მათგანს სურდა საკუთარი საქმის წამოწყება. მაგრამ კრედიტისათვის ბანკი 18-24 პროცენტს ითხოვს და ეს წინასწარვე დასაღუპავად წირავს ნებისმიერ პროექტს. რენტაბელობის მაღალი დონის შემთხვევაშიც კი, ყველაფერი ბანკის პროცენტის დაფარვას მოხმარდება.’
ალანი, რამდენიმე წელია, საყოფაცხივრებო ქიმიით ვაჭერობს – ეს პროდუქცია არ ფუჭდება, საკვებისგან განსხვავებით, და შესაბამისად, წაგების რისკიც ნაკლებია. საქონელი რუსეთიდან შემოაქვს. მას გაუმართლა და 1,5 მლნ (დაახლოებით 23,000 დოლარი) სესხი აიღო 12 პროცენტად (გაუმართლა, რადგან დღეს 18 %-ზე ნაკლები არ არსებობს).
როგორც ალანი ამბობს, მისი მოგება დღეში საშუალოდ 100 ათასი რუბლი (დაახლოებით 1,500$) იქნებოდა, რომ არა საქონლის ტრანსპორტირების გადასახადი.
ფასების მკვეთრი ზრდა ალანს მაინცდამაინც არ აშფოთებს – საყოფაცხოვრებო ქიმიაზე მოთხოვნა ყოველთვის არის. დასავლურ საქონელზე რუსეთის სანქციები კი აშინებს. მისი თქმით, პრაქტიკულად, მთელი საყოფაცხოვრებო ქიმია ბაზარზე ერთ მსხვილ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც, ასევე, სანქციებში მოჰყვა. ‘ტელევიზორში თქვეს, რომ მას აკრძალავენ. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. მე, მეგალითად, ბაზარზე რუსული სარეცხი ფხვნილები არ შემხვედრია. ახლა ბელორუსული პროდუქცია გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ცოტა’.
2014 წლის ზაფხულში სახმრეთ ოსეთში საჯაროდ განაცხადეს მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ახალი პროგრამის დაწყების შესახებ. ნავარაუდევი იყო ცნობილი სქემის – 45-45-10 ამოქმედება, როდესაც მეწარმე ბიზნეს-პოექტში დებს ღირებულების 10 პროცენტს (ფულით, მიწით ან ქონებით), ხოლო ყოველი ინვესტორი და ბანკი – 45-45 პროცენტს.
თუმცა, გაურკვეველი რჩება ზოგიერთი საკითხი – რა პირობებით დებენ ბანკი და ინვესტორი 90 პროცენტს? ვინ არის საწარმოს მეპატრონე, თუ თანხის მეტი წილი ეკუთვნის რუსულ ბანკსა და ინვესტორს? და თან, საუბარია რუსეთის ბანკზე და გამოდის, რომ მეწარმე ხელშეკრულებას დებს უცხო სახელმწიფოს სტრუქტურასთან.
საქმე ისაა, რომ სინამდვილეში ამ პროგრამაში პრაქტიკულად ვერავინ მიიღებს მონაწილეობას – მეწარმეთა უმრავლესობას ეს 10% არა აქვს.
სხვადასხვა ექსპერტის შეფასებით, 2011-დან 2013 წლამდე სამხრეთ ოსეთში ინდ.მეწარმეთა რიცხვი 1173-დან 902-მდე შემცირდა. ამ 902-ში შედის მინერალური წყლის დამფასოებელი მცირე საწარმოები, პატარა მეფრინველეობის ფერმები რაიონებში; ასევე, შექმნილია თევზის მეურნეობა ძაუსის რაიონში, და არსებობს ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივა, რომლებიც დამოუკიდებლად აშენებენ პატარა ფერმებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაშენებლად იმავე ძაუსის რაიონში.
გენადი კოკოევის აზრით, სამხრეთი ოსეთისათვის ფასდაუდებელი იქნებოდა რამდენიმე ისეთი მსხვილი საწარმოს ამოქმედება, როგორიც იყო ტრიკოტაჟის საცვლების ფაბრიკა წარსულში, სადაც 2000 კაცზე მეტი მუშაობდა. ასეთი საწარმოების ირგვლივ სოციალური ინფრასტრუქტურაც იქმნება: საბავშვო ბაღები, სკოლები, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, კომუნიკაციები, ანუ ახალი სამუშაო ადგილები.
სამხრეთი ოსეთის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე მარინა ძიგოევა ამბობს, რომ ‘შეუძლებელია მხოლოდ ენთუზიაზმით, სახელმწიფოს დახმარებისა და სერიოზული ტექნიკის გარეშე, დათქმულ ვადაში მოიყვანო და აიღო მეტნაკლებად მასშტაბური მოსავალი.“
ეკონომისტი აზა თიბილოვა ამბობს, რომ მთავრობა თავად განერიდა ამ საკითხებს და არ შეუძლია ამოცანის ფორმულირებაც კი – არც თავისთვის და არც რუსი კურატორების წინაშე. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აიღეს კრემლში პასუხისმგებლობა, თავად გადაწყვიტონ, საქმიანობის რომელ სფეროზე გადაანაწილონ სამხრეთი ოსეთისათვის გამოყოფილი სახსრები.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სამმართველოში ოფიციალურ კომენტარებზე უარი განაცხადეს. მოკლედ თქვეს მხოლოდ საკრედიტო პროგრამაზე 45-45-10, თუმცა მაგალითად ამ სქემით შემოტანილი არც ერთი ბიზნეს-პროექტი არ მოუყვანიათ.